ფაქტია ისიც, რომ ბოლო დღეებში აქტიურად დაიწყო ლაპარაკი სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანის გარდაუვალობასა და პოლიტიკიდან საერთოდ წასვლაზე.
“მესამე პრეზიდენტის პოლიტიკიდან ჩამოშორებას გამოვრიცხავ… ახლა მთავარია, მიშა იყოს ჯანმრთელი, ცოცხალი და დარწმუნებული ვარ, ის გამოადგება არა მარტო ჩვენს ქვეყანას, არამედ უკრაინას და მთელს რეგიონს“, – გვეუბნება ინტერვიუში “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი:
– მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით მხოლოდ და მხოლოდ ერთი რამ არის პრიორიტეტული – მისი ჯანმრთელობა და სიცოცხლე, ამიტომ ამ ეტაპზე მის გარშემო არანაირ პოლიტიკურ ამბავს არ განვიხილავთ მანამ, ვიდრემის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ვინ რას და როგორ საუბრობს, მერე ვინ როგორ ინტერპრეტაციას ძლევა, არ არის საინტერესო. ზოგი პაპზე მეტი კათოლიკე გამოდგა – ასეთი ადამიანებიც ვნახეთ. ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის, პარტიის აქტიური წევრისთვის, სააკაშვილის თანამებრძოლისთვის და მისი მეგობრისთვის, ერთი რამ არის მთავარი – ადამიანის ჯანმრთელობა. ამის იქით ამ ეტაპზე, აბსოლუტურად, არაფერს განვიხილავთ იმიტომ, რომ თუ ადამიანი არ გადარჩა და ჯანმრთელი არ იქნა, არაფერს აზრი არ ექნება. ამ ეტაპზე საკითხი დგას ასე – გადარჩება, თუ – არა, იქნება ჯანმრთელი, თუ – არა. დანარჩენი, არანაირ განხილვაში არ შევდივართ.
ადვოკატები მიშას გარეშე გააკეთებდნენ მსგავს განცხადებას? ისიც თქვეს, ხელისუფლება სააკაშვილს გაურიგდა – გაშვების სანაცვლოდ პოლიტიკაზე უარი. ითქვა, რომ საკაშვილის მხრიდან ეს იყო ნაბიჯი დეპოლარიზაციისკენ და ახლა ჯერი ივანიშვილზეა…
– ჩემი კომენტარი ამაზე არის ის, რაც გითხარით, დანარჩენი არ არის ჩემი საქმე, არც ეს ინტერპრეტაციები. გარიგება გამოგონილი სისულელეა. კაცი გყავს ტყვეობაში და მიზანმიმართულად აგდებ ამ მდგომარეობაში, მიუხედავად იმისა, რომ უამრავი ქვეყანა ითხოვს, ჩვენ გადაგირჩენთ პრეზიდენტს, ნუ გყავთ ეგ კაცი ტყვეობაში, ნუ კლავთ, ჩვენ წავიყვანთ, მოვუვლით და გამოვაჯანმრთელებთო. მათ შორის, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის პოლონეთი, რომელიც მზად არის საკუთარი სახსრებით უზრუნველყოს სააკაშვილის გადაფრენა, მკურნალობა-გადარჩენაც, სიცოცხლეც და ყველაფერიც. ორი კვირის წინ ვიყავი სააკაშვილთან, ვნახე და ვესაუბრე მას. ის ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. ვინც იცნობს სააკაშვილს, იცის, რომ ამ მდგომარეობაში მისი ხილვა არის ძალიან მძიმე, ადამიანურად გეუბნებით. თუმცა ის საკმაოდ მოტივირებულია და ოპტიმისტურად განწყობილი. ჩვენი საუბრის მთავარი თემა იყო ის, რომ ჩემს მეგობრებთან ერთად ვიმყოფებოდი საზღვარგარეთ, სადაც მიშას უშუალო მეგობრებსაც შევხვდი, გვქონდა კონკრეტული პოზიციებისა და ინფორმაციების გაცვლა, მას მოვუყევი ამ შეხვედრების შესახებ და დაბარებული მოკითხვები გადავეცი. ადამიანთან, რომელსაც ჯანმრთელობის და სიცოცხლის პრობლემა აქვს, პარტიაზე და პოლიტიკაზე რატომ უნდა დამეწყო ლაპარაკი? სანამ ამ ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, ყველაფერი არის მეათასეხარისხოვანი.
