“ფაზილ ისკანდერმა მამას უთხრა: ალბათ, თქვენთვის სჯობს, თქვენს სამშობლოში დაბრუნდეთო…” – ძირძველი სოხუმელის მოგონებები აფხაზეთზე

October 3, 20:07
0
426

“ბრეხალოვკაზე” დღესაც ასეა – ყავას მიირთმევენ, სეირნობენ…” – რა უთხრა ფაზილ ისკანდერმა ქართველ მეგობარს აფხაზეთის ომის დაწყებამდე

„ჩვენი აფხაზი დეკანი საოცარ რამეს ამბობდა – ადამიანი ეროვნებას თავად ირჩევსო“

ის ძირძველი სოხუმელია, ამ ქალაქში მისი გვარის უშუალო წინაპრების ხუთი თაობა ცხოვრობდა. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ინგა გაბისონია, მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა დარგის სპეციალისტი გახლავთ. იგი იხსენებს სოხუმის ამბებს ომამდე, ომის შემდგომ… ისეთ ფაქტებსაც, რომლებიც სხვებისგან მოუსმენია.

ვინ ეწერებოდა აფხაზად?

– ჩემს კურსელს გუკასიანს ბებია აფხაზი ჰყავდა და ომის შემდგომ, ამიტომ დაეწერა აფხაზად. ასეთები საკმაოდ აღმოჩნდნენ, თუკი ვინმე ახლობელი აფხაზი ჰყავდათ, ამ ეროვნებას ირჩევდნენ. ომამდე მეც შემომთავაზეს გვარი დამეტოვებინა და ეროვნება გამომეცვალა. ეს იცით, რატომ ხდებოდა? მათ ცოტა ჰყავდათ ეროვნული კადრი და სახელისთვის სჭირდებოდათ, რომ არააფხაზი, მეტნაკლებად წარმატებული ადამიანები აფხაზები გამხდარიყვნენ. ჩემი ოჯახი აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტთან იყო დაკავშირებული – მამა, ბიძები, მეც იქ ვსწავლობდი. მამაჩემი ოთარი იყო პარტიის წევრი, მათემატიკოსი, პროფესორი, კათედრის გამგე, საზღვარგარეთაც მუშაობდა… მამაჩემს ნათქვამი აქვს, რომ უშიშროებამ თავის დროზე შესთავაზა აფხაზად ჩაწერილიყო, მაგრამ მან უარი თქვა – ჩემს წინაპრებს ვერ ვუღალატებო. ჩვენი გვარი წარმოშობით მარტვილიდანაა, იქ ნათესავები გვყავს.

ბაბუა დავით ნიკოლოზის ძე გაბისონია სოხუმში დაიბადა და გაიზარდა. ის იყო აფხაზეთის ბანკის მმართველი 35 წლის მანძილზე. მისი ხელქვეითები აფხაზები იყვნენ. ბაბუაჩემი ფინანსისტი და იურისტიც იყო, დარგის არაერთი თაობა გაზარდა. მასზე ამბობდნენ: ამ კაცმა იმდენხანს იმუშავა, საბჭოთა ფულის რამდენიმე რეფორმას მოესწროო. მაშინ ტრადიციულად, თუ სადმე უფროსი ქართველი იყო, მისი მოადგილე აფხაზი უნდა ყოფილიყო. ჩემ დროს კი პირიქით ხდებოდა: ყველგან უფროსი იყო აფხაზი, მოადგილე – ქართველი, რომელიც საქმესაც აკეთებდა, ხალხსაც იცნობდა, წავიდოდა-წამოვიდოდა და ა.შ. აფხაზები დასვენებულ რეჟიმში მუშაობდნენ… ბებია იმერელი მყავდა, ბაბუამ ბათუმიდან ჩამოიყვანა. ბებია ქართულ ენას ასწავლიდა რუსულ სკოლაში. ამ პერიოდს არ შევსწრებივარ და მიკვირდა, რადგან მე პირადად მახსოვს, რომ ძირითადად, რუსულ სკოლებში აფხაზურს ასწავლიდნენ, რომელიც საკმაოდ რთული და ჩემი აზრით, დაუხვეწავი ენაა – ბოდიშს ვუხდი ამ ნათქვამისთვის აფხაზ ერს და ენათმეცნიერებს.

