„ხალხის ძალა“: მკაფიოდ იკვეთება, რომ აშშ-ის საელჩოს განსაკუთრებული ძალისხმევა საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურებისა და კანონის უზენაესობის წინააღმდეგ არის მიმართული

0
369
17 Views

აშშ-ის საელჩოს უსაფუძვლო თავდასხმა ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ კანონზე შემთხვევითი სულაც არ არის – საელჩოს განსაკუთრებული ძალისხმევა საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურებისა და კანონის უზენაესობის წინააღმდეგ არის მიმართული,- ამის შესახებ „ქართული ოცნებიდან“ გასული დეპუტატების განცხადებაშია აღნიშნული, რითაც ისინი ე.წ. მოსმენების კანონზე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებას ეხმაურებიან.

აშშ-ის საელჩო ე.წ. მოსმენების კანონზე: ეს კანონი საქართველოს აშორებს ევროპულ ინტეგრაციას, ნაცვლად მასთან დაახლოებისა

როგორც ისინი აღნიშნავენ, აშშ-ის საელჩო მიზანმიმართულად ავრცელებს დეზინფორმაციას, რასაც რადიკალური ოპოზიცია პოლარიზაციის ხელოვნურად გაღრმავებისთვის იყენებს.

„გვსურს, გამოვეხმაუროთ ამერიკის საელჩოს განცხადებას ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებული კანონის შესახებ. როგორც ცნობილია, საელჩომ განაცხადა, რომ აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს და პარლამენტმა იგი საქართველოს მოქალაქეების კონტროლის მიზნით მიიღო. ვინც თუნდაც ზედაპირულად გაეცნობა საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს და საერთაშორისო პრაქტიკას, მიხვდება, რომ კანონი სრულ შესაბამისობაშია ევროპულ სტანდარტებთან და მოქალაქეების კონტროლის სურვილთან მას არაფერი აქვს საერთო. სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ ვერც პრეზიდენტმა და ვერც ვენეციის კომისიამ კანონზე ერთი სამართლებრივი შენიშვნაც კი ვერ წარმოადგინეს. ასეთ პირობებში, აშკარაა, რომ საელჩო მიზანმიმართულად ავრცელებს დეზინფორმაციას, რასაც რადიკალური ოპოზიცია პოლარიზაციის ხელოვნურად გაღრმავებისთვის იყენებს. თუმცა, აქ ესეც არაა მთავარი. საელჩოს უსაფუძვლო თავდასხმა ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ კანონზე შემთხვევითი სულაც არ არის. გასული რამდენიმე წლის განმავლობაში მკაფიოდ იკვეთება, რომ საელჩოს განსაკუთრებული ძალისხმევა საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურებისა და კანონის უზენაესობის წინააღმდეგ არის მიმართული. ამის გამოხატულება იყო გამუდმებული თავდასხმები სასამართლოსა და პროკურატურაზე, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შეტანილი ცვლილებების სრულიად უსაფუძვლო კრიტიკა, უგულავას, მელიას, რურუას და სხვა კრიმინალების განთავისუფლების დაჟინებული მოთხოვნა და ა.შ. საქართველოში სამართალდამცავი სტრუქტურების მოშლის მცდელობის განსაკუთრებით მძიმე გამოვლინება იყო გიორგი გახარიას ხელით ორგანიზებული სპეცოპერაციები, რომლებიც პოლიციის სისუსტის ხელოვნურად წარმოჩენასა და მისი იმიჯის შელახვას ისახავდა მიზნად. გახარიას „ბასიანში“ შესვლას თავის დროზე გუნდშიც სერიოზული კრიტიკა მოჰყვა, განსაკუთრებით კახა კალაძის მხრიდან, რომელიც თავის სამართლიან აღშფოთებას ყველაზე აქტიურად გამოხატავდა. რაც თავიდან ავანტიურისტული შეცდომა გვეგონა, სრულიად შეგნებული დანაშაული აღმოჩნდა. როგორც ჩანს, „ბასიანში“ შესვლის მთავარი მიზანი ახალგაზრდებში პოლიციის იმიჯის შელახვა და პოლიციელების მიმართ აგრესიის გაჩენა იყო და ეს დავალება გახარიამ პირნათლად შეასრულა. პოლიციის იმიჯის შესალახად და დასაკნინებლად ჩატარდა პანკისის სპეცოპერაციაც, სადაც გახარიამ სპეცრაზმი არასწორ დროს შეიყვანა და არასწორი დავალებებით ამოქმედა. ყველას კარგად გვახსოვს უმძიმესი სურათი მძიმედ დაშავებული პოლიციელებითა და განადგურებული სპეცტექნიკით. რაც შეცდომა გვეგონა, ამ შემთხვევაშიც შეგნებული დანაშაული აღმოჩნდა, რომელიც ასევე პოლიციის სისუსტის ხელოვნურად წარმოჩენასა და მისი რეპუტაციის შელახვას ემსახურებოდა. რატომ ასროლინა გახარიამ დამიზნებით რეზინის ტყვიები ჟურნალისტებზე და შტურმიდან მოშორებით მყოფ ადამიანებზე, ეს ცალკე განხილვას საჭიროებს. რა თქმა უნდა, მიზანი აქაც პოლიციის იმიჯის დაზიანება და მის მიმართ მოსახლეობაში აგრესიის გაჩენა იყო. საბოლოოდ, როგორც გაირკვა, უცხო ქვეყნის სამსახურში ჩადგომის შემდეგ, გახარიამ შინაგან საქმეთა მინისტრობა სწორედ პოლიციის დაზიანებისა და მოშლის მიზნით მოითხოვა. საელჩოს მხრიდან სასამართლოსა და პროკურატურის დაზიანებისა და მოშლის მცდელობებს, პრაქტიკულად, მუდმივ რეჟიმში ვაკვირდებით.

უკვე წლებია, წარმოებს მადისკრედიტირებელი კამპანიები საელჩოს მიერ დაფინანსებული ენჯეოების შესრულებით პროკურატურის და განსაკუთრებით, სასამართლოს წინააღმდეგ. გარდა ამისა, ისეთი მოთხოვნების დაყენებით, როგორიც, მაგალითად, მოსამართლეებისა და გენერალური პროკურორის კვალიფიციური უმრავლესობით არჩევაა, საელჩო ღიად ცდილობს, თავის ფავორიტ პარტიას – „ნაციონალურ მოძრაობას“ დანიშვნებზე ვეტოს უფლება მოუპოვოს, რაც ორივე სტრუქტურის მოშლის ტოლფასი იქნებოდა. საქართველოში სამართლის უზენაესობისა და სამართალდამცავი ორგანოების დასუსტების მთავარი მიზანი ცხადია: კრიმინალებს უნდა გაუადვილდეთ რევოლუციის მოწყობა, ხელისუფლებაში დაბრუნება და ომში საქართველოს ჩართვა. სახელმწიფოს სუვერენიტეტი, უსაფრთხოება და სიმტკიცე დიდწილად სწორედ სამართალდამცავ სტრუქტურებზეა დამოკიდებული. იქ, სადაც სამართალდამცავი სტრუქტურები სუსტდება, ხელისუფლებაც ადვილი მოსარყევი ხდება. სწორედ ამიტომ, კანონის უზენაესობის დაცვასა და კრიმინალთან ბრძოლაში ხელისუფლება უკომპრომისო უნდა იყოს, როგორც არ უნდა სცადოს საელჩომ მოვლენების საპირისპირო მიმართულებით განვითარება. სიმართლით აღჭურვილი ხალხის ძალამ უნდა დაიცვას სამართალდამცავი სტრუქტურებიც. სწორედ ამიტომ მიგვაჩნია აუცილებლად, ხმა ავიმაღლოთ და საზოგადოებას ვუთხრათ სიმართლე საელჩოს ნებისმიერი განცხადების თუ ქმედების შესახებ, რომელიც საქართველოში სამართლის უზენაესობის წინააღმდეგ არის მიმართული“,- ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც პარლამენტის პრესსამსხაური ავრცელებს.

Cesko