“გადადექი!” – რა გაფლანგა მელიამ და რა შეიძლება მოხდეს, თუ არ გადადგება? -კაპანაძე

0
1097
107 Views

“ენმ”- ის წევრი, გიორგი კაპანაძე:

“ხომ ხედავ რომ შენ სხვა მხარეს ხარ და პარტიის მხარდამჭერთა დიდი ნაწილი სხვა მხარეს?

ხომ გესმის რომ შენ მიმართ, მხარდამჭერთა და პარტიის წევრთა საჯარო პრეტენზიები (მათ შორის შენივე წარდგენილი მდივნებისა თუ ახალი სახეების მხრიდან), არათუ ცხრება, არამედ, იზრდება?

ხომ გრძნობ რომ შენსა და პარტიის წევრთა შორის ხიდჩატეხილობა ღრმავდება?

ეს პროცესი შეიძლება ახლა ვიღაცამ ათას სისულელეს დაუკავშიროს და შეთქმულების თეორია ჩამოაყალიბოს, მაგრამ ამით არც არაფერი შეიცვლება, რადგან ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერთა უდიდესი უმრავლესობისათვის, ლიდერი არის მიხეილ სააკაშვილი და მათთვის მიუღებელია შენს მიერ წახალისებული ანტიმიშა პოლიტიკა და კიდევ ბევრი სხვა რამ.

ამიტომ, შენი პირადი პოლიტიკური კაპიტალის სრულად რეალიზაციისთვის, ჩემი აზრით, ორი საუკეთეო გამოსავალი არსებობს…

1. გადადექი პარტიის თავმჯდომარის პოსტიდან, რადგან სჯობს ასე მოიქცე, ვიდრე გაშვებული დაგერქვას.

2. გააკეთე ახალი პარტია და ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროს შენი რეიტინგიც და ხალხის მხარდაჭერაც – მცირე იქნება ის თუ მასშტაბური. ან მიიღე მონაწილეობა პრაიმერისში და მოიპოვე ამომრჩევლის ნდობა, რომელიც ჩემი აზრით, არსებული უკმაყოფილების გათვალისწინებუთ, უკვე აღარ გაქვს, რადგან გაფლანგე.

ხოლო მათ კი, ვინც ამბობს რომ თუ შენ გადადგები, ამით ქვეყანა და პარტია დაინგრევა, შევახსენებ:

ჯერ ერთი, ოცნებაც იგივეს ამბობს, თუ მე ხელისუფლებაში არ ვიქნები, ქვეყანა დაიღუპებაო, მაგრამ კი ვიცით, როგორი სიმართლეცაა ეს და ვხვდებით რომ მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნებას ემსახურება მსგავსი ზღაპარი.

მეორეც: 2017 წელს, ამ პარტიიდან ერთი კი არა, ლიდერთა მთელი ჯარი წავიდა, მაგრამ ენმ არ დაშლილა და არც გამქრალა – კვლავ შეინარჩუნა მთავარი ოპოზიციური პარტიის სტატუსი.

მესამეც: აგერ, ახლახანს, პარტიასთან უთანხმოების გამო, მსოფლიოს ერთერთი გამორჩეული ლიდერი, ბორის ჯონსონი გადადგა, მაგრამ არც მის პარტიას შექმნია საფრთხე.

არც ენმ-ს შეექმნება, იქამდე, ვიდრე მას მხარს დაუჭერს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

ასე რომ, ყურადღებით მოუსმინე შენს ირგვლივ შემორჩენილ ორიოდე ჭკვიან ადამიანს და მიხვდები რომ დღეს, პირადად შენთვის, სწორედ ეს არის ყველაზე ადეკვატური, სამართლიანი და ცივილიზებული გამოსავალი, რომელმაც სხვათაშორის, შესაძლოა, კიდევ უფრო მეტად გააძლიეროს საერთო ოპოზიციური ფრონტი და შენი პოლიტიკური კაპიტალი.

ნუ იტყვი უარს ცვლილებებზე. ნუ იტყვი უარს კრიზისის დაძლევაზე. ნუ დაუშვებ კიდევ ერთ შეცდომას. ნუ გამოეკიდები სკამის სიკეთეს…

მიზანი საერთო გვაქვს და ეს ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმის შეცვლაა, თუმცა, მიზნის მისაღწევად, ჯერ უნდა გავძლიერდეთ, რაც დღევანდელი მდგომარეობით და არსებული სტატუს-კვოს შენარჩუნებით, სამწუხაროდ, ვერ მოხდება.

წარმატებები ჩვენს ქვეყანას. 🇬🇪”

Cesko