მახსენდება მამაჩემის ერთ-ერთი მეგობარი, აფხაზი პროფესორი ნიაზ ფაჩულია, ქართულად ძალიან კარგად საუბრობდა, მეგრულიც იცოდა. სტუდენტობისას მის კაბინეტში მოვხვდი და კედელზე ჩამოკიდებულ სურათზე ვკითხე, ვინ არის-მეთქი? – ცნობილი ქართველი მათემატიკოსი ვლადიმერ ჭელიძეა, მისი მოწაფე ვიყავიო, – ეს ქართულად მითხრა და რუსულად დაამატა: „ძეტაჩკა, ონ მოი ვტაროი აწეც“ (ის, ჩემი მეორე მამაა). ასე მოწიწებით იხსენებდა. ამასწინათ ჩემმა კოლეგამ პროფესორმა უშანგი გოგინავამ, ფაჩულია და ჩემი კურსელი რობერტ ლასურია უკრაინაში კონფერენციაზე ნახა. უშანგიმ მითხრა, რომ ნიაზი ძალიან კარგად შეხვდა და ყველას ამბავი გამოჰკითხა. ხოლო, ლასურიამ ქართველების დანახვაზე დარბაზი დემონსტრაციულად დატოვაო. მას რა თანამდებობაც უკავია, ვიცი…

klaselebi-1664781812.jpg

ეროვნებასთან დაკავშირებით

– სოხუმში, ჩემს ბავშვობაში ეროვნებას, როგორც ასეთი, ყურადღებას არ აქცევდნენ – სოხუმელიაო ამბობდნენ და დააზუსტებდნენ – ამ უბნელია, ამ ქუჩიდანაა… მეგობრები და ნაცნობებიც, ყველანი რუსულად ვსაუბრობდით, არა იმიტომ რომ ქართულს პატივს არ ვცემდით, სხვანაირად სრულფასოვანი კომუნიკაცია ვერ მოხდებოდა. ბევრი ქართველი რუსულ სკოლას ამთავრებდა და სამსახურშიც რუსული ენის ცოდნა აუცილებელი იყო. აფხაზეთში საქმე რუსულად წარმოებდა. ვსწავლობდი სოხუმის მე-11 ქართულ სკოლაში, რომელიც სექტორებად არ იყოფოდა. ქალაქში სამი ქართული და დანარჩენი შერეული სკოლები იყო. აფხაზური ენის სირთულის გამო, მისი შესწავლის მცდელობაც არ მქონია. ჩემს ბავშვობაში დაძაბულობა ქართველებსა და აფხაზებს შორის მაინცდამაინც არ შეიმჩნეოდა. ერთი მომენტი ჩამრჩა მეხსიერებაში სკოლის ცხოვრებიდან. ეროვნულ ნიადაგზე რამდენიმე შეტაკება რომ მოხდა, ყველა ცდილობდა ეს ამბავი მიჩქმალულიყო, არავის აწყობდა დაპირისპირება. ამ ინციდენტების შემდეგ, ჩვენი სკოლის დირექტორი შეეცადა სკოლის შიდა ეზო იზოლირებული ყოფილიყო და ღობე აამაღლა. ეშინოდა, რამე პრობლემა არ შექმნილიყო, რადგან ჩვენთან ქართულ ეროვნულ ფასეულობებზე ხმამაღლა და დაუფარავად საუბრობდნენ.

სტუდენტი რომ გავხდი, ჩვენ ჯგუფში პრაქტიკულად ყველა ეროვნების ხალხი ვსწავლობდით. ერთი უკრაინელი გვყავდა, ამჟამად ჟურნალისტია და საქართველოში ჩამოდის ხოლმე. აფხაზ მეგობრებს ნამდვილად კარგად გავიხსენებ. თუმცა, ერთმა (გვარად, ფილია) ახლახან უარი მითხრა კონტაქტზე, მიუხედავად იმისა, რომ მას დედა ქართველი ჰყავდა. ძალიან უცნაურია! კურსელები და სოხუმელი ნაცნობების უმრავლესობა მეკონტაქტება, გუდაუთელ აფხაზებს მივწერე რამდენჯერმე და სურათები გამომიგზავნეს.