– ისე, როგორ წარმოგიდგენიათ ცოცხალი და ჯანმრთელი სააკაშვილი პოლიტიკური აქტივობისა და ენმ-ს გარეშე?
– ამას გამოვრიცხავ… მთავარია, მიშა იყოს ჯანმრთელი, ცოცხალი და დარწმუნებული ვარ, ის გამოადგება არა მარტო ჩვენს ქვეყანას, არამედ უკრაინას და მთელს რეგიონს.
– გაქვთ იმის მოლოდინი, რომ სააკაშვილს უცხოეთში სამკურნალოდ გაუშვებენ?
– სააკაშვილი ციხეში იმიტომ ჰყავთ, რომ ბიძინა ივანიშვილს მისი შიში აქვს და იცის, რომ მესამე პრეზიდენტი მისი დამმარცხებელია. არ დაგვავიწყდეს 2021 წლის არჩევნები, როცა მიშას ჩამოსვლის პარალელურად, ყველა დიდი ქალაქი ოპოზიციამ მოიგო. ეს ცხადია, მის ჩამოსვლას უკავშირდება. აბა, მოუწოდეთ, ბიძინამ და მიშამ ერთად დაიწყონ საარჩევნო კამპანია. ბიძინამ მისცეს შესაძლებლობა გამოვიდეს, შეხვდეს თავის ხალხს და თვითონაც შეხვდეს ამომრჩეველს. გარწმუნებთ, რომ ბიძინა ივანიშვილისგან ბრდღვნას არ დატოვებენ, შარვალ-კოსტუმს ზედ დაახევენ. მიშასთან დაკავშირებით სულ სხვა რეალობა იქნება. ხომ არიან მაგრები და ხომ ამბობენ, მიშას მხარდაჭერა არ აქვსო. მაშინ რატომ ეშინიათ მისი ლანდისაც კი? ხომ გახსოვთ, ვიდრე მეორე ტურები არ გააყალბეს და ყველაფერი როგორც უნდოდათ ბოლომდე არ გაიფორმეს, მანამ სააკაშვილის სასამართლო არ ჩაატარეს, არც კი გამოაჩინეს, მისი ხმის კი არა, ლანდისაც კი ეშინოდათ. საზოგადოება კარგად ხვდება, რატომ ჰყავს ივანიშვილს სააკაშვილი დილეგში ჩაგდებული.
– სააკაშვილმა რომც მოინდომოს, “ოცნება“ არ გაუშვებს პოლიტიკიდან, ყოველ შემთხვევაში, 2024 წლამდე მაინცო, – ამას პროგნოზირებენ ექსპერტები…
– რომელმა და რა დარგის ექსპერტმა თქვა? მიშა 10 წელი ლამის არ იყო საქართველოში და რა შეიცვალა საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში და რატომ იყო ისევ აქტუალური? ენმ-ს გარდა, რამდენი პარტია იყო საქართველოში და მათ რატომ არ აძლევდნენ ხმას? მთელი ამ წლების განმავლობაში რუსული პროპაგანდით მუშაობს ეს ხალხი. ბევრი ვაიპოლიტიკოსისგან მომისმენია, აი, მიშა თუ არ იქნა პოლიტიკაში, ყველაფერი კარგად იქნებაო, მიშა ყოფილა ხელისშემშლელი. თავად პარტიები აქვთ და 0,3%-ს ვერ სცდებიან, ცოტა არ იყოს, სასაცილოა, ხომ? ცხადია, ებრძვიან იმას, ვინც ძლიერია და თამაშიც მასთან უნდათ. “ბარსელონა“ სანტანდერის “რასინგისგან“ ბუნდღას არ დატოვებს, მაგრამ “რეალს“ აღიარებს, როგორც მეტოქეს. ასევე აღიარებენ მეტოქედ სააკაშვილს და მისგან ქმნიან მტრის ხატს იმიტომ, რომ ძლიერია და მისი შიში აქვთ. აბა, ახლა, არ მინდა სახელი და გვარი ვახსენო, ბევრი პოლიტიკოსისგან მტრის ხატიც არ გამოვა. აშავებენ მას, ვისიც ეშინიათ. ბევრი პოლიტიკოსია, მათი გასაშავებელი სიუჟეტი არ მინახავს და მიშა სააკაშვილს რუსული პროპაგანდიდან დაწყებული, “იმედით“ (და სხვა სამთავრობო მედიით) და მთავრობით დამთავრებული, ყველა უტევს. სააკაშვილი საფრთხეა კორუმპირებული ხელისუფლებისთვის, ქურდებისთვის და უმაქნისებისთვის როგორც საქართველოში, ისე – უკრაინაში, ამიტომ იყო, იქაც ამდენი მტერი რომ გაიჩინა.
– რახანია ლაპარაკობენ ენმ-ს ე.წ. რადიკალური ფრთის ნიკა მელიასთან დაპირისპირებაზე. მართალია თუ არა და რით აიხსნება ეს? სხვათა შორის, საზოგადოებისთვის თვალშისაცემია ენმ-ს ზოგიერთი წევრის აგრესიული “ფეისბუქსტატუსებიც…”
– “ნაციონალური მოძრაობა“ არის დიდი პარტია, იქ არიან განსხვავებული ადამიანები და იქ აქვთ განსხვავებული აზრები. ამ პარტიაში აზრის თავისუფლებას სცემენ პატივს, სწორედ ამაშია ენმ-სა და “ოცნებას“ შორის განსხვავება. “ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს საკუთარი აზრი გააჩნიათ, რომელსაც გამოხატავენ ღიად, საჯაროდაც არავინ არავის ერიდება და ამაში ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ, უბრალოდ, მერე ხელისუფლება ცდილობს ისე წარმოაჩინოს, რომ აი, დაპირისპირებაა პარტიაშიო. დაპირისპირება რა, ერთმანეთს ხელი გავარტყით, ფიზიკურად დავუპირისპირდით, თუ რა? პარტიაში რომ განსხვავებული პოზიციებია, ეს არანორმალური არ არის. ეს პოზიციები სადღაცამდე თუ მიდის, პირობითად ვამბობ, მერე კონკრეტული გადაწყვეტილების მისაღებად არსებობს პოლიტსაბჭო, სამდივნო და ა.შ. ასე რომ, ხმამაღლა ნათქვამია, რომ პარტიაში დაპირისპირებაა. განსხვავებული აზრები რომ არსებობს, ეს არის ორჯერ-ორი, რომ დავმალო და ვთქვა, არა-მეთქი, თავად მეუბნებით, კონკრეტული ადამიანები საჯაროდ წერენ სტატუსებსო და ამ აზრს აქვს არსებობის უფლება.
– ენმ-ც და მთელი საზოგადოებაც ელოდება სააკაშვილის ოფიციალურ განცხადებას. დავუშვათ, რომ მან მართლაც დაადასტურა ადვოკატების ინფორმაცია, მერე რა ხდება პოლიტიკაში და რა პერსპექტივა აქვს თქვენს პარტიას?
– მე ყველაზე მეტად ველოდები განცხადებას პრეზიდენტ სააკაშვილის ციხიდან საზღვარგარეთ გაყვანასთან დაკავშირებით, ეს მაინტერესებს. შეიძლება ეს განცხადება მედიისთვის იყოს საინტერესო და ეს ნორმალურიცაა, თქვენ ელოდებით პოლიტიკურ განცხადებებს, მგრამ მე ველოდები მის გაყვანას და ჯანმრთელობის და სიცოცხლის შენარჩუნებას. ამის მერე რომ ვთქვა, რა და როგორ იქნება, ეს ჭორაობა გამოდის. თუ რამე განცხადება გაკეთდება, არ მომერიდება და მერე მერე მოგახსენებთ ჩემს პოზიციას. მართლა გულწრფელად გეუბნებით, ახლა ამაზე საერთოდ არ ვფიქრობ. ადამიანი ცუდადაა და მისი ჯანმრთელობაა პრობლემა.