თბილისის მერია აკაკი წერეთლის გამზირის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება მომავალი წლის დასაწყისში იგეგმება.
დედაქალაქის მერმა დაინტერესებულ კომპანიებს სარეაბილიტაციო პროექტის ეფექტური განხორციელებისთვის გამოცხადებულ ბაზრის კვლევაში აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდა.
„ვგეგმავთ აკაკი წერეთლის გამზირის სრულ რეაბილიტაციას. სარეაბილიტაციო პროექტი ითვალისწინებს მთლიან გამზირზე საფუძვლიანი ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩატარებას. მათ შორის, პროექტის პირველ ეტაპზე, შეიცვლება ყველა ტიპის მიწისქვეშა და მიწისზედა საკომუნიკაციო ქსელი. ელექტროგადამცემი ხაზები მიწის ქვეშ განთავსდება, დამონტაჟდება ნარჩენების მიწისქვეშა ურნები, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, დამონტაჟდება განათების ბოძები, მოწესრიგდება ტროტუარები და მოეწყობა საავტობუსო ზოლები. მინდა, კომპანიებს მივმართო, მიიღეთ მონაწილეობა აღნიშნული პროექტის განხორციელებისთვის გამოცხადებულ ბაზრის კვლევაში. ძალიან მნიშვნელოვანი გამზირია და არსებული ვითარება სახარბიელო არაა. გვაქვს კონკრეტული მონაკვეთები, რომელიც ძალიან დაზიანებულია. შესაბამისად, ამ ყველაფრის მოწესრიგება, განახლება და რეაბილიტაცია მნიშვნელოვანია“, – განაცხადა თბილისის მერმა.
კახა კალაძის თქმით, რადგან მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების ერთდროულად განხორციელება დედაქალაქში გარკვეულ პრობლემებს ქმნის, თბილისის მუნიციპალიტეტი მათ ეტაპობრივად ახორციელებს.
„ცხადია, ჩვენ არ გვაქვს იმის საშუალება, რომ ასეთი მსხვილი პროექტები ერთდროულად დავიწყოთ. ყველა ასეთი მნიშვნელოვანი ქუჩის თუ გამზირის ერთდროულად ჩაკეტვა გარკვეულ პრობლემებს გამოიწვევს. შესაბამისად, გვიწევს ამ პროექტების ეტაპობრივად განხორციელება, თუმცა, ყველა მეთანხმებით ალბათ იმაში, რომ ამ გამზირების განახლება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ასე რომ, ცხადდება ბაზრის კვლევა, ჩატარდება კონკრეტულად ტენდერი, გვეყოლება გამარჯვებული კომპანია და ვფიქრობთ, რომ ახალი წლის მერე, როდესაც დღესასწაული ჩაივლის, სამუშაოების განხორციელება დავიწყოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.