ექსპერტი: ნიჭიერი ბავშვისთვის დამახასიათებელი 8 ნიშანი, რომლებსაც შესაძლოა, ვერ ამჩნევდეთ

0
1978
27 Views

როდესაც ბავშვი 2 წლის ასაკში წიგნებს კითხულობს, ინფორმაციას იმახსოვრებს და გადმოცემა შეუძლია, რა თქმა უნდა, მშობელი ხვდება, რომ მისი შვილი ნიჭიერი და ძალიან ჭკვიანია. თუმცა, ექსპერტის აზრით, არის მაღალი IQ-ს განმსაზღვრელი ისეთი ნიშნები, რომლებსაც შესაძლოა ვერ ამჩნევდეთ ან ყურადღებას არ აქცევდეთ.

ფსიქოლოგი და პედაგოგი ლინ კენდალი ყველაზე დიდ და უძველეს ორგანიზაციაში, Mensa-ში მუშაობს, რომელიც უმაღლესი IQ-ს მქონე ადამიანებს აერთიანებს. ლინ კენდალს საშუალება აქვს, ყველაზე ჭკვიან ბავშვებს დააკვირდეს. ექსპერტი ამბობს, რომ გარდა ინტელექტის ტესტებისა და არაჩვეულებრივი გონების სხვა აშკარა მაჩვენებლებისა, არის
კიდევ რამდენიმე ნიშანი, რომელთა არსებობის შემთხვევაში უნდა ივარაუდოთ, რომ თქვენი შვილი განსაკუთრებულად ნიჭიერია:

ადრეული ასაკიდანვე მათემატიკით დაინტერესება
თუ ბავშვმა ძილის წინ გთხოვათ, რომ სვეტებად დაყოფა, მათემატიკური საკითხების გადაჭრა ასწავლოთ, ეს იმას ნიშნავს, რომ გენიოსად იზრდება.
“ნიჭიერ ბავშვებს ასეთ დროს სულაც არ აფერხებთ ის ფაქტი, რომ წერა-კითხვა არ იციან. მათ გონებაში გამოთვლა შეუძლიათ. მეტიც, სავარაუდოდ, ის მომავალში სხვა სფეროებშიც ბრწყინვალე შედეგს აჩვენებს”, – განუცხადა ლინმა The Sun-ს.

ჭკვიანი მშობლები
ვაშლი ხიდან შორს არ ცვივა – გამონათქვამი, რომელიც ძალიან უხდება მაღალი IQ-ის მქონე ბავშვებს. თუ ერთი ან ორივე მშობელი შესანიშნავი გონებით გამოირჩევა, მაშინ ბავშვი, რა თქმა უნდა, კარგი ინტელექტით იქნება დაჯილდოებული. თუმცა, ამ დროს მშობელს, ჭკვიანი ნათესავების ფონზე, შეიძლება საკმაოდ ჩვეულებრივ ბავშვად მოეჩვენოს.

იუმორის გრძნობა
თუ თქვენი პატარა ხშირად ხუმრობს და მართლაც სასაცილოდ ხუმრობს, შესაძლოა მასაც მაღალი IQ ჰქონდეს. ექსპერტი ამბობს, რომ იუმორის გრძნობა ნიჭიერებისა და სისხარტის კიდევ ერთი ნიშანია.
“ვფიქრობ, კომიკოსების უმეტესობას მაღალი IQ აქვს, რადგან მათ იმპროვიზაცია, მუდმივად ფიქრი უწევთ. მსგავს საკითხში Mensa-დან ჩვენი ბავშვები განსაკუთრებით კარგები არიან”, – ამბობს ლინი.

გაუთავებელი შეკითხვები
ლინი ამბობს, რომ ნიჭიერი ბავშვის აღზრდა ადვილი არ არის, რადგან მას სურს, მუდმივად ჩაერთოს პროცესში, დასვას ათასი შეკითხვა და იქამდე არ გაჩერდეს, სანამ ამომწურავ პასუხს არ მიიღებს. ექსპერტი ამბობს, რომ ამის გამო მშობლები ხშირად ძალიან შეწუხებულები არიან. მისი მთავარი რჩევა კი არის ის, რომ ბავშვს კითხვა ასწავლონ და თავად მოიძიოს პასუხები.

