რუსეთში აკრძალული პლატფორმის, Утро Февраля-ს ცნობით, ფილოსოფოს ალექსანდრ დუგინის შვილის აფეთქებაზე პასუხისმგებლობას ეროვნული რესპუბლიკური არმია იღებს. Утро Февраля-ს დამფუძნებლის, პოლიტიკოს ილია პონომარევის ცნობით, დაჯგუფება პასუხისმგებლობას იღებს ბოლო პერიოდში რუსეთში სხვადასხვა სტრატეგიული ობიექტის აფეთქებაზეც.
ილია პონომარევმა ეთერში წაიკითხა ეროვნული რესპუბლიკური არმიის მანიფესტიც, რომელიც Утро Февраля-ს ტელეგრამ-გვერდზე გამოქვეყნდა. მანიფესტში დაჯგუფება პუტინისა და მისი თანამზრახველების განადგურებით იმუქრება და წერს, რომ მშვიდობიან მოქალაქეებს მათგან საფრთხე არ ემუქრება.
“ჩვენ, რუსი აქტივისტები, მებრძოლები და პოლიტიკოსები, ეროვნული რესპუბლიკური არმიის რიგითი პარტიზანები და მეომრები, უკანონოდ მივიჩნევთ ომის წამომწყებებს, რუსი ხალხის ქურდებსა და მჩაგვრელებს!
ჩვენ პრეზიდენტ პუტინს ვაცხადებთ ხელისუფლების უზურპატორად და ომის დამნაშავედ, რომელმაც მოირგო კონსტიტუცია, გააჩაღა ძმათა მკვლელი ომი სლავ ხალხს შორის და რუსი ჯარისკაცები პირდაპირი და უაზრო სიკვდილის გზას გაუყენა.
ზოგიერთისთვის სიღარიბე და კუბოები, სხვებისთვის კი სასახლეები – ეს მისი პოლიტიკის არსია.
ჩვენ ვთვლით, რომ ხმაწართმეულ ხალხს აქვს უფლება, წინ აღუდგეს ტირანებს.
პუტინს გადავაგდებთ და გავანადგურებთ!
ჩვენი მიზანია, შევაჩეროთ რუსეთისა და მისი მეზობლების განადგურება”. – წერია მანიფესტში.
დაჯგუფება რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების წარმომადგენლებს უზურპატორის თანამზრახველებად მიიჩნევს და იმუქრება, რომ გაანადგურებენ ყველა მაღალჩინოსანს, რომელიც ძალაუფლებაზე უარს არ იტყვის. ისინი ემუქრებიან სამართალდამცველი სტრუქტურების წარმომადგენლებსაც, რომ იმ შემთხვევაში, თუკი იარაღს არ დაყრიან, გაანადგურებენ.
“ჩვენ გვახსოვს სახლების აფეთქება, რამაც პუტინი ხელისუფლებაში მოიყვანა. ვიცით, რომ რეჟიმი უკან არ დაიხევს არცერთ ჯოჯოხეთურ ქმედებაზე და ვაცხადებთ: ჩვენ ვატარებთ აქციებს მხოლოდ ამ ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ. ჩვენ არ დავესხმებით თავს სამოქალაქო ობიექტებსა და მშვიდობიან მოქალაქეებს და თუკი პუტინის ძალოვანები ამას გააკეთებენ და მსხვერპლს ჩვენ მოგვაწერენ, მათ არ დაუჯეროთ.
ჩვენ მოვუწოდებთ რუს ჯარისკაცებს, შეწყვიტონ ჩვენი ძმების დახვრეტა სხვა ქვეყნებშიც – საქართველოში, სირიასა, თუ სხვაგან”
„ტაბულა“