საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში გაერთიანებული სამეფოს დედოფალთან, ელიზაბედ II-სთან დაკავშირებით, პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
“მინდა ელიზაბედ II-სთან დაკავშირებით, შემდეგი ისტორიები გავიხსენო. ჩვენმა პირველმა შეხვედრამ ერთ საათზე მეტი გასტანა. ის ძალიან ცნობისმოყვარე იყო და ყველაფერი აინტერესებდა საქართველოზე. სანდრას კომპლიმენტი უთხრა ჩაცმულობაზე.
2012 წელს კი ლონდონის ოლიმპიადის გახსნაზე ჩავედი, ბუკინგემის სასახლეში მიღება გაიმართა, რომელსაც ბევრი სახელმწიფოს მეთაური დაესწრო. მე კიბეზე გამოვედი დასარეკად და სახით კედელთან ვიდექი. უცებ ვიღაცამ ტელეფონი ხელიდან გამომტაცა, მოვტრიალდი და ხელში შემრჩა დედოფალი – ბატონო პრეზიდენტო, თქვენ რა, არ იცით, რომ ამ სასახლეში მსგავსი მოწყობილობების გამოყენება არ შეიძლება?! – ღიმილით მითხრა მან. შემდეგ გამომკითხა თუ რა ხდებოდა საქართველოში. საოცარი მომხიბვლელობა ჰქონდა”,- წერს სააკაშვილი.