„ალტ–ინფოს” დამფუძნებელი, კოკა მორგოშია რუსეთში აპირებს ცხოვრებსა და იქ ბიზნესის დაწყებას. საკითხზე ინტერვიუ მორგოშიასთან “ალიამ” ჩაწერა.
“–მართალია, რომ რუსეთის ფედერაციაში გადადიხართ?
–ბიზნესის კუთხით, ახალ ბიზნესს ვიწყებ რუსეთში, მასშტაბურს.
–რა ბიზნესი?
–სამშენებლო.
–რა ფულით?
–პარტნიორებთან ერთად ვაკეთებ ამ ბიზნესს.
–ვინ იქნებიან პარტნიორები, რუსი ბიზნესმენები?
–რუსი ბიზნესმენებიც და იქ მცხოვრები ქართველი ბიზნესმენებიც.
–ახლა მიდიხართ რუსეთში, როცა საზღვარზე ასეთი ამბავია?
–რა ამბავი?
–გამორბის ხალხი რუსეთიდან.
–ის ხალხი გამორბის, ვისაც ეშინი და არ უნდა ომში წასვლა.
–შენ არ გეშინია?
–მე არ ვარ რუსეთის მოქალაქე და არ შემეხება მობილიზაცია.
–და ისე გენდომებოდა ომში წასვლა?
–არა, არც სურვილი მაქვს ამ ომში წასვლის და ისედაც ყველას ვურჩევ მალე დასხდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან.
–რუსეთი ოკუპანტია?
–მერამდენედ უნდა მკითხო?
–555–ჯერ?
–5–იანი არ მიყვარს.
–მაშინ 4141–ჯერ?
–არა, იყოს 10–ჯერ.
–მეცხრეა – რუსეთი ოკუპანტია?
–რუსეთი ოკუპანტია, აი, მერე რა?
–წინა ინტერვიუს დროს, როცა ნაძლევი შემოგთავაზე და პირობა იყო, თუ რუსეთი წააგებდა, დატოვებდი ალტ–ინფოს, მითხარი, ამხელა ორგანიაციას და ამხელა პარტიას როგორ დავტოვებო და ახლა როგორ ტოვებ?
–რანაირი ჟურნალისტი ხარ, ბიზნესი–თქო, მხოლოდ ბიზნესის გამო მივდივარ, ისევ ისე ვრჩები დამფუძნებლად, დავაფინანსებ, პირიქით, მეტი რესურსი ექნება პარტიას, მეტი შესაძლებლობა ექნება ჩემი ახალი ფინანსებით.
–ანუ, ემიგრაციაში მიდიხარ პარტიის გამო?
–არა, ეს რა ემიგრაციაა, როცა მინდა წავალ და როცა მინდა წამოვალ. ძალით ხომ არ მივდივარ?
–თავს წირავ და მიდიხარ სამუშაოდ ოკუპანტის ქვეყანაში, რომ პარტია და „ალტ–ინფო“ არჩინო და..
–ნუ, არ ვიცი ახლა, მოსკოვში წასვლა და დიდი მასშტაბური ბიზნესის კეთება თუ გაჭირვებაა და რა გითხრა.
–საქართველოში არ კეთდება ბიზნესი?
–ამ მასშტაბის, არა.
–რა მასშტაბზე და რამდენ მილიონზეა საუბარი?
–რა მნიშვნელობა აქვს? საქართველოში არსებულ ბიზნესზე მეტია.
–საქართველოში მსხვილი სამშენებლო კომპანიების კაპიტალზე მეტი იქნება?
–კი, რასაკვირველია. 12 ოქტომბერს უკვე შეხვედრაა ჩანიშნული.
–ვისთან?
–რუსეთის მთავრობასთან.
–ახლა არ მითხრა, რომ პუტინი იქნება პარტნიორი.
–არა, პუტინი როგორ იქნება.
–რუსეთში ესე იგი, რუსეთის მთავრობის გარეშე არ კეთდება ბიზნესი?
–ეგ მათ უნდა ჰკითხო.
–რუსეთის მთავრობა, კიდევ ვინ იქნება ამ შეხვედრაზე?
–ჩვენ. მხოლოდ ჩვენ გვხვდება, მთელი ალტ–ინფო იქაა ახლა, მოსკოვში.
–რატომ გხვდებიან, როგორ ფიქრობთ?
–ჭკვიანი ხალხია და იმიტომ.
–სანაცვლოდ რა მოგთხოვეს?
–რა უნდა მოეთხოვათ?
–არ ვიცი, მაგალითად, დახმარება იმაში, რომ საქართველო რუსეთს მიუერთონ.
–საქართველოს რუსეთვის მიერთება არც განიხილება, ქვეყნის სუვერენიტეტის დარღვევაზე არცაა საუბარი, საუბარია და ეგ ღიადაცაა გაცხადებული, რომ ეს გვინდა – დეოკუპაცია და სტრატეგიული თანამშრომლობა რუსეთთან.
–კოკა, რუსეთიდან ხალხი გამორბის და თქვენ ვისთვის უნდა ააშენოთ სახლები?
–ვინ თქვა რომ გამორბის?
–არაერთმა მედიამ, ოფიციალურმა წყაროებმა დაადასტურეს.
–გამორბიან ისინი, ვისაც ომში წასვლის ეშინია.
–კარგი, გამორბიან ისინი, ვისაც ომში წასვლის ეშინია და რჩებიან ისინი, ვისაც ომში წაიყვანენ, იქედან ზოგი მოკვდება, ზოგი ტყვედ ჩაბარდება, ვისთვის ააშენებთ სახლებს?
–იმათთვის ვინც გადარჩება.
–გახსოვს, როცა გითხარი, რომ მე მტკიცედ მჯერა უკრაინის გამარჯვების და ნაძლევი შემოგთავაზე, თუ მართლაც გჯერა რუსეთის გამარჯვების, დავნაძლევდეთ–თქო, უარი მითხარი, ახლა ხომ არ გაქვს ნაძლევის სურვილი?
–ნაძლევი არ გვინდა, მაგრამ რუსეთი თუ წააგებს, კარგ საჩუქარს გიყიდი და თუ მოიგებს, არ მინდა შენი არაფერი.
–არც მე მინდა. თუ რუსეთი წააგებს, ისედაც კარგად ვიქნები და თუ რუსეთი მოიგებს, იქნებ ცოცხალიც არ ვიყო.
–რატომ? უკრაინაში აპირებ ცხოვრებას?
–არა. საქართველოში.
–და რატომ უნდა იყო ცუდად?
–იმიტომ, რომ ეს საქართველოზეც აისახება.
–როგორ?
–ყველა კუთხით.
–ხო, არ ვიცი, შეიძლება”, – აცხადებს მორგოშია.