დღეს, საქართველოში ვერავინ ვერ აურევს სიტუაციას. ეკლესია და ქართველი ხალხი არავის მისცემს უფლებას ქვეყანა არიოს. ავტორიტეტი არ შერჩათ ჩვენს პოლიტიკოსებს, რომ ხალხი გაიყოლიონ , – ამის შესახებ ბოდბელმა მიტროპოლიტმა მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.
როგორც მეუფე იაკობმა აღნიშნა, ქართველებმა ერთად “დაჯდომა უნდა ვისწავლოთ”.
მისივე განცხადებით, არც ერთი პარტია არ ღირს იმად, რომ საქართველოს მომავალს საფრთხე შეექმნას.
“მსოფლიოში თითქმის ყველა სახელმწიფოში არეულობაა. ადამიანები გულგრილები გახდნენ. სხვისი ტკივილი უკვე აღარ ტკივათ. რაც მსოფლიოში ხდება, არ იქნებოდა, ადამიანებს ერთმანეთის ტკივილის რომ გვესმოდეს და გვტკიოდეს. რამდენი წელია კაცობრიობა ერთმანეთს ვანადგურებთ და მაინც ვერ ხვდებით თუ როგორ ვიცხოვროთ. ბევრი კარგიც ხდება, თუნდაც ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ პოლიტიკურმა ველმა ისეთი სიტუაცია შექმნა ქვეყანაში, თითქოს არაფერი ხდებოდეს. თითქოს ვიღაცა მხსნელია და თუ მოვა ქვეყნის სათავეში გადაარჩენს საქართველოს. ეს ყველაფერი ტყუილია. კაცობრიობისთვის, საქართველოსთვის, თითოეული ჩვენგანისთვის მხსნელი არის ღმერთი.
ჩვენთან ისეთი სიტუაცია შექმნეს პოლიტიკოსებმა, ხშირად უცხოეთიდანაც უბამენ მხარს, რომ ახალგაზრდა ქართველი გარბის საქართველოდან. უცხოეთის ეკონომიკას ვაძლიერებთ და მერე აღარ ვბრუნდებით. იმიტომ გარბიან, რომ უყურებენ შექმნილ ვითარებას.
ევროპას აქვს თავისი ფასეულობები და მას შემდეგ, რაც ევროკავშირს კომუნისტური ბლოკის ქვეყნები შეუერთდნენ, ვხედავთ საქართველოს მიმართ რა დამოკიდებულება გაჩნდა. ის დეპუტატები, რომლებიც წარმოადგენენ კომუნისტური ბლოკის ქვეყნებს , ჩვენს წინააღმდეგ გამოდიან. ამიტომ რა უნდა ვიფიქრო? მათ მყარი ფესვები ჩარჩათ საბჭოთა კავშირში და, სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მიდიან. ამას მე ვიტყვი, იმიტომ რომ ვიღაცამ უნდა თქვას სიმართლე.
თურმე საქართველოში მთავარი ყოფილა 12 პუნქტის შესრულება. როგორ უნდა შეასრულო 12 პუნქტი, როდესაც რამდენიმე საპარლამენტო პარტია ცალკე გაიქცა? როდესაც ევროპარლამენტარები მოგვიწოდებენ, რომ ყველაფერი პარლამენტში გადავწყვიტოთ, ქუჩაში უნდათ ისევ გადაწყვეტა, სადღაც ოფისებში.
დღეს, საქართველოში ვერავინ ვერ აურევს სიტუაციას. ეკლესია და ქართველი ხალხი არავის მისცემს უფლებას ქვეყანა არიოს. ავტორიტეტი არ შერჩათ ჩვენს პოლიტიკოსებს, რომ ხალხი გაიყოლიონ. ხალხი შეგროვდება, რომ დაინახავენ ერთიდაიგივე სახეებს, გარბიან. იმიტომ რომ არ ენდობიან. ხომ უნდა დაიმსახურო, რომ გენდონ.
ნუ უშლით ხელს განვითარებას. ნუ უშლით ახალგაზრდობას ქვეყანაში დარჩენას. შეიძლება პოლიტიკოსების სათამაშოები გახდნენ ახალგაზრდები?! ჩვენ ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდები გვყავს, მათ საქართველოში უნდა იმოღვაწეონ. ნუ ვიქნებით ჩვენი პოლიტიკოსებივით, სირაქლემასავით რომ არიან. სხვადასხვა ტელევიზიით ხან ევროპარლამენტარების ენით მელაპარაკებიან, ხან რომელიღაც უკრაინელივით. მილიარდელი გახდა კაცი, ყველა ამბობს არახამიაზე, ეს ჩემი მოგონილი არ არის. ომში მილიარდი იშოვა. თავიანთ ქვეყანას მიხედონ. ჩვენ, ჩვენსას მივხედავთ. რა უფლება აქვს, რომ ჩვენთან ერევა? გვარი არ აძლევს საშუალებას თუ რა?! საქართველოსთვის რა გაუკეთებია კარგი? ჭორიკანა დედაკაცივით დგას და იქიდან რაღაცებს გველაპარაკება. კიდე კარგი მსოფლიო ასე ეხმარება უკრაინას, თორემ ეგეთების (დავით არახამია) ხელში სად იქნებოდნენ. ქვეყნის არევის საშუალებას არავის მივცემთ, ვინც არ უნდა იყოს. არც ერთი პარტია არ ღირს იმად, რომ საქართველოს მომავალს საფრთხე შეექმნას.
ქართველებმა ერთად დაჯდომა უნდა ვისწავლოთ. 12 პუნქტი მოგვთხოვეს? ჩვენ მოვითხოვოთ 10 წლიანი ვადა იმ პარტიების წინააღმდეგ, რომლებსაც ერთად დაჯდომა არ უნდათ. მიეცით ჩვენს ერს უფლება, რომ ჰქონდეს მშვიდობა და თავისუფლება“,- აღნიშნა ქადაგებისას მეუფე იაკობმა.