„ღამის შოუს” ბენდის წევრი თათა გიორგობიანი მისი მეგობრის მონაწერს იხსენებს, როდესაც მან უთხრა, რატომ უყვარდა ძალიან.
თათა ამბობს, რომ მხოლოდ ახლა გაანალიზა, რომ მართლა სხვისთვის ცხოვრობდა.
„ერთხელ ჩემმა მეგობარმა მითხრა: მხოლოდ იმიტომ კი არ მიყვარხარ, შენ რომ ხარ კარგი, იმიტომ რომ შენს გვერდით მე ვგრძნობ თავს კარგადო, შენ ადამიანებს თავიანთ თავზე უცვლი შეხედულებას და კარგ ადამიანად და მნიშვნელოვნად აგრძნობინებ თავსო.
ეს ფრაზა ძალიან ჩამრჩა და აი, სწორედ იქ გავაანალიზე, რომ სხვებისთვის ვცხოვრობდი. ძირითადად, ჩემი ყველა ქმედება ან სიტყვა მიმართული იყო იმაზე, რომ საერთო ატმოსფერო შემექმნა, ყველა კომფორტულად ყოფილიყო, საერთო სიტუაცია ყოფილიყო სასიამოვნო, კონფლიქტი ამერიდებინა ყველანაირად, მუდამ მშვიდობის მტრედი ან გამრთობი კლოუნი ვყოფილიყავი საერთო სიტუაციისთვის.
არასდროს მიფიქრია საკუთარი პიროვნებისთვის გამესვა ხაზი, მეთქვა “მე” და არა “ჩვენ”….. მიჭირდა ხმამაღლა გამეჟღერებინა საკუთარი მოთხოვნილებები. მიჭირდა საჩუქრების მიღება. გავცემდი უანგარო მზრუნველობას ყველას მიმართ (რაც თურმე ძალიან დიდი შეცდომა ყოფილა). საკუთარ ემოციებს ყურადღების მიღმა ვტოვებდი. და რისთვის?..
უარყოფა მტკივნეულია, ისევე, როგორც გულგრილობა. ამ ტკივილის შიში გვაიძულებს, რომ ვცადოთ კარგი ურთიერთობის შენარჩუნება გარშემომყოფებთან. ჩვენ ძალიან ვცდილობთ, რომ ყველას მოვეწონოთ, ხოლო თუ არ მოვწონვართ, აზრი შევაცვლევინოთ და ყველას ვასიამოვნოთ. ყველასთვის მოსაწონი კი თვით იესო ქრისტეც არ იყო. უფალსაც გამოუჩნდნენ კრიტიკოსები, მლანძღველები და ჯვარზე გამკვრელებიც კი….
შენ არ დაბადებულხარ იმისთვის, რომ ყველას (!) უყვარდე. ამიტომ: ყოველთვის იყავი ის, რაც ხარ და სხვების სიამოვნებას ნუ გადააყოლებ საკუთარ პიროვნებას. იყავი კეთილიც, თბილიც და მზრუნველიც, მაგრამ მხოლოდ მათ მიმართ – ვინც ამას იმსახურებს! (რა თქმა უნდა, ქველმოქმედება გამონაკლისია)”, – წერს თათია გიორგობიანი სოციალურ ქსელში.