“კეზერაშვილი ყოველთვის პატივს სცემდა თავის ვალდებულებებს, განსხვავებით ივანიშვილისგან” –  ფადი ასლი

November 12, 12:10
0
471

ბიზნესმენი ფადი ასლი დავით კეზერაშვილზე:

,,ბევრი თავდასხმა არის დავით კეზერაშვილზე, კეზერაშვილთან რამდენჯერმე მქონია ურთიერთობა და ის ყოველთვის პატივს სცემდა თავის ვალდებულებებს, განსხვავებით ბიძინა ივანიშვილისგან, რომელიც არასოდეს ასრულებს დანაპირებს.
გთავაზობთ 2005 წელს კეზერაშვილთან ჩემი პირველი შეხვედრის ისტორიას, როგორც ეს ჩემს წიგნშია მოთხრობილი „ცხოვრება მორიელებთან“.

-დავით კეზერაშვილი – სიტყვის კაცი-
2005 წელს ამერიკული სავაჭრო პალატის პრეზიდენტად ჩემი კვლავ არჩევის შემდეგ, მთელი ჩემი ძალისხმევა მოვანდომე იმას, რომ მთავრობას ბიზნესისადმი მიდგომა შეეცვალა.
ვარდების რევოლუციამდე მთავრობის წევრების უმეტესობასთან ვმეგობრობდი. როგორც ხდება, ბევრ მათგანს სხვა და სხვა საქმეში დავეხმარე. ბევრი ჩემს სახლში სტუმრად ყოფილა. თუმცა, ჩემი მხრიდან ბიზნესისადმი მათი აგრესიული დამოკიდებულების მიმართ ღია წინააღმდეგობიდან გამომდინარე, უმეტესობამ ჩემთან ურთიერთობა გააფუჭა.
ძალიან მცირე იყო იმ ოფიციალურ პირთა რიცხვი, ვისაც ჩემთან ერთად გამოჩენა სურდა. გია ბარამიძე და გიგი უგულავა გამონაკლისს წარმოადგენდნენ. ისინი არ ეგუებოდნენ ვეტოს ჩემს წინააღმდეგ და მეგობრული ურთიერთობები შეინარჩუნეს.
რეალურად, სამთავრობო შეხვედრების დროს ორივე აცხადებდა, რომ მე სავსებით მართებულად ვაკრიტიკებდი მთავრობას იმის გამო, რომ მან არ შეაჩერა სადამსჯელო ზომები ბიზნესის წინააღმდეგ, ვინაიდან ასეთი მიდგომა უაღრესად დიდი ზიანს აყენებდა საინვესტიციო გარემოს.
2005 წლის დეკემბრის დასაწყისში, ტელეფონზე დამირეკა პრეზიდენტის აპარატის უფროსმა და მითხრა:
– ფადი, პრეზიდენტს მობეზრდა თქვენი ყოველ დღე ტელევიზიით გამოსვლა და ფინანსური პოლიციის მკაცრი კრიტიკა. იგი გთხოვთ, შეხვდეთ ფინანსური პოლიციის უფროსს, დავით კეზერაშვილს და ეს საკითხი მასთან დაარეგულიროთ”.
ეს კარგი ამბავი იყო! წელიწად-ნახევრიანი ბრძოლისა და ღია კონფრონტაციის შემდეგ ჩვენი ძალისხმევა დაფასდა და მთავრობამ მზადყოფნა გამოაცხადა ბიზნესის მიმართ თავიანთი მიდგომის გადასახედად.
მე დავუკავშირდი ვანო ნაკაიძეს, ამერიკის სავაჭრო პალატის საბჭოს წევრს და კეზერაშვილის მეგობარს, და ვთხოვე შეხვედრა დაეგეგმა ჩვენთვის.
შეხვედრაზე 7 დეკემბრის დილის 11 საათისთვის შევთანხმდით. მე დავურეკე გიორგი ისაკაძეს და ვთხოვე ჩემთან ერთად შეხვედრაზე წამოსვლა; იმ დროს გიორგი გადამხდელთა კავშირის გენერალური მდივანი იყო. ეს უწყება წარმოადგენდა საქართველოს უდიდეს და ყველაზე გავლენიან ბიზნეს ორგანიზაციას.
ჩვენ გავემართეთ ვაკე-საბურთალოს ფინანსური პოლიციისკენ და ვეწვიეთ დავით კეზერაშვილს.
დავით კეზერაშვილი ბიზნეს-საზოგადოების რისხვა იყო და მისი რეპუტაცია ჰიტლერისას უტოლდებოდა. ბიზნესმენისთვის ფინანსური პოლიციის მიერ გამოძიების წარმოება სასიკვდილო განაჩენს უდრიდა.
როგორც იქნა, შევხვდით ამ 27 წლის კაცს – საქართველოს რისხვას! მოწესრიგებულ, პეწიანად ჩაცმულ და მოხდენილ დავით კეზერაშვილს ჭკვიანი თვალები ჰქონდა. იგი მოგვესალმა და პირდაპირ საქმეზე გადავიდა.
– ფადი – თქვა მან, – მეტი პრეს-კონფერენცია აღარ გაგვაგონო. აღარ გვინდა ტელე-ინტერვიუები, საგაზეთო სტატიები ჩვენს წინააღდეგ ან მთავრობის მისამართით გაგზავნილი წერილები, რომელთა ასლები მთელს მსოფლიოს ეგზავნება!
– მაშინ, ნუღარ ავიწროებთ ბიზნესს – ძალიან მარტივი -მოსაგვარებელია ეს საკითხი – ვთქვი მე!-
– მოდი, პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ: ჩვენ არ შევეხებით არც ერთ თქვენს წევრს,; თქვენ კი დაანებებთ თავს ჩვენს კრიტიკას!
– ეს მხოლოდ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებზე არ ვრცელდება. ეს მთლიან ბიზნეს – საზოგადოებას ეხება. შეეშვით ბიზნესის შევიწროებას და ჩვენზე ერთგულ და ლოიალურ მხარდამჭერს ვერსად იპოვით!
– კარგი, ფადი, პატიოსან სიტყვას გაძლევთ! გპირდებით, რომ სანამ მე ამ თანამდებობაზე ვარ, არც ერთ ბიზნესს არ შეევეხებით და თუ თქვენ შეიტყობთ, რომ ვინმეს ავიწროებენ, დაუყოვნებლივ დამიკავშირდით მობილურზე და პირადად მოვაგვარებ ყველაფერს!
– შევთანხმდით! – მივუგე მე.
ჩვენ ერთმანეთს ხელი ჩამოვართვით და ამ ნოტაზე დავშორდით. იმ დღიდან მოყოლებული 2006 წლის ნოემბრამდე, როდესაც კეზერაშვილმა დატოვა ფინანსური პოლიცია და საქართველოს თავდაცვის მინისტრი გახდა, მთავრობის მიერ ბიზნესის შევიწროების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. რეალურად, თანამედროვე საქართველოს ისტორიაში 2006 და 2007 წლები ბიზნესისათვის საუკეთესო იყო.
-ფადი ასლი (მორიელებთან თანაცხოვრება).”

Cesko