“დაე უფალმა სასუფეველი დაუმკვიდროს ქალწულ დარიას” – ლევან ვასაძე ალეკსანდრ დუგინს უსამძიმრებს

August 25, 16:05
0
807

“სამოთხეში ვიყავი, სანამ დაშა დუგინა არ მოკლეს” – ნათქვამია ლევან ვასაძის სამძიმრის წერილში, რომელიც ალექსანდრ დუგინის შვილის პანაშვიდზე წაიკითხეს, მოგვიანებით კი მისი სრული ვერსია ულტრანაციონალისტურ მედია “ცარგრადზე” გამოქვეყნდა.

ვასაძე წერს, რომ მისი მეგობრის შვილის სიკვდილის ამბავი ზემო იმერეთში ყოფნისას გაიგო და მთელი ერთი დღე, გამბედაობა არ ჰყოფნიდა დაერეკა შვილმკვდარი დუგინისთვის და მისი ცოლისთვის.

გთავაზობთ წერილის სრულ ვერსიას:

მეგობრის ქალიშვილის სიკვდილთან დაკავშირებით

სიკვდილამდე ყოფნის, მამის გარდაცვალებისა და აუტანელი, ჯოჯოხეთური ტანჯვის ერთი წლის შემდეგ, მე ჯერ საბოლოოდ მივაღწიე სამშობლომდე, საყვარელ ცოლამდე და შვილებამდე, შემდეგ კი დედამიწაზე ჩემს საყვარელ ადგილამდე – ზემო იმერეთამდე, სადაც არის მამული ჩემი ბებიისა, თავადისქალი მარია იულიანის ასული აბაშიძესი, რომელსაც წელს 102 წელი უსრულდება. ჩავეხუტე მას და ჩემს გამო დაქვრივებულ დედას, ისე ვიყავი, როგორც სამოთხეში, სანამ დაშა დუგინას მოკლავდნენ.

იმ ღამეს ცუდად მეძინა, მდინარე ყვირილას ხეობის მთებიდან ურჩი ქარი ქროდა და გარს ევლებოდა ჩვენს სახლს, ჩვენს ხეებსა და ჩვენ, მძინარეებს. დილით, ლიტურგიისთვის მზადების დროს, შემთხვევით დავხედე ტელეფონს და მწუხარებისგან გავიყინე. ჩემს მიერ დანახული საშინელება მეუღლეს ძლივს ვუთხარი, ატირებული დავტოვე და, არც მახსოვს ისე, ტაძარში გავიქეცი, რათა მეგობრის სულისთვის მელოცა.

გავიდა დღეზე მეტი და მე გამბედაობა ჯერაც არ მეყო, მისი მშობლებისთვის რომ დამერეკა. და აი, ძლივს ვწერ ამ მწირ სტრიქონებს. ასე მაინც.

მთელი მსოფლიოდან ტრაგედიასთან დაკავშირებული სიახლეებისა და გამოხმაურებების ნაკადში, რომლებსაც ვუყურებდი დაშას ანგელოზური სულისთვის გლოვის შემოტევების შორის, თავისი დემონური დაუნდობლობით გამოირჩეოდა ერთი – სააკაშვილის დროინდელი ყოფილი თავდაცვის მინისტრი წერდა:

როგორც იქნა, დუგინს ვასაძესთან მეგობრობა გამოადგება, ქალიშვილის ქელეხზე ეყოლება თამადა, რომლის მსგავსიც არავის უნახავს… ვინც ფიქრობთ, რომ ასეთ თემებზე ხუმრობა არ შეიძლება, დებილები ხართ“. (გულისხმობს ირაკლი ოქრუაშვილის Facebook-პოსტს: “ინდე სად გამოადგა დუგინს ლევან ვასაძესთან ძმაკაცობა. შვილის ქელეხში თამადა ეყოლება მსოფლიოში ანალოგი რომ არ ყავს… ვინც ფიქრობთ რომ ეგეთ თემებზე ხუმრობა არ შეიძლება ან შვილმა რა დააშავა, ძალიან დებილები ხართ“).

