ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი იმედოვნებს, რომ უკრაინელი სამხედროებისთვის ევროკავშირის საწვრთნელი მისია თვის ბოლოს ამოქმედდება. ამის შესახებ ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„ჩვენ ერთიანნი ვართ უკრაინის მიმართ მხარდაჭერაში. ამის საუკეთესო მტკიცებულებაა, რომ დღეს ვიწყებთ სამხედრო მისიას, რომლის მიზანია, სულ მცირე 15 ათასი უკრაინელი სამხედროს მომზადება. ამ გადაწყვეტილების მიღება, მისი შეთანხმება და შესრულება რეკორდულად მოკლე დროში მოხდა. პირველად ვხედავ, რომ სამხედრო მისიის დამტკიცების ყველა პროცედურა ასე სწრაფად ჩატარდა. ვიმედოვნებ, რომ ამ თვის ბოლოსთვის ის ამუშავდება“, – განაცხადა ბორელმა.
საგარეო პოლიტიკისა და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირმა და მისმა წევრმა ქვეყნებმა უკრაინას მიაწოდეს ამ დრომდე სულ მცირე რვა მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო აღჭურვილობა. მისივე თქმით, ეს არის აშშ-ის მიერ გაწეული დახმარების დაახლოებით 45 პროცენტი.
ბორელმა ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირი გააგრძელებს რუსეთის საერთაშორისო იზოლაციას და მისი ეკონომიკის წინააღმდეგ შეზღუდვების დაწესებას. ამასთან, ევროკავშირი მზად არის, სანქციები დაუწესოს მესამე ქვეყნებსაც, რომლებიც ჩართულნი არიან უკრაინაში რუსეთის საომარ მოქმედებებში, კერძოდ, ირანის და ბელარუსის წინააღმდეგ.
ბორელის თქმით, რუსეთის პრეზიდენტს არ შეუძლია უკრაინის არმიის დამარცხება, ის უკან იხევს და ამის გამო გააქტიურა იერიში უკრაინის ენერგეტიკულ და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, რათა უკრაინელი ხალხის მეტი ტანჯვა გამოიწვიოს.
„პუტინს არ შეუძლია უკრაინის დაპყრობა, პუტინს არ შეუძლია უკრაინული არმიის დამარცხება, პუტინი უკან იხევს. რუსეთის არმია გადავიდა მდინარე დნეპრის მეორე ნაპირზე. ის ცდილობს ამ სამხედრო მარცხის უკრაინელი ხალხის ჰუმანიტარული ტანჯვის გაძლიერებით კომპენსირებას, განსაკუთრებით ახლა, როდესაც ზამთარი ახლოვდება“, -აღნიშნა ბორელმა.