უჩვეულო ინტერესები
ექსპერტი ჰყვება, როგორ გადაწყვიტა ერთმა პატარა გენიოსმა, რომელთანაც მუშაობდა, ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემის დამახსოვრება. როცა ამ ინფორმაციას გაუმკლავდა, შემდეგ ყველა დედაქალაქის სახელების გაგება გადაწყვიტა. სპეციალისტის თქმით, უჩვეულო ინტერესები კიდევ ერთი ნიშანია, რომ თქვენი შვილი გენიოსად იზრდება.

პერფექციონიზმი
ჭკვიანი ბავშვები საკუთარ თავს ძალიან მაღალ სტანდარტებს უწესებენ და იმედგაცრუებულნი არიან, თუ მათ ვერ მიაღწევენ.
“ინტელექტუალურ განვითარებაში მათ შეუძლიათ ათი წლით გაუსწრონ თანატოლებს, მაგრამ ფიზიკურად და ემოციურად ბავშვებად რჩებიან”, – ამბობს მასწავლებელი. ლინი იხსენებს, თუ როგორ მიატოვა მისმა ვაჟმა, კრისმა, ხატვა სამი წლის ასაკში, მხოლოდ იმის გამო, რომ მანქანა ვერ დახატა.
“ჩემი შვილი იმდენად იყო გაბრაზებული საკუთარ თავზე, რომ ექვსი თვის განმავლობაში ფანქარი და ფურცელი ხელში არ აუღია”, – ამბობს ის.
ბევრი ლაპარაკი
თუ თქვენი შვილი დაუსრულებლად ლაპარაკობს, ავლენს ცნობისმოყვარეობას, ეს შესაძლოა მაღალ ინტელექტზე მიუთითებდეს. თუმცა, არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ ზოგიერთი მათგანი პერფექციონისტია და კომუნიკაციის პრობლემა აქვთ.
“ჩემი შვილი და კიდევ რამდენიმე ნიჭიერი ბავშვი, რომლებსაც ვიცნობ, მხოლოდ სახლში საუბრობდნენ. მაგრამ სახლის გარეთ დუმდნენ. როცა კრისს ვკითხე, რატომ, მან მითხრა: “მინდა დაველოდო, სანამ სიტყვებს კარგად წარმოვთქვამ და მოვიფიქრებ, როგორც სხვა მოზრდილები აკეთებენ.”

სირთულეები თანატოლებთან ურთიერთობაში
ძალიან მაღალი IQ-ს მქონე ბავშვებმა შეიძლება აღმოაჩინონ, რომ თანატოლებთან ცოტა საერთო აქვთ. საბავშვო ბაღსა და სკოლაში ბავშვებთან ურთიერთობა უჭირთ, რადგანაც მათ უფროსებთან კომუნიკაცია ან კიდევ მარტო ყოფნა ურჩევნიათ. ამის გამო, როგორც სპეციალისტი ამბობს, ხშირად ამბობენ, რომ ისინი აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვები არიან.
“დიახ, არიან აუტისტები მაღალი IQ-თი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა მაღალი IQ-ს მქონე ადამიანი აუტისტია”, – ამბობს სპეციალისტი.

ნიჭიერი ბავშვები – Mensa-ს სპეციალური სია

Mensa სპეციალურ სიას აქვეყნებს და ნიჭიერი ბავშვებისთვის დამახასიათებელ ნიშნებს ასახელებს. თუ თქვენს შვილს ამ ჩამონათვალიდან უმეტესობა ახასიათებს, ესე იგი მაღალი ინტელექტუალური შესაძლებლობა აქვს:

შესანიშნავი მეხსიერება;
ინტელექტუალური ეტაპების ადრეული გავლა;
ადრეულ ასაკში კითხვის დაწყება;
უჩვეულო ჰობი ან ინტერესები, გარკვეული საგნების ღრმა ცოდნა;
მსოფლიო მოვლენების შესახებ ინფორმირებულობა;
პერფექციონიზმი;
არის წარჩინებული მოსწავლე სკოლაში;
ურჩევნია დროის გატარება უფროსებთან ან მარტო;
უყვარს ლაპარაკი;
მუდმივად სვამს შეკითხვებს;
ადვილად სწავლობს;
აქვს იუმორის გრძნობა;
მუსიკალურია;
უყვარს ყველაფრის გაკონტროლება;
თამაშში დამატებითი წესები შემოაქვს;
გამოხატული ექსტროვერტი ან ინტროვერტია.

წყარო: მშობლები.ჯი

Cesko