ალ-ზავაჰირი: როგორ მოკლეს და რას წარმოადგენდა ის

0
425
17 Views

აშშ-ის ოფიციალურ პირთა თანახმად, “ალ-კაიდას” ლიდერი აიმან ალ-ზავაჰირი ავღანეთის დედაქალაქის ცენტრში, თავისი სახლის აივანზე მოკლეს. აღნიშნულს წინ უძღოდა სამიზნის თვალთვალი და რამდენიმეთვიანი კონსულტაციები აშშ-ის ხელისუფალთა შორის.

9/11-ის ტერაქტების დაგეგმვის მონაწილე ალ-ზავაჰირის ლიკვიდაცია ყველაზე დიდი დარტყმაა “ალ-კაიდასთვის” 2011 წლის შემდეგ, როცა ავღანეთის მეზობელ პაკისტანში აშშ-მა დაჯგუფების მაშინდელი ლიდერი, უსამა ბინ-ლადენი მოკლა.

ვაშინგტონის თანახმად, ქაბულში ოპერაცია 30 ივლისს ჩატარდა დრონის გამოყენებით, ორშაბათს კი მედიისთვის ცნობილი გახდა როგორც ალ-ზავაჰირის მკვლელობის ფაქტი, ისე ოპერაციის არაერთი საინტერესო დეტალი.

როგორ იპოვეს ალ-ზავაჰირი

საერთაშორისო მედიასაშუალებები, როგორც აშშ-ში, ისე მის გარეთ, ოპერაციის დეტალებთან დაკავშირებით აშშ-ის მაღალი თანამდებობის პირებზე დაყრდნობით წერენ.

ვარაუდობენ, რომ აშშ-ის მიერ 2021 წელს ავღანეთის დატოვებამდე ალ-ზავაჰირი პაკისტანში, ტომების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ან ავღანეთის შიგნით იმალებოდა.

როგორც სააგენტო Reuters წერს თანამდებობის პირზე დაყრდნობით, აშშ-ის მთავრობა რამდენიმე წლის განმავლობაში ფლობდა ინფორმაციას ქსელზე, რომელიც, მისი შეფასებით, მხარს უჭერდა აიმან ალ-ზავაჰირის.

მიმდინარე წელს აშშ-ის ხელისუფლებამ დაადგინა, რომ ალ-ზავაჰირის ოჯახი — მისი ცოლი, ქალიშვილი და შვილიშვილები — ქაბულში, “უსაფრთხო სახლში” გადავიდნენ. იმავე ადგილას აშშ-მა უშუალოდ ალ-ზავაჰირის ყოფნის დადასტურებაც შეძლო.

აიმან ალ-ზავაჰირი 

უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში დაზვერვის თანამშრომლებს განუმტკიცდათ აზრი, რომ მართლაც მიაგნეს ალ-ზავაჰირის ადგილსამყოფელს და აპრილში ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთანაც დაიწყეს კომუნიკაცია.

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა, მოგვიანებით პრეზიდენტ ჯო ბაიდენსაც მიაწოდა ხსენებული ცნობები.

ოფიციალური პირი მედიას ეუბნება, რომ ბოლო თვეების განმავლობაში აშშ-მა შეძლო, აიმან ალ-ზავაჰირის ყველა ნაბიჯს დაკვირვებოდა “მრავალი დამოუკიდებელი წყაროს მეშვეობით”.

აიმან ალ-ზავაჰირი ქაბულში გადასვლის შემდეგ საცხოვრებელს არ ტოვებდა, თუმცა აშშ-ის დაზვერვამ შენიშნა, რომ პერიოდულად სახლის აივანზე გამოდიოდა.

სამოქალაქო მსხვერპლის აცილება და სხვ. — მზადება ოპერაციისთვის

ალ-ზავაჰირის მოქმედებების პარალელურად, ოფიციალური პირები მისი საცხოვრებელი შენობის კონსტრუქციასაც სწავლობდნენ, რათა ოპერაცია შენობის სტრუქტურული მთლიანობის დარღვევის გარეშე ჩაეტარებინათ.

როგორც CNN წერს, ბაიდენისა და მისი გუნდისთვის მთავარი იყო, თავიდან აეცილებინათ მშვიდობიანი მოსახლეობის სიკვდილი, როგორც ეს 11 თვის წინ, ავღანეთიდან აშშ-ის ძალების გამოსვლისას მოხდა. მაშინ ამერიკული დრონიდან განხორციელებულ დარტყმას 10 სამოქალაქო პირი შეეწირა.

უკანასკნელ კვირებში ბაიდენი არაერთგზის შეხვდა თავის მრჩევლებსა და მთავრობის წევრებს. ოფიციალური წყაროს თქმით, ის დეტალურ კითხვებს სვამდა და ყურადღებით სწავლობდა ალ-ზავაჰირის სახლის მოდელს, რომელიც დაზვერვის წარმომადგენლებმა შექმნეს:

მან კითხვები დასვა განათებაზე, ამინდზე, შენობის კონსტრუქციაში გამოყენებულ მასალებსა და იმ სხვა ფაქტორებზე, რომელთაც, შესაძლოა,  გავლენა მოეხდინათ ოპერაციის წარმატებაზე.

ბაიდენი ასევე ინტერესდებოდა აშშ-ის ოპერაციის შესაძლო შედეგებით, მათ შორის იმით, როგორ აისახებოდა ეს პროცესი ვაშინგტონის ძალისხმევაზე, რომელიც ავღანეთში ტყვედ აყვანილი ამერიკელის, მარკ ფრერიჩის გამოხსნისკენაა მიმართული.

სახლი, სადაც ტელეკომპანია CNN-ის ცნობით აიმან ალ-ზავაჰირი მოკლეს

25 ივლისს ჯო ბაიდენმა ბოლო ცნობები მიიღო თავისი თანაგუნდელებისგან. მან კიდევ ერთხელ ითხოვა დამატებითი ინფორმაცია სამოქალაქო მსხვერპლის მინიმუმამდე დაყვანის შესაძლებლობებზე, ისევე, როგორც სახლის სტრუქტურაზე. საბოლოოდ, პრეზიდენტმა წერტილოვანი დარტყმის მიტანის ნებართვა გასცა.

5 დღის შემდეგ, 30 ივლისს, ამერიკულმა დრონმა ორი რაკეტა ისროლა ალ-ზავაჰირის მიმართულებით, რომელიც, ჯო ბაიდენის თანახმად, სწორედ სახლის აივანზე იდგა. პრეზიდენტმა “ალ-კაიდას” ლიდერის მოკვლის შესახებ ორშაბათს აუწყა საზოგადოებას და თქვა, რომ “სამართლიანობა აღსრულდა”.

ეროვნული უშიშროების საბჭოს კოორდინატორმა ჯონ კირბიმ CNN-ს უთხრა, რომ აშშ-ს აქვს როგორც ვიზუალური, ისე სხვა წყაროებითა და მეთოდებით მიღებული დასტური — თუმცა არა დნმ —  რომ დარტყმამ მიზნამდე მიაღწია.

თეთრ სახლში ამბობენ, რომ ოპერაციისას დაიღუპა მხოლოდ ალ-ზავაჰირი და არავინ სხვა, მათ შორის, არც მისი ოჯახის წევრები.

ვინ იყო აიმან ალ-ზავაჰირი

აიმან ალ-ზავაჰირი 1951 წელს ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში დაიბადა. მამამისი ეგვიპტის მთავარი რელიგიური ინსტიტუციის, ალ-აზჰარის იმამი იყო, ერთ-ერთი ბიძა კი — “არაბული ქვეყნების ლიგის” გენერალური მდივანი.

ალ-ზავაჰირი მოზარდობის წლებიდან დაუკავშირდა პოლიტიკურ ისლამს, 1973 წელს კი ეგვიპტეში ახლად დაფუძნებულ “ისლამურ ჯიჰადს” შეუერთდა.

1981 წელს, როცა ისრაელთან სამშვიდობო ხელშეკრულების დადების შემდეგ ეგვიპტის პრეზიდენტი ანვარ ალ-სადათი მოკლეს, პროფესიით ოფთალმოლოგი ალ-ზავაჰირი “ისლამური ჯიჰადის” სხვა წევრებთან ერთად იყო საქმეზე ეჭვმიტანილი. მკვლელობაში თანამონაწილეობა ვერ დაუმკიტცეს და იარაღის უკანონო ფლობის ბრალდებით დააპატიმრეს რამდენიმე წლით.

“ჩვენ ვცდილობთ, დავაფუძნოთ ისლამური სახელმწიფო და ისლამური საზოგადოება”, — ამბობდა სასამართლოში მყოფი ალ-ზავაჰირი, როგორც ასეულობით ბრალდებულს შორის ლიდერი ფიგურა.

“ისლამისტი პატიმრების თქმით, ეგვიპტის ციხეში ყოფნისას ზავაჰირის რეგულარულად აწამებდნენ და სცემდნენ ადმინისტრაციის წარმომადგენლები, რამაