ბავშვობიდან მღერის, მაგრამ მიაჩნდა, რომ ეს მისი ჰობი იყო. სამომავლოდ პროფესია ბიზნესის მიმართულებით აირჩია, რასაც დრო და ენერგიაც დაუთმო, თუმცა ჰობიმ თავი ისევ შეახსენა და ახლა უკვე ის მისი ერთ-ერთი და ამ ეტაპზე, მთავარი პროფესიაც არის… ცნობილი ბენდის მომღერალია და მაყურებელმა კარგა ხანია შეიყვარა.
როგორია თათა გიორგობიანი ეკრანს მიღმა, ამაზე AMBEBI.GE-ს თავად უამბობს.
– ზაფხულმა როგორ ჩაიარა?
– არაჩვეულებრივად… “ღამის შოუს” ბენდი საქართველოს ყველა რეგიონს ესტუმრა. ყველგან, სადაც ჩავედით, სრული ანშლაგი იყო. ტყიბულში კონცერტზე 17.000
ადამიანზე მეტი მოვიდა, თითქმის ამდენივე – წყალტუბოში. გვხვდებოდნენ, ფოტოების გადაღებას გვთხოვდნენ, საჩუქრები მოჰქონდათ, გვეხუტებოდნენ. სასწაული ემოციები იყო… ალბათ ამაზე დიდ საქმეს ვერაფერს გავაკეთებდით, უამრავი ადამიანი გავახარეთ, რაც მოტივაციას გვიზრდის, რომ ჩვენი საქმიანობა მეტი შემართებით და მონდომებით გავაგრძელოთ, ახალ-ახალი სიმღერები ჩავწეროთ და ამ ადამიანებს კვლავ ვესტუმროთ.
– ბენდში მუშაობა რას ნიშნავს შენთვის?
– არის მომენტები, როცა რაღაცას ავტომატურად ვაკეთებ, იმიტომ, რომ ამდენი კონცერტი, ამდენი მგზავრობა, ამდენი სცენა, განათება – რაღაც მომენტში მექანიკაში გადადის, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვერ აღვიქვამ, აქ მუშაობით რამდენად დიდ ზეიმში მიწევს ყოფნა. დღეს თუ პოპულარულები ვართ, ეს დიდი ერთობლიობის ჯამია, – ბევრი კომპონენტია, რაც ამ პროდუქტს ქმნის. იმაზეც მიფიქრია, გავა წლები და ამ მდგომარეობას მეტად დავაფასებ-მეთქი… პირველ რიგში, ძალიან კომფორტულია ის გუნდი, რომელთან ერთადაც ვმუშაობ. ძალიან მნიშვნელოვანია, სამსახურში როგორი გარემოა, რა ურთიერთობებია. მადლიერი ვარ, რომ ამ ბენდის სახით კარგი მეგობრები შევიძინე. ისევე, როგორც „ღამის შოუს“ პროდიუსერის, ზვიად ბლიაძის სახით, რომელიც ასევე ჩვენი ახლო მეგობარია… მუსიკალურადაც ძალიან გავიზარდე.
– მანამდე სად მღეროდი?
– ბენდში ვმღეროდი, თუმცა ეკრანზე გამოჩენას ვერ ვბედავდი, არაამბიციური ადამიანი ვარ. თითქოს საკუთარ თავსა და შესაძლებლობებში ეჭვი მეპარებოდა, მაგრამ გელა გნოლიძემ გამაბედვინა და ყველანაირად, საშემსრულებლო მანერითაც ძალიან დამხვეწა. რომ არ ავეყვანე, ჩემით მის ბენდში არასდროს მივიდოდი. ის ჩემი წინა ბენდის ერთ-ერთ კერძო ღონისძიებაზე სტუმრად იყო მოსული, სადაც მნახა, მომისმინა და გუნდში მიმიწვია…
– შენ და ბაბი ერთად კარგ დუეტს ქმნით…
– მე და ბაბი მეგობრები ვართ, მეოთხე წელია, ერთად ვმუშაობთ და შეუძლებელია, სხვანაირად ყოფილიყო. ორივე ტელეწამყვანები ვართ, ასევე დაკავებული ვართ სხვადასხვა რეკლამაში მონაწილეობით. ქალური სოლიდარობის მხრივაც ერთმანეთს გვერდით ვუდგავართ. ვართ თანამშრომლები და კოლეგები…