ლევან რატიანი აპირებს გაასაჩივროს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რითაც ექთანმა შრომითი დავა მოიგო

October 27, 21:15
0
285

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი აცხადებს, რომ გაასაჩივრებს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რითაც ექთანმა შრომითი დავა მოიგო. “ტვ პირველთან” საუბარში რატიანი ამბობს, რომ ეგონა, “საფრთხის მომცემ მედპერსონალის” გათავისუფლებისთვის მადლობას გადაუხდიდნენ.

“მე მეგონა, მადლობას მეტყოდნენ, როცა საფრთხის მომცემ მედპერსონალს სამსახურიდან გავათავისუფლებდი. ნებისმიერ ასეთ დარღვევაში, სადაც დაარღვევს ნებისმიერი მედპერსონალი, ყველა ღონეს მოვიხმარ, რომ ასეთი ჩემს გუნდში არ იყოს. გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში აუცილებლად გასაჩივრდება და პირობას ვიძლევი, რომ ქალბატონ ნინოს მსგავსი მედპერსონალი ჩემს კლინიკას არ ეყოლება”, – განაცხადა ლევან რატიანმა.

25 ოქტომბერს “სოლიდარობის ქსელმა” გაავრცელა განცხადება შრომითი დავის მოგების შესახებ.
მათი ცნობით, ექთან ნინო ჭაკვეტაძის თქმით, სამსახურიდან მის გათავისუფლებას ლევან რატიანის მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობა უძღოდა წინ. როგორც “სოლიდარობის ქსელი” წერს, ექთანი ამბობს, რომ 2022 წლის ივნისში პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალურმა დირექტორმა ლევან რატიანმა სამსახურიდან იგი უკანონოდ და უსამართლოდ გაათავისუფლა, რადგან უკეთეს შრომის პირობებსა და გაზრდილ ხელფასს ითხოვდა.
მას შემდეგ, რაც ლევან რატიანმა დავა წააგო, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა ვალდებულია, ექთანი სამსახურში აღადგინოს და განაცდური აუნაზღაუროს.

Cesko