1989 წელს მოსახლეობის აღწერაზე აფხაზ ელვირა ვოზბასთან ერთად დავდიოდი. მე და ელვირა დაგვიბარა უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალეკო გვარამიამ, კოლორიტულმა პიროვნებამ და გვითხრა, რომ ჩვენ უბანში 4 კვარტალი უნდა მოგვევლო. ბატონი ალეკო ძალიან ჭკვიანი კაცია და შეგნებულად დაგვაწყვილა ასე. სიტუაცია უკვე დაძაბული იყო. როცა აფხაზურ ოჯახებში შევდიოდით, ელვირას ეკითხებოდნენ: შენი მეგობარი ეროვნებით ვინ არისო? მაგრამ ამას ისე უცნაურად კითხულობდნენ, არ დამავიწყდება – „კემ ანა პიშეტსია?“ – რა ეროვნებად იწერება? კიდევ ერთი რამ მახსენდება. დეკანიც აფხაზი გვყავდა, გვარად კარბა. წესიერი კაცი იყო, ადრე რუსეთში ცხოვრობდა, აფხაზური ენა არც კი იცოდა, ოსი და ქართველი ნათესავები ჰყავდა. ის ამბობდა საოცარ ფრაზას, რა თქმა უნდა, რუსულად: „ადამიანი ეროვნებას თავად ირჩევს!“

klaselebtan-ertad-1664781917.jpg

საუბრები წარმომავლობაზე და არამარტო

– მამაჩემი ფაზილ ისკანდერთან მეგობრობდა, რომელიც ცნობილი აფხაზი საბჭოთა მწერალი იყო, წარმოშობით ლაზი, ასე გამიგია. მამაჩემი მუდმივად ეუბნებოდა: შენ არ ხარ აფხაზი! შენ ხარ ლაზი! ჩვენ ვართ კოლხური წარმოშობის ტომები და ა.შ. მაგრამ ფაზილი ამაზე ყურადღებას არ ამახვილებდა. აფხაზეთში საზოგადო მოღვაწეების დეფიციტი იყო და ბევრ მათგანს მეგრული წარმოშობა ჰქონდა. მახსოვს, ომის დაწყების წინ ისკანდერმა მამას უთხრა: ალბათ, თქვენთვის (ოჯახს გულისხმობდა) სჯობს, რომ დაბრუნდეთ თქვენს სამშობლოში… მამაჩემი, რა თქმა უნდა, ამ ფრაზას აპროტესტებდა, ძალიან სწყინდა. აფხაზების ერთი ნაწილი ასეთ რამესაც ამბობდა: თქვენ აქ დაიბადეთ, უკვე რამდენიმე თაობა აქ ცხოვრობთ და ალბათ, აქ უნდა ცხოვრობდეთო. იყო ერთი პერიოდი, როდესაც დასავლეთ საქართველოდან მოსახლეობის ნაწილი აფხაზეთში საცხოვრებლად წამოვიდა. ეს უკავშირდება სტალინისა და ბერიას მმართველობის დროს. ასევე, ომამდე სოხუმში სამეგრელოდან ბევრი ჩამოდიოდა სასწავლებლად და მერე რჩებოდა. ამ კატეგორიას აფხაზები განსაკუთრებით ვერ ეგუებოდნენ, მათთვის ტერმინიც ჰქონდათ, „პარაშუტისტებს“ ეძახდნენ.

studentobis-periodi-1664781949.jpg

სხვადასხვა თაობის მამაკაცები იკრიბებოდნენ ქალაქის სანაპიროზე, ცენტრალურ ადგილზე, რომელსაც „ბრეხალოვკა“ ერქვა. იქ დღესაც ასეა – ყავას მიირთმევენ, სეირნობენ…საღამოს გასეირნება სანაპიროზე და საუბარი, ეს ერთგვარი რიტუალი იყო. საუბრობდნენ უამრავ თემაზე, სოხუმს არაერთი ისტორია ახსოვდა. ფაზილ ისკანდერის და სხვათა წიგნებში ხშირად მოიხსენიება „ბრეხალოვკა“. ისკანდერმა იცოდა ამბები სოხუმზე, მათ შორის, სოხუმელ ქურდებზე დაწერა წიგნი – „ვორი ვ ზაკონე“. ამ სფეროში აფხაზები და ქართველები ისე მჭიდროდ იყვნენ ერთმანეთთან დაკავშირებული, რომ ძალიან საკვირველი იყო, თითქოს არანაირი დაპირისპირება არ არსებობდა. ერთი საქმის შემდგომი გაგრძელების თვითმხილველი ძალაუნებურად მეც გავხდი.

