ვანში, 39 წლის მამაკაცი ზურგიდან მიპარვით მოკლეს, მას დანა ჩაარტყეს. ათზე მეტი ჭრილობით, დავით მხეიძე ადგილზე გარდაიცვალა, მისთვის სასიკვდილო არტერიაში მოხვედრილი ცივი იარაღი აღმოჩნდა. ამ დეტალებს “კურიერს” მოკლულის ოჯახი მოუყვა.
მკვლელობა ვანის ცენტრში მოხდა. კაფეში, სხვადასხვა სუფრაზე მსხდომებს შორის დაპირისპირება ყოფით ნიადაგზე დაიწყო. დავით მხეიძემ, რომელიც ამ ობიექტის მეპატრონე იყო, სტუმრების გაშველება სცადა, მოუწოდა მათ, რომ ჩხუბი შეეწყვიტათ, ადგილზე ვითარება რამდენიმე წუთით განეიტრალდა, თუმცა როგორც აღმოჩნდა, მხეიძის ნათქვამმა, ერთ-ერთი სტუმარი გააღიზიანა, დანა აიღო და გარეთ გასულს უკან დაედევნა.
მკვლელობას ბევრი თვითმხილველი ჰყავს. “კურიერის” ინფორმაციით, დამნაშავემ შემთხვევის ადგილი დატოვა. მანამდე მის დაჭერას მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილებიც ცდილობდნენ, თუმცა მან გაქცევა მაინც მოახერხა.
39 წლის დავით მხეიძის მკვლელობის საქმეზე, სამართალდამცველებმა ერთი პირი მალევე დააკავეს, მის წინააღმდეგ გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. გავრცელებული ინფორმაციით, ის ადგილობრივი არ არის და ვანში სტუმრად იყო ჩასული.