უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის განცხადებით, ანგელა მერკელი გერმანიის კანცლერი რომ ყოფილიყო, რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის ომი არ იქნებოდა. ამის შესახებ მან ბერლინში ვიზიტისას განაცხადა.
ორბანი ბერლინში როგორც მერკელს, ასევე, მოქმედ კანცლერს ოლაფ შოლცს შეხვდა.
„რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ არ მოხდებოდა, გერმანიის ყოფილი კანცლერი ანგელა მერკელი ჯერ კიდევ რომ ყოფილიყო თანამდებობაზე“, – აღნიშნა ორბანმა.
ამასთან, ორბანის თქმით, 2014 წელს, როცა რუსეთმა ყირიმი მიიტაცა, მაშინაც შეიძლებოდა ომი გაჩაღებულიყო, მაგრამ გერმანიის კანცლერის ქმედებების გამო იგი თავიდან აიცილეს.
„მადლობა ანგელა“, – თქვა ორბანმა.
კითხვაზე, ეს კონტექსტი ნიშნავს თუ არა იმას, რომ ამჟამინდელი ომის თავიდან აცილებაც შესაძლებელი იქნებოდა მერკელი რომ ყოფილიყო კანცლერი, ორბანმა უპასუხა: „ალბათ“.
აღსანიშნავია, რომ ორბანი ევროკავშირის ერთ-ერთ ყველაზე პრორუს ლიდერად მიიჩნევა. ღონისძიების დროს მან მხარი დაუჭირა რუსეთთან დიპლომატიური მოლაპარაკებების გამართვას და ცეცხლის შეწყვეტას.