ჩანთაში რა იდო, არავინ იცოდა

– სოხუმელი ქურდები იყვნენ აფხაზი იური ლაკობა და ქართველი კოტიკ (კოტე) მაკალაძე. ორივე იყო წარმოსადეგი, ყველანაირად შემკული ადამიანი, კარგი ოჯახებიდან, მაგრამ მათ ცხოვრების სხვა გზა აირჩიეს. ისინი გეგმავდნენ დიდ ოპერაციებს და ახორციელებდნენ კიდეც. ერთ-ერთი იყო ციმბირის საბადოდან დიდძალი ოქროს გატაცება, რაც მოახერხეს გადამამუშავებელი ქარხნის მუშების მეშვეობით, იმათ გამოატანინეს. საქმის კვლევა-ძიება საბჭოთა კავშირის მასშტაბით მიდიოდა, მაგრამ ოქროს ზოდებს ვერ მიაგნეს და ქურდებსაც ვერაფერი დაუმტკიცეს. ქონება გადამალული ჰქონდათ სოხუმელ ქურდებს, ყველას გვარი არ მახსოვს.

inga-1664781973.jpg

გავიდა რამდენიმე წელი. თბილისში ვარ, 1992 წელია. ჩემთან სტუმრად ჩამოდის მაკალაძის ძმისშვილი ვერონიკა (ჩემი ნათლიის შვილია) და უზარმაზარი ჩანთა შემოაქვს ბინაში. უკვე გაჭირვებაა, საკვები ძნელად იშოვება… ჩანთა დევს ჩემს სახლში და არ ვიცი, შიგნით რა არის. დანაზოგი თანხა მთლიანად გამოვიტანე ბანკიდან, მაგრამ ეს არ კმარა. გოგონა ხედავს, რომ ვწვალობ, ძლივს რაღაცას ვყიდულობ და მეუბნება: იცი რა? ეს ჩანთა ოქროთი და ფულითაა სავსეო და ჩამახედა – კინაღამ გული გამისკდა! მაგრამ, ამ ქონებას ხალხი შეეწირა, სისხლიანი ფულია და ჩვენ ვერ გამოვიყენებთო. ამხელა რაოდენობით ოქრო რომ დაიკარგა, ციმბირელი მუშები დაიჭირეს და დახვრიტეს. ფაქტობრივად, ქურდებმა ისინი გაწირეს.

ვერონიკამ მთხოვა, ჩანთის სოხუმამდე ჩატანაში დავხმარებოდი. ძალიან შემეშინდა, ჩანთის შესახებ ვინმეს რომ გაეგო იმ არეულ პერიოდში, ცოცხლები ვერ გადავრჩებოდით. ალბათ, რამდენიმე მილიონის ქონება იყო. ჯერ ფოთში უნდა ჩავსულიყავით და მერე სოხუმში. მატარებლამდე ხან ვის ვატარებინეთ ჩანთა და ხან – ვის. ფოთში ჩასულებმა ცოტა დავისვენეთ, სანამ ალყაშემორტყმულ სოხუმში კატერით წაგვიყვანდნენ. დილის 4-5 საათზე გადიოდა კატერი, რომ აფხაზებს არ დაებომბათ, ამ დროს ეძინათ. ფოთელებს დევნილებისთვის შემწვარი ხამსა და სახლში გამომცხვარი პური მოჰქონდათ. ერთი ღამე კაიუტაში გავათენეთ, შუქიც კი გვქონდა. ყველანაირად ცდილობდნენ, რომ რამით ესიამოვნებინათ. დღემდე ფოთელების მადლიერი ვარ. ჩვენი ჩანთის სიმძიმით გაკვირვებულმა მეზღვაურებმა გვკითხეს: კი მარა, სოხუმში ქვები მიგაქვთო? კონსერვებიაო, ვუთხარით. როგორც იქნა, მივაღწიეთ კაიუტამდე. გამთენიისას, ჩამოტანა რომ გვინდოდა, ერთმა ფეხი ჰკრა ჩანთას და კიბეებზე ჩამოარახრახა. კატერამდე მისასვლელად რთული გზა იყო, ზღვაში გადებულ შპალებზე ვიარეთ. ერთი ფეხის დაცდენა და ცივ წყალში აღმოვჩნდებოდით. ნოემბერია, სიბნელეა, ცივა, მთვარე ალაგ-ალაგ ანათებდა… მშვიდობიან პერიოდში სოხუმის აკვატორიაში ხალხი სეირნობდა დროშებითა და ბურთებით მორთული კატერებით. იმ, ოდესღაც თეთრი ფერის კატერებს, ახლა რომ საცოდავად გამოიყურებოდნენ, ქართველები იყენებდნენ პირველ რიგში, სამხედროების, დაჭრილების და ზოგჯერ, მოსახლეობის გადასაყვანად. ჩავედით სოხუმში, სადაც ყველას საბუთებს უმოწმებდნენ. რადგან ფრონტის ხაზის ერთ მხარეს აფხაზები ქართველებს პასპორტებს უხევდნენ, ქართველებიც (მათ მიერ კონტროლირებად მხარეს) აფხაზურ ფურცელს ამოხევდნენ ხოლმე. არ მინდოდა პასპორტის გაფუჭება და მოსწავლე ვარ-მეთქი, დავიბრალე 20 წლისამ. ეჭვი არ შეპარვიათ და გამიშვეს.