ეს იგივე მოღვაწეა, რომელმაც შეურაცხყოფა მიაყენა რუსებს, თქმით, რომ ისინი სვამენ ფეკალიებს, რის შედეგადაც რამდენიმე წლით აკრძალეს საქართველოდან რუსეთში სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის იმპორტი. არავის დაუთვლია, ამის გამო საქართველოში რამდენ ადამიანს მოაკლდა წამალი, საკვები და სხვა საჭიროება. და არ აქვს მნიშვნელობა, რომ ასეთი არსებები, მათ მიმართ გლობალისტების მუდმივი ყმუილისა და მხარდაჭერის მიუხედავად, ახლა, დროებით, ისევ საზოგადოებრივი ცხოვრების მიღმა არიან და გაბოროტებული უყეფენ ყველაფერს. საშინელებაა, რომ ისინი ყველგან არიან: რუსეთშიც, საქართველოშიც და უკრაინაშიც.

მაგრამ, სამწუხაროდ, ეს, ასე ვთქვათ, ადამიანი აქაც მცდარია: არც ჯანმრთელობა, არც უსაფრთხოების თვალსაზრისი არ მაძლევს საშუალებას ვიყომ ჩემს მეგობრებთან, დაშას მშობლებთან, მათთვის ამ ურთულეს ჟამს, რისთვისაც მათ პატიებას ვთხოვ.

ეს მაგალითი, რომელიც ხსენების ღირსიც არაა, კარგად აღწერს იმ დაყოფას, რომელიც ყველა ერს შორისაა: დაყოფა ადამიანებად და არაადამიანებად, იმისგან დამოუკიდებლად, ვინ ვართ ეროვნებით: ქართველი, რუსი, უკრაინელი, ებრაელი, სომეხი, აზერბაიჯანელი თუ იგივე ანგლოსაქსები.

ისინი, ვინც თავს უფლებას აძლევს მიცვალებულებს დასცინონ, სჩადიან იმავე ჰიბრისს, რომელსაც ელინები ასე გმობდნენ და რაზეც საკუთარ ლექცებში ალექსანდრე გელევიჩი (დუგინი) საუბრობს.

დარწმუნებული იყავით, მოკლული დაშას მამას ვინმემ სამაგიეროს გადახდის სახით ამის გამკეთებლების შვილებზე ასეთი შურისძიება რომ შესთავაზოს, ის ამ აზრს აუცილებლად უკუაგდებს, როგორც არაადამიანურს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ვერ იქნებოდა დიდი რუსი ფილოსოფოსი, ვერ იქნებოდა ადამიანი.

შარშანდელი მოვლენების ლოგიკით, დაშა დუგინას უნდა დაეწერა ჩემზე მოგონებები, თუმცა ზეცამ სხვაგვარად გადაწყვიტა და ის წაიყვანა, მის მშობლებსა და ახლობლებს კი მოუვლინა გამოცდა, რომელზე უარესიც არ არსებობს.

ეს ანგელოზური ადამიანი მაოცებდა მამამისის გაღმერთებით: ფილოსოფია ქალთა ხვედრი არაა, მაგრამ დაშას გამორჩეულმა პიროვნებამ მის მიმართ სიყვარულით გადალახა ეს შეზღუდვაც, საშუალება მიეცა ახალგაზრდობაში გამხდარიყო სრულიად თვითმყოფადი ფილოსოფოსი. მისი უბიწო სილამაზე და გამჭრიახობა სრულიად გამსჭვალული იყო კიდევ ერთი მწველი სიყვარულით, სამშობლოს სიყვარულით. ის ამისთვის ცხოვრობდა, ამისთვის მოქმედებდა.

ერთხელ მას მამამ უთხრა, თუ უნდა ჰყავდეს ისეთი ოჯახი, როგორიც ჩვენ, ის თავის მომავალ მეუღლეს ისე უნდა მოეპყროს, როგორც ნინო მე. მე, როდესაც ეს დაუმსახურებელი შეფასება გავიგე, უფლის შეუცნობელ გზებზე დავფიქრდი: მამამისთან ნაცნობობა, რაც გამოუსწორებელი ქართველისა და გამოუსწორებელი რუსის პირქუში საუბრით დაიწყო და გულწრფელ მეგობრობაში გადაიზარდა და ჩვენს საზოგადოებებში ორივეს კრიტიკის საგანი გახდა, იძლეოდა მოულოდნელ ნაყოფს ქრისტეში, ჭეშმარიტი მეგობრობისა და ურთიერთპატივისცემის ნაყოფს.

თავის მთავარ წიგნში გაბრიელ გარსია მარკესმა, დიდმა ოსტატმა, შექმნა მშვენიერი ქალწულის უწმინდესი ხატი, რემედიოს ლამაზი და შემდეგ ჩიხში შევიდა, არ იცოდა როგორ დაესრულებინა მისი მიწიერი გზა. დარდში ჩავარდა რომანის გაგრძელების შეუძლებლობის გამო, როგორც ნამდვილი რუსი ან ქართველი, სვამდა და რამდენიმე თვე იტანჯებოდა. მისი ყველა მცდელობა აღეწერა რემედიოს ლამაზის სიკვდილი, საკუთარი თავი დაერწმუნებინა ნათქვმის სიმართლეში, უშედეგოდ მთავრდებოდა, ქალწულის არამიწიერი სიწმინდისა და სილამაზის გამო.

ერთხელ, როდესაც სასოწარკვეთილი ბოგოტას ღარიბ კვარტალებში დასეირნობდა, დაინახა ქარიან მზიან დღეს ქალები თოკებზე ზეწრებს როგორ კიდებდნენ. ამ ხილვით გონებაგანათებული, მარკესი საწერ მაგიდასთან დაბრუნდა და თავი და ყველა ჩვენგანი დაარწმუნა ქალწულის სიცოცხლის დასასრულის ჭეშმარიტებაში: რემედიოს ლამაზი მზიან, ქარიან დღეს ზეწრების გაფენის დროს უეცრად მათთან ერთად ცაში ნარნარით ამაღლდა და ამაში არაფერია არადამაჯერებელი.

ზოგჯერ ჩემი მეგობრების შვილებისთვის, ქართველებისთვის, რუსებისთვის, უკრაინელებისა და სხვებისთვის უღირსად ვლოცულობ მათი ოჯახების სიმტკიცეზე, მგონია, ყოველთვის შესმენილი არ იყო. ახლა ვხვდები რატომაც. გულთამჭვრეტელმა, ჩვენს მიერ მიუწვდომელი სიბრძნით, ასე გადაწყვიტა, იმ ინფერნალური ღამის ალისფერ ყვავილებში, თავისთან წამების გზით წაეყვანა ეს წმინდა რუსი ქალწული.

მამაკაცურ სიტყვაძუნწ მეგობრობაში ისედაც მცირე მარაგია ურთიერთ ნუგეშისცემისთვის, განსაკუთრებით ასეთ შემთხვევებში. ფილოსოფოსსა და პოეტს შორისაც კი.

ამ ფერისცვალების კვირას ყვირილას ნაპირებზე ხეტიალისას საერთოდ არ ვიცოდი, სანუგეშებლად რა მეთქვა ალექსანდრ გელევიჩისა და ნატალია ვიქტოროვნასთვის. უეცრად გამახსენდა, რომ სამეზობლოში გვერდიგვერდ იზრდება ველური მაყვალი და შავი თუთა, რომლებიც ღრმა ბავშვობიდან სიცხეში მჩხვლეტდნენ და მტანჯავდნენ თავისი ეკლებითა და მაღალ ტოტებზე მიუწვდომლობით, რატომღაც, ზოგჯერ, სრულიად არ განსხვავდებოდნენ, როგორც მათი სისხლის ჩემ სისხლთან მსგავსებით, ისე გემოთი. ისინი ერთნი არიან, სიახლოვის წყალობით, მათი სახეობების სხვაობის მიუხედავად. ჩვენც ასევე ერთნი ვართ, იმისდა მიუხედავად, ვინ ვართ – ქართველები, რუსები თუ უკრაინელები, წესებთან ჩვენი სიახლოვის შემთხვევაში. და თქვენი ტკივილი – ჩვენი ტკივილია, ჩვენი ნუგეში – თქვენი ნუგეშია.

დაე უფალმა ჩვენმა, იესო ქრისტემ დაუმკვიდროს მართალთა სასუფეველი ქალწულ დარიას და განამტკიცოს მისი მშობლები და ახლობლები!“

Cesko