ჩემთვის მთავარია, რომ პაციენტი – სულ ერთია ვინ იქნება, იყოს კარგად. მე, როგორც ექიმი, ამ წუთში ვარ აბსოლუტურად მიუკერძოებელი, – ამის შესახებ ნინო ნადირაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. „ვივამედის“ გენერალურმა დირექტორმა მარიამ ჯიშკარიანთან შეხვედრაც აღწერა.
„პირველი დღიდანვე, როდესაც „ემპათიის“ წევრები მოვიდნენ, ეს იყო ჩვეულებრივი თავდასხმა. შემოვარდა კაბინეტში ეს ქალბატონი კივილით. მიკიოდა ბოლო ხმაზე, რომ ჩვენ ვართ უვიცები. „თქვენ ვინ ხართ საერთოდ, არაფერი გაგეგებათ, თქვენ არაფერი იცით“. ყველაფერზე მეჩხუბა. ბოლოს ვერ მოვითმინე და [ვუთხარი], რომ ეს „ენკავედეს“ ბოლშევიკური ტონი დაეწია და დაეტოვებინა ჩემი კაბინეტი და მიეხედა თავისი საქმისთვის. ექსპერტიზა კი ბატონო. მეგონა შემოვიდოდნენ, ამას ექნებოდა თანამშრომლობის სახე, რომ ეს იქნებოდა აზრთა გაცვლა-გამოცვლა. ველოდები კონსტრუქციულ საუბარს და არა ასეთ აგრესიულ თავდასხმას. მას შემდეგ თვალით აღარ მინახავს. თუმცა ჩვენი კარი ყოველთვის ღია იყო, მას ნებისმიერ დროს შეეძლო მოსვლა, ნებისმიერ მათ კვლევებზე ყოველთვის მზად ვიყავით“, – აღნიშნა ნადირაძემ.
მან დასძინა, რომ თავისი კლინიკის ექიმების მიერ დასმული დიაგნოზის სისწორეში დარწმუნებულია და რეგულირების სააგენტოს მიმართავს, რომელიც უმაღლესი ინსტანციაა პაციენტის მკურნალობის სისწორის დასადგენად.