ასე აღმოჩნდა ჩვენი ჩანთა ისევ სოხუმში. გავიგე, რომ ჩანთა ჩაუმარხავთ შუა ქალაქის ერთ პატარა უბანში, აბრიბას ქუჩაზე, რომელიც ქარხანა „სოხუმპრიბორის“ წინ იყო. აბრიბა გვარი მეგონა და თურმე „აფხაზსკაია რიბა“ ყოფილა. მერე კი შეცვალეს ეს უცნაური დასახელება. თურმე მთელი უბანი ეძებდა ოქროს, ვიღაცამ იცოდა ჩანთის არსებობა. აბრიბას ქუჩის მოსახლეობის ერთი ნაწილი დაუხოციათ მისი ძებნისას… მართლაც, ცუდი ამბები მოიტანა „ოქროს“ ჩანთამ. ეს იყო მოპარული ოქროს ზოდების მხოლოდ ¼ – იმ საქმეში 4 ქურდი მონაწილეობდა და ოთხად იყო განაწილებული.

lekciaze-1664781875.jpg

ომამდე, ომის დროს …

-ამბობდნენ, რომ ერთ დროს აფხაზებიც კი სოხუმში ქართულად საუბრობდნენო. ამ დროს არ მოვსწრებივარ, მაგრამ მოსახლეობის აღწერაზე რომ დავდიოდი, აფხაზი მწერლების კორპუსში ქართულად დამელაპარაკნენ. ეს იყო მათი მხრიდან პატივისცემის ჟესტი, თუმცა ეს იშვიათად ხდებოდა. მაგ პერიოდში ისიც გამიგია, მაგალითად, მაღაზიაში ქართულად რომ მიემართა ვინმეს, ცხვირს აიბზუებდნენ და შეიძლება, გაელანძღათ კიდეც. პირადად ჩემზე, ზრდილობიან აფხაზ ბიჭებს სხვებისთვის უკითხავთ – ვინ არისო? პირდაპირ არ შეგეკითხებოდნენ, მერე უთქვამთ: ძალიან სამწუხაროა, რომ ქართველიაო. 52 წლისა ვარ და ჩემს მიმართ არასოდეს მიგრძვნია რაიმე ზეწოლა ნაცნობ-მეგობრების მხრიდან, მაგრამ ზოგადად, აფხაზებს ქართველებისადმი არაერთგვაროვანი დამოკიდებულება ჰქონდათ და აქვთ.

