რუსეთიდან იმპორტი 73%-ით გაიზარდა, სავაჭრო ბრუნვა – 50%-ით – საქსტატი

October 19, 12:54
0
335

საქართველომ რუსეთთან სავაჭრო ბრუნვა 50%-ით გაზარდა. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, 2022 წლის ცხრა თვეში ექსპორტი 11%-ით 473 მილიონ დოლარამდე გაზარდა, ხოლო იმპორტი გაცილებით უფრო მაღალი ტემპით – 73%-ით და 1.24 მილიარდ დოლარამდე მიაღწია.

როგორც საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ჩანს, რუსეთთან სავაჭრო ბრუნვის ზრდა ნავთობპროდუქტების იმპორტის მატებით იყო განპირობებული. თუკი 2021 წლის 9 თვეში საქართველომ რუსეთიდან 96 მილიონი დოლარის ღირებულების ნავთობი შეიძინა, 2022 წელს ეს მაჩვენებელი 431 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. ქვეყანამ რუსეთიდან 435 ათასი ტონა ნავთობი შეიძინა, რითაც რუსეთმა ნავთობის იმპორტში პირველი ადგილი დაიკავა.

რუსეთიდან საქართველოში ყველაზე დიდი მოცულობით შემოვიდა:

    • ნავთობი და ნავთობპროდუქტები;
    • ხორბლის, ან ხორბალ-ჭვავის ფქვილი;
    • კოქსი და ნახევარკოქსი;
    • ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები;
    • ხორბალი და მესლინი.

რაც შეეხება ექსპორტს, საქართველომ რუსეთში გაზარდა ღვინის ექსპორტი, წელს საქართველოდან რუსეთში 109 მილიონი დოლარის ღირებულების ღვინო გავიდა, რაც წინა წელთან შედარებით 15%-ით მეტია.

რუსულ ბაზარზე საქართველომ დიდი მოცულობით გაიყიდა:

  • ყურძნის ნატურალური ღვინო;
  • ფეროშენადნობები;
  • მსუბუქი ავტომობილები (ცალი);
  • სპირტიანი სასმელები;
  • მინერალური და მტკნარი წყლები.

მკვეთრად გაიზარდა ავტომობილების რეექსპორტიც. თუკი გასულ წელს 12.4 მილიონის ღირებულების 2 ათასამდე ავტომობილი გავიდა რუსეთში, 2022 წლის 9 თვეში ექსპორტმა 45.7 მილიონს გადააჭარბა, ექსპორტირებული ავტომობილების რაოდენობა კი 3.2 ათასია.

2022 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა ჩინეთი იყო (574.8 მლნ აშშ დოლარი), მეორე პოზიცია დაიკავა აზერბაიჯანმა (488.6 მლნ აშშ დოლარი), მესამე კი რუსეთმა (473.2 მლნ აშშ დოლარი).

Cesko