დაახლოებით ორი წლის წინ, 2020 წლის ივნისის ბოლოს, მთელმა საქართველომ ერთი პატარა ბიჭი, წლინახევრის ალექსი პატურაშვილი, დაიტირა. ბავშვს ღვიძლზე სიმსივნე ჰქონდა და მისი გადარჩენა ვერც ქართველმა და ვერც უცხოელმა ექიმებმა შეძლეს.
ალექსის მამა ,,რუსთავი 2″-ის ჟურნალისტი, ბექა პატურაშვილია, დედა – ნატალი ღვედაშვილი… ტრაგედიიდან ორ წელზე ცოტა მეტი გავიდა და საზოგადოებამ შეიტყო, რომ ცოლ-ქმარი ერთმანეთს დაშორებია. ოღონდ ეს ძალიან ცუდ ფონზე მოხდა. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ თავად ნატალიმ დაწერა სოციალურ ქსელში. მის წერილს დიდი და არაერთგვაროვანი გამოხმაურებები მოჰყვა, საყოველთაო განხილვის საგანი გახდა. ,,სარკე” დაუკავშირდა ბექა პატურაშვილს, მაგრამ მან ამ თემაზე საუბარი არ ისურვა. როგორ მდგომარეობაშია დღეს ნატალი ღვედაშვილი, მოიკრიბა თუ არა სასიცოცხლო ძალები და გამოჩნდა თუ არა მის ცხოვრებაში სინათლის სხივი უმძიმესი ტრაგედიის შემდეგ, ამაზე თავად გვიამბობს.
ნატალი ღვედაშვილი: “ისევ ძალიან ცუდად ვარ. აუტოიმუნური დაავადება მაქვს, რომელიც სტრესის ფონზე განვითარდა. ახლა უფრო მიჭირს, რაც ამ ყველაფრის შესახებ საჯაროდ დავწერე, მაგრამ იმდენი დამიგროვდა, აუცილებლად უნდა მეთქვა…”
– ალექსის გარდაცვალებამდე როგორი იყო თქვენი ურთიერთობა? ისიც დაიწერა, მანამდეც გაშორებულები იყვნენო…
– არა, არ ვიყავით გაშორებულები. დიდი სიყვარულით შევქმენით ოჯახი. კამათი და გაუგებრობა ყველგან არის. ბავშვი რომ ცუდად გახდა, მაშინ კი ყველა დაძაბულები და განერვიულებულები ვიყავით. როგორი ურთიერთობაც უნდა გვქონოდა, მაინც არ მართლდება, რომ შვილის ორმოცზე არ მიხვიდე.
ვემუდარებოდი, რომ ერთხელ მაინც გვესაუბრა, მაგრამ მე ამაზე პასუხსაც არ მცემდა, თავის წრეში ამბობდა, ვილაპარაკეთ და ყველაფერი გაირკვაო. ერთმა მისმა მეგობარმა მითხრა, ვუთხარი, მოვალ, გნახავო და მიპასუხა, მე სახლიდან წავედი და არ მიხვიდე, არ ნახოო. ვერ ვიგებდი, რატომ აკეთებდა ამას. ვეკითხებოდი, რა დაგიშავე, ის მაინც მითხარი-მეთქი.
– ბავშვის გარდაცვალებაში ხომ არ გადანაშაულებდათ?
– არც ეგ ვიცი. რას ფიქრობდა, ნამდვილად არ ვიცი, რადგან ჩემთვის მაგაზეც არაფერი უთქვამს. ქალი რომ წავიდეს და ასეთ უსუსურ მდგომარეობაში დატოვოს კაცი, ესეც კი არ არის გამართლებული.
– როგორც ჩანს, ბექა ძალიან გიყვარდათ.
– რა თქმა უნდა, ძალიან მიყვარდა. ძალიან ახლობელი რომაა, შენი შვილის მამაა და ყველაზე მნიშვნელოვანი არსებაა შენთვის, მისი მხარდაჭერა ასეთი დანაკარგის დროს უმნიშვნელოვანესია. მან კი ყველანაირად წამშალა თავისი ცხოვრებიდან, თითქოს არც ვარსებობდი. ეს კი ფსიქოლოგიური ძალადობის ერთ-ერთი ფორმაა, როდესაც შენი ყველაზე ახლობელი ადამიანი იგნორირებას გიკეთებს და თან შენთვის ყველაზე ჯოჯოხეთურ მომენტში.
არ ვამბობ, რომ მას არ ეტკინა და არ განიცადა, არასერიოზული ვიქნები, ეს რომ დავიჯერო, მაგრამ ეს იყო ღალატის ყველაზე მახინჯი ფორმა. ორივე ერთად დავკარგე და ჰაერში გამოკიდებული დავრჩი.
ეს იყო მართლაც რომ მენტალური მკვლელობა, მხოლოდ ფიზიკურად კი არ კლავ ადამიანს. ეს რადგან კანონით არ ისჯება, ამიტომ გადავწყვიტე, ასე დამეწერა. სხვა გზა არ დამიტოვა… ძალიან მაწვებოდა ემოციები, მაწუხებდა ეს უსამართლობა. გასაქანი არ მომცა ამ მარწუხებმა და მინდოდა, ამომეთქვა. კი არ მინდა, ხალხმა გადაუაროს და შუაზე გაგლიჯონ, მინდოდა, ახლა მაინც აეხსნა რამე. არასოდეს მოუბოდიშებია ჩემი მიტოვებისთვის, ერთი “მაპატიე” არ უთქვამს.
– თქვენ გვერდით ვინ იყო ამ მძიმე პერიოდში?
– მშობლები, ახლო ნათესავები და მეგობრები. ისინი ხედავდნენ, როგორი ჯოჯოხეთი გამოვიარე. ყველა წუთი წამება იყო ჩემთვის. მოძრაობაც კი მიჭირდა, გათიშული ვიწექი. ის რომ ჩემთან ყოფილიყო, შეიძლებოდა ასეთი წამება არ გამომევლო.
– იქნებ სხვისი სიყვარული გახდა მიზეზი?
– ამას ბევრი მეუბნება, მაგრამ სხვა ქალიც რომ ყოფილიყო, ასეთ დროს, ადამიანური მორალიდან გამომდინარე, მაინც არ უნდა მოიქცე ასე. მსგავს სიტუაციაში მტერიც კი მოვა და გვერდით დაგიდგება.
– დაწერეთ, ვუყურებდი, როგორ მიდიოდა სახლიდანო… ვისი სახლიდან წავიდა, თქვენთან ცხოვრობდა?
– ჩემმა მშობლებმა მიყიდეს და ის ჩვენი ბინა იყო… არავინ უსვამდა ხაზს, ვისი ნაყიდი იყო, ჩვენი სახლი ერქვა.
– ამ სტატუსის გამოქვეყნების შემდეგ არ შეგეხმიანენ მისი მშობლები თუ სხვა ახლობლები?
– მამა არ ჰყავს, დედა საზღვარგარეთ არის… ერთი-ორი მისი კოლეგა შემეხმიანა. სხვები კი იცავენ… ჩემი პოსტი ბევრმა საიტმა წაიღო, მაგრამ ააღებინეს. როგორც ჩანს, „ზემოდან“ დაარეკინეს, წაშალეთ ეს ამბავი, არ არის მართალიო. ვინც არ მიცნობს, დააჯერა, რომ ვერ ვარ კარგად. დაიცვან, მე არავის არაფერს ვუშავებ. უბრალოდ, ვთქვი სიმართლე.
მინდა, ყველამ გაიგოს, რომ ასეთი რამ არავინ გააკეთოს მომავალში – არც ქალმა, არც კაცმა. ასეთი სასიკვდილო ჭრილობა არავის უნდა მიაყენო. აუცილებელია, ასეთ ამბავზე ხმამაღლა ვისაუბროთ.
– რამდენად სერიოზულია თქვენი დაავადება?
– ჯერ არ ვიცი. როგორც მეუბნებიან, მთავარია, პროგრესირება არ განიცადოს. მედიკამენტებს ვიღებ და რადგან საწყისი ფორმაა, შეიძლება შედეგი დადგეს, მაგრამ, როდესაც სტრესში ვარ, უფრო მწვავდება და ვსუსტდები.
– ახალგაზრდა, ლამაზი ქალი ხართ, ცხოვრება აუცილებლად უნდა გააგრძელოთ უკეთესის მოლოდინში. უნდა წამოდგეთ და ლამაზად იცხოვროთ!
– მენტალურად ისე დავბერდი, ვეღარ ვხედავ, როგორი ვარ… ძალიან ძნელია ასეთი ტრაგედიების შემდეგ ფეხზე წამოდგომა და იმაზე ფიქრი, რომ ცხოვრება გრძელდება. ტყვიას რომ გესვრიან და დაგჭრიან, ფსიქიკაზეც ასეა – ტყვიისმაგვარ ტრავმას იღებ და მერე ძალიან ძნელია გამკლავება. ეს იყო სიკვდილი და ღალატი ერთად.
ალექსის სახელზე საქველმოქმედო ჯგუფი გავაკეთე და ამაზე გადართვა ძალიან მშველის. სულ მინდა, ვინმესთვის რამე ვაკეთო ალექსის სახელით. მანამდეც ვეხმარებოდი ადამიანებს. ფსიქოლოგიურზე ვსწავლობ, მაგისტრატურაში ჩავაბარე და რამდენადაც მყოფნის რესურსი, ვმუშაობ და ვსწავლობ. ვცდილობ, ავდგე და გადავრჩე და ეს ურთულესი ამბავია. საკუთარ თავზე ვმუშაობ, რომ ადამიანური სახე შევინარჩუნო.
იცით, როგორ მაინტერესებს, რას ფიქრობს იმაზე, რაც გამიკეთა? სხვებისგან ვიცი, რომ ამბობს, მე არაფერში ვარ დამნაშავეო და მე მაბრალებს, თითქოს მე ვაიძულე, ასე მოქცეულიყო. მეც კი არ მჯერა, რასაც ვყვები, არ მჯერა, რომ ეს ჩემი ისტორიაა.
“სარკე”