აზარტული თამაშების შესახებ კანონი გამკაცრდა. ლუდომანთა სიაში არც გენდერული და არც სოციალური განსხვავებები არსებობს. ყველა სქესს, ასაკს თუ პროფესიას აერთიანებს ერთი – თამაშდამოკიდებულება. შემდეგ იწყება მძიმე ფინანსური და ფსიქოლოგიური პრობლემები. პრობლემები მეორდება და ზოგ შემთხვევაში, გამოუსწორებელი შედეგითაც სრულდება.
დღეს “კურიერმა” 16-წლიანი სტაჟის, თამაშზე დამოკიდებული ერთ-ერთი ადამიანი ჩაწერა :
“უმეტესობა ქალები ვართ. ქალები, გოგონები, სამსახურიდან გამოსულები, პროფესორი ხალხი… ბიჭი მეჯდა გვერდით, ახალგაზრდა, რომელსაც შვილი ჰყავდა გარდაცვლილი. გასასვენებლად გამზადებული და შეგროვილი ფული ჩვენ თვალწინ წააგო. ამაზე მეტი რა გითხრათ,” – ამბობს ლუდომანი ქალი.
თამაშზე დამოკიდებული ქალი ჰყვება, რა ზიანი მიაყენა საკუთარ თავს და ოჯახის წევრებს.
“აგებ ცხოვრებას, აგებ ადამიანობას, უფასურდები პიროვნულად. მოთამაშე არის ყველაზე ღრმა ავადმყოფი, არც ნარკომანია, არც პროსტიტუცია, არც არანაირი სასმელდამოკიდებულება ვერ არის ასეთი ძლიერი ავადმყოფობა. ამიტომ, რომ არ მოიწამლოს ჩვენი ახალი თაობა, ერთადერთი ეს უნდა გააკეთონ. ამაზე დიდ სიკეთეს, ამაზე სწორ ნაბიჯს ვერავინ გადადგამს,“ – ამბობს ლუდომანი ქალი.
პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, აზარტული თამაშების შესახებ კანონი გამკაცრდა.ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილების შემდეგ, თამაშის უფლება 25 წლამდე ყველა მოქალაქეს შეეზღუდა. უფრო მეტიც, რეგულაციის თანახმად, მოთამაშის “გაშავება” უკვე ოჯახის წევრსაც შეუძლია.