ომი რომ დაიწყო, სოხუმში ვიყავი და დაახლოებით ერთ თვეში წამოვედი თბილისში, აქ ვსწავლობდი. ვიცოდი, რომ დაბომბვის შედეგად, იქ ხან შუქი არ იყო, ხან წყალი და ა.შ. სოხუმში სამჯერ ვიყავი ომის პერიოდში, მშობლების და უმცროსი დის სანახავად ჩავდიოდი. ჩემდა ბედად, სწორედ იმ დღეებში, ასე ვთქვათ, ომს „შესვენებები“ ჰქონდა. ამჟამინდელი ომებისგან განსხვავებით, ის ომი ცივილურად მიმდინარეობდა იმიტომ, რომ იყო დღეები დაბომბვის გარეშე, იყო ტყვეების გაცვლა, მოლაპარაკებები… გარდა ამისა, როგორც ამბობენ, აფხაზი და ქართველი მეომრებიც ხვდებოდნენ ერთმანეთსო.

სირთულეების მიუხედავად, ხალხი ქალაქს არ ტოვებდა. გაოგნებული ვიყავი იმით, რომ ყოველ ჩასვლაზე, როცა ვეძებდი რა დაიბომბა და რა დაინგრა, ვხედავდი ნანგრევებისგან გაწმენდილ ადგილებს. ამას ხალხი აკეთებდა, ცდილობდნენ სიმშვიდის შენარჩუნებას, თუმცა ომის დაძაბული ატმოსფერო მაინც იგრძნობოდა. ყველა იმ იმედით იყო, რომ ომი მალე დამთავრდება, რომ ეს არის აბსურდი და სისულელე, თავს მოხვეული ომი და მითუმეტეს, არაფრით ეგონათ, რომ ასე 30 წლით გამოგვაგდებდნენ. სხვათა შორის, ომის დროს სოხუმელ აფხაზებს, ვინც ქალაქში დარჩა, ქართველი მეზობლები იცავდნენ და გვერდში ედგნენ. ერთხელ გავედი საქმეზე მშვიდობის გამზირზე და უცნაური რამ ვნახე – შუა პარკში დარჭობილ დიდ ბომბს ჯვარედინად ჰქონდა შერჭობილი მეორე ბომბი! აკი ამბობენ, ბომბი ერთი და იგივე ადგილზე ორჯერ არ ვარდებაო.

მამაჩემმა სოხუმის დაცემის დღეს სახლიდან აიღო საბუთები და ერთი პატარა ჩანთა, სადაც იდო მისთვის ყველაზე ძვირფასი, თავისი ნაშრომების მცირე ნაწილი…და დატოვა მშობლიური ქალაქი…

მონატრება

– საშინელი მონატრების გრძნობა მაქვს, სიზმარში ხშირად ვარ სოხუმში… თბილისში მარჯანიშვილის ქუჩაზე ვცხოვრობდი კარგახანს. იმ უბანში და მთელ თბილისში ვათვალიერებდი იტალიურ ეზოებს – ვამსგავსებდი სოხუმის ცენტრალურ უბნებში მდებარე, ამ ტიპის ორსართულიან სახლებს. ბათუმშიც როცა ჩავდივარ, იქაც ვიჭერ სოხუმთან სიახლოვეს და ძველ უბნებში დავდივარ ხოლმე. სულ მენატრება და მუდმივად სოხუმის კოლორიტს ვეძებ… აფხაზების მხრიდან კონტაქტის სურვილი ნაკლებად არის, აინტერესებთ მხოლოდ აქაური ცხოვრების დონე. თუმცა, როცა აუცილებლობაა, უნდათ თუ არ უნდათ, მოგვმართავენ! ნაცნობი ქირურგი მიყვებოდა, რომ მარტო ერთი წლის მანძილზე 40-მდე ქალი ჩამოიყვანეს თბილისში საოპერაციოდ. ისინი ცდილობენ, რომ ინკოგნიტოდ დარჩნენ. ვფიქრობ, რომ იმ ძველ თაობას, ვინც გვიცნობს, ალბათ, მაინც აქვს ჩვენთან საუბრის სურვილი და მონატრების გრძნობა. მაგრამ ახალგაზრდებს, ვისაც ქართველები მტრის ხატად დაუსახეს, ან ქართველებს პრაქტიკულად არ იცნობენ, რა შეიძლება ავუხსნა ან რაზე უნდა ველაპარაკო, ჩემთვის ძალიან ძნელი წარმოსადგენია.

ნანული ზოტიკიშვილი

 

წყარო: ჟურნალი “გზა”

Cesko