სამწუხაროდ აქ ეკერმანს არ აგზავნიან, რომ გოეთეზე ლექციები წაიკითხოს, აკერმანები ჩამოდიან და მასტერკლასს უტარებენ ოპოზიციას, თუ როგორ დაამხონ ხელისუფლება, – ამის შესახებ პოეტმა დავით მაღრაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, ეს არ ხდება შემთხვევით, არამედ ყველა ქვეყანას, რომელთანაც საქართველოს აქვს ურთიერთობა, აქვს თავისი ინტერესები.
„ყველა პარამეტრით, დემოკრატიული ინსტიტუციების შექმნის გზაზე საქართველო იყო ყველა პარამეტრით წინ იმ ქვეყნებთან შედარებით, ვისთან ერთადაც განიხილებოდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი. ერთ დღეში შეტრიალდა ყველაფერი. ერთ წამში შეიცვალა მანამდელი ჩვენი უპირატესობა, როცა უარი ვთქვით მეორე ფრონტზე და ჩვენს დამაქცეველ სანქციებზე. თუმცა, საქართველო ყველა საერთაშორისო დოკუმენტსაც მიუერთდა, სანქციებსაც მიუერთდა, ინიციატორიც იყო, არათუ მიუერთდა.
ნაცვლად იმისა, რომ ევროპისკენ მიმავალ გზაზე საერთო ძალისხმევა ყოფილიყო, მოხდა საპირისპირო. რამდენიმე პარტიის თავმჯდომარეებმა ჩათვალეს, რომ ქართველი ხალხის მხარდაჭერის გარეშეც მოვიდოდნენ ხელისუფლებაში. არ ვიცი ვინ დაარწმუნა. იყო აქ ჩამოსული აკერმანი, სამწუხაროდ, აქ ეკერმანს არ აგზავნიან, რომ გოეთეზე ლექციები წაიკითხოს და აკერმანი გამოაგზავნეს. აკერმანები ჩამოდიან და მასტერკლასს უტარებენ ოპოზიციას, როგორ უნდა დაამხონ ხელისუფლება. ეს არ ხდება შემთხვევით. ყველა ქვეყანას, რომელთანაც ჩვენ გვაქვს ურთიერთობა, რა თქმა უნდა აქვს თავისი ინტერესები. მარტო საქართველოს ინტერესები არ იყო ხოლმე ზედაპირზე ამოსული, სახელისუფლებო პოლიტიკას ყოველთვის აკლდა პრაგმატიზმი და ადვილად ექვემდებარებოდა ბულინგს, შანტაჟს. ახლა ხელისუფლება გათავისუფლდა, ტრენდის ტყვეობაში აღარ არის“, – აღნიშნა დავით მაღრაძემ.