რა განცხადებები გააკეთეს და როგორ გამოემშვიდობნენ ბოლო გზაზე მამუკა ონაშვილს მეგობრები

0
1286
22 Views

დღეს მამუკა ონაშვილის დაკრძალვის დღეა. ცნობილი მომღერალი მძიმე ავტოავარიაში რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა. ის აპლოდისმენტების ფონზე გამოასვენეს სიონის ტაძრიდან და ახალ პანთეონში დაკრძალავენ.

მის დაკრძალვაზე მისული ცნობილი სახეები მწუხარებას გამოთქვამენ მომხდარის გამო…

გთავაზობთ რამდენიმე მათგანის კომენტარს.

მერაბ სეფაშვილი:

„ის ყველასი იყო ნამდვილად, პიროვნება იყო არასტანდარტულად კარგი. ყველას ღიმილი მოსდის სახეზე მისი გახსენებისას, იმდენად თბილი იყო ურთიერთობაში. მამუკა ბავშვობიდან მახსოვს, ის მაშინ არც მღეროდა, მისი თვისებებით მიყვარდა…“

ირმა სოხაძე:

„ძნელია მამუკაზე ცრემლის გარეშე ლაპარაკი… მე რამდენადაც მახსოვს, ვიცი და მქონია მასთან ხშირი შეხება, უკეთილშობილესი და ნიჭიერი ადამიანი იყო, ცუდი არავისზე უთქვამს და არავისთვის უწყენინებია. მასთან და ზურა კობეშავიძესთან ერთად სიმღერა მაქვს ჩაწერილი და სულ მინდოდა ჩემთან გადაცემაში მოწვევა… არასდროს არაფერი არ უნდა გადადო…“

რატი დურგლიშვილი:

„ეს ადამიანი იყო არა მარტო ჩვენთვის, არამედ სრულიად ქვეყნისთვის საამაყო და საოცარი პიროვნება. არა მხოლოდ მე, არამედ მის გარემოცვას, მეგობრებს, მთელ ესტრადას გული ძალიან გვატკინა…“

მაკა ზამბახიძე:

„მამუკაზე წარსულში ლაპარაკი წარმოუდგენელია, რადგან ეს ადამიანი სიცოცხლისთვის იყო გაჩენილი. საოცრად უყვარდა ყველაფერი, რასაც აკეთებდა, მისი გაკეთებული ყველა სიმღერა, როლი, ნიუანსი, არ დარჩენილა წარუმატებელი. ყოველთვის წარმატებული იყო…“

ჯემალ ბაღაშვილი:

უიშვიათესი პიროვნება დავკარგეთ. მამუკა იყო ადამიანი, რომელსაც სიკეთე ჰქონდა თანდაყოლილი, გენეტიკურ დონეზე. რომც მოენდომებინა, ვერ გააკეთებდა ვერაფერს ისეთს, რაც მის ღირსებას არ შეეფერებოდა, ამიტომ იყო, რომ ყველას დაგვამახსოვრდა არა მხოლოდ როგორც უნიჭიერესი მომღერალი, არამედ როგორც კეთილშობილი პიროვნება.

გია ბაღაშვილი:

უდიდესი ტკივილია… მამუკა მთელი ცხოვრება იყო გამაერთიანებელი სიკეთით, სიყვარულით, ნიჭით, მეგობრობით, დღეს კი ტკივილით გააერთიანა საზოგადოება. ვერ წარმომიდგენია მის გარეშე თბილი, რადგან საოცარი მამულიშვილი და მოქალაქე იყო…“

მომზადებული “fortuna.ge”-ის მიხედვით.

Cesko