ყველასთვის საყვარელი მომღერალი, მამუკა ონაშვილი, ავტოავარიაში მიღებული უმძიმესი დაზიანებების შედეგად, 1 აგვისტოს 55 წლის ასაკში გარდაიცვალა. ალბათ, რთული იქნება ადამიანის პოვნა, ვისაც მამუკას მიმართ განსაკუთრებული სიყვარული არ ჰქონდა, ამიტომ მისი წასვლა ყველასთვის ძალიან მტკივნეული აღმოჩნდა.
მომრერალს მეგობარი იხსენებს და ამბობს, რომ მამუკა ძალიან განსხვავებული ადამიანი იყო.
თამუნა პეტრიაშვილი: მამუკაზე საუბარი უსასრულოდ შემიძლია. ბავშვობიდან მოყოლებული, ჩემი ცხოვრების ყველა ეტაპზე მაკავშირებს საერთო მოგონებები მასთან. წავიდოდი თუ წამოვიდოდი, მამუკას მივეტუზებოდი გვერდით და იცინოდა, დოიჯას ეუბნებოდა, არ იცი, ეს ჩემს გვერდით რატომ დგება? იმიტომ, რომ გამხდარი ჩანსო. იღლიაში ამომიჩრიდა და აქეთ-იქით დამაწანწალებდა. სიყვარულის დღეს მე და ბესო ჩუბინიძეს კონცერტი მიგვყავდა მუშთაიდში. მამუკამ და დოიჯამ ოთახში შემიყვანეს და ძალიან ბედნიერად დამათვრეს, ცალკე ბესო მეძებდა, ცალკე მიკროფონი დავკარგე და სცენაზე რომ გავედი, კაბის ჯიბეში ქათმის ბარკალი მედო. რომ მოვტრიალდი, მთელი მუშთაიდი ძირს იწვა.
გული მაქვს გაგლეჯილი, ჯერ – დოიჯა, ახლა – მამუკა.
მამუკასთან ვერასდროს მოიწყენდი, დიდი ბავშვი იყო, ძალიან განსხვავებული ადამიანი. ვერ წარმომიდგენია და არც მინდა იმის დაჯერება, რაც მოხდა. არც პანაშვიდზე ვყოფილვარ, არც დაკრძალვაზე, იმიტომ, რომ მინდა ჩემთვის სამუდამოდ ცოცხალი დარჩეს… ყველაზე კეთილი პუტკუნა და ყველაზე გულმართალი კაცი იყო. გადამკვდარი ბიძა, ძმა და შვილი… ძალიან მწყდება გული იმის გამო, რომ შვილი არ დარჩა. დისშვილი ჰყავს, რომელიც ჯინს ეძახდა, რადგან მისი ყველა სურვილის ამსრულებელი იყო. თუმცა, მარტო ძმისშვილის არა, ყველას მიმართ უზომოდ კეთილი იყო და ალბათ, ამიტომაც დაიმსახურა მთელი საქართველოს სიყვარული.
წყარო: თბილისელები