,,ალიას” ესაუბრება ადვოკატი ვალერი გელბახიანი:
-სოსო გოგაშვილზე მინდა გკითხოთ. რაც ბიძინა ივანიშვილსა და ვახტანგ გომელაურზე განაცხადა, ამას გაგრძელება ექნება თუ გააჩუმებენ?
–გაჩუმებული არ არის? ხმას აღარ იღებს.
–რაიმე გარიგება მოხდა გოგაშვილსა და ხელისუფლებას შორის თუ დააშინეს? თუნდაც ოჯახის წევრების მიმართ მუქარით?
-რა გარიგება მოხდა, კაცო, ეს ასეა ყოველთვის. ბოლო გამოუშვა ვიღაცამ, ვიღაცამ იხმაურა, გავიდა რამდენიმე დღე და აღარავის ახსოვს სოსო გოგაშვილი.
–სუსი-ის მიერ სოსო გოგაშვილის დაკავების სპეცოპერაციის ნაწილი მისმა მეუღლემ გადაიღო და გაავრცელა. ბევრი ამბობს, რომ მას ამაში ხელი სპეციალურად არ შუშალეს, რადგან ხელისუფლების წარმომადგენლებს ენახათ, ვისაც გრძელი ენა აღმოგაჩნდებათ, თქვენც ამ დღეში ჩავარდებითო. თქვენ რას ფიქრობთ?
– ჯერ ერთი, რა საჭირო იყო სპეცოპერაცია და ამდენი ხალხი. დაიბარეს სუს-ში გოგაშვილი და არ მივიდა? დაიმალა და გაიქცა სადმე? სახლიდან არ გამოვიდოდა, რომ გარეთ მშვიდად დაეკავებინათ და ამხელა ამბავი არ აეტეხათ? დაეკავებინათ და მერე ჩაეტარებინათ ჩხრეკა. ახლა, ის ხომ სისულელეა, რომ საიდუმლო ფაილები სახლში ჰქონდა გოგაშვილს. გახსოვთ, წინა ხელისუფლების დროს, ქუთაისში ბონდო შალიკიანი რომ დააკავეს? საძინებელში შუვარდნენ სპეცრაზმელები, ტრუსის ამარა გამოიყვანეს ქუჩაში და ასე დააკავეს. ძალის დემონსტრირებას ემსახურებოდა ეს სპეცოპერაცია და რამდენიმე ამგვარი იყო მაშინ. დაახლოებით იგივე გააკეთეს ამათაც. მარტო თავინთი მომხრეები კი არა, ეს დაკავება ყველას დაშინების მცდელობა იყო.