მაკფოლი/კასპაროვი: ივანიშვილმა უნდა იცოდეს, თუ პუტინის მხარდაჭერას განაგრძობს, დასანქცირდება

September 10, 11:09
0
423

ჭადრაკის რუსი დიდოსტატი, განახლების დემოკრატიული ინიცატივისა და ადამიანის უფლებათა ფონდის თავმჯდომარე, გარი კასპაროვი და პროფესორი მაიკლ მაკფოლი, აშშ-ს ყოფილი ელჩი რუსეთში და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ შექმნილი რუსეთის სანქციებზე საერთაშორისო სამუშაო ჯგუფის კოორდინატორი The Washington Post-ზე გამოქვეყნებულ წერილში წერენ, რომ საქართველოს ყოფილ პრემიერმინისტრსა და ოლიგარქს, ბიძინა ივანიშვილს უნდა ესმოდეს, თუ გააგრძელევს უკრაინაში ვლადიმირ პუტინის ომის მხარდაჭერას, სანქციების წინაშე აღმოჩნდება.

კასპაროვისა და მაკფოლის აზრით, სანქცირებული უნდა იყოს ყველა პირი, ვინც უკრაინაში პუტინის ომს მხარს უჭერს, თუნდაც ირიბად ან პასიურად.

“სანქციები ჯერაც არა დაწესებული ათასობით რუსი ოფიციალური პირისთვის, პარტიის ლიდერებისთვის, რეგიონალური მთავრობების მეთაურებისთვის, რუსეთის სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი ბიზნესების საბჭოს წევრებისთვის, პროპაგანდისტებისთვისა და ომის მხარდამჭერი ცნობადი სახეებისთვის. დროა ისინი [სანქცირებულთა] სიაში დავამატოთ. პირებმა მესამე ქვეყნებიდან, რომლებიც პუტინს ეხმარებიან, როგორიცაა ყოფილი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს დე ფაქტო მმართველი, ასევე უნდა იცოდნენ, რომ სანქციების წინაშე აღმოჩნდებიან, თუ პუტინის ბარბაროსული თავდასხმის მხარდაჭერას არ შეწყვეტენ. ნებისმიერმა პირმა, რომელიც, თუნდაც არაპირდაპირად ან პასიურად, მხარს უჭერს რუსეთის ომს უკრაინაში, საზღაური უნდა გადაიხადოს”. – წერენ კასპაროვი და მაკფოლი.

ამას გარდა, მაკფოლი და კასპაროვი წერენ, რომ რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის საქართველო, რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება და მიმდინარეობს კონტრაბანდის გადატანა, რაც საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა აღკვეთოს.

“დემოკრატიულმა მთავრობებმა მეტი ზეწოლა უნდა განახორციელონ თავიანთ კომპანიებზე, რომლებსაც რუსეთი ჯერ არ დაუტოვებიათ. უცხოური ბიზნესები, რომლებიც პუტინის საომარ მანქანას ეხმარებიან, თუნდაც მხოლოდ გადასახადების გადახდით, სანქციების წინაშე უნდა აღმოჩნდნენ. ასევე, საერთაშორისო საზოგადოებამ ქვეყნები, როგორიცაა თურქეთი, საქართველო და ყაზახეთი, რომლებიც ახლა არსებული სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებიან, უნდა აიძულონ მიმდინარე კონტრაბანდის ოპერაციების შეწყვეტა”. – წერენ მაკფოლი და კასპაროვი.

მაიკლ მაკფოლი ჯერ კიდევ ივლისის დასაწყისში ამბობდა, რომ, უკრაინის პრეზიდენტის მიერ შექმნილი რუსეთის სანქციებზე საერთაშორისო სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, განიხილავდნენ სანქციების დაწესებას საქართველოს მოქალაქეებისთვისაც, თუმცა მას ვინაობები არ დაუკონკრეტებია.

ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ შექმნილი კომიტეტი აგროვებს ინფორმაციას და ადგენს იმ პირთა სიას, რომელთაც შემდეგში აშშ-ს შესაძლო სანქციებისთვის გადასცემენ.

გასულ დღეებში უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ანტიკორუფციული სააგენტოს მხარდაჭერით შექმნილმა პროექტმა ბიძინა ივანიშვილი და საქართველოს 11 მოქალაქე სანქცირებისთვის იდენტიფიცირებულ პირთა სიაში შეიყვანა.

“როგორც შეგპირდით ბატონო ივანიშვილო, დიდი მოკითხვა უკრაინიდან”. – ასე გამოეხმაურა უკრაინის მმართველი ფრაქციის, ხალხის მსახურის ლიდერი, დავით არახამია უკრაინის მხრიდან ივანიშვილისა და კიდევ 11 ქართველის სანქცირების მოთხოვნას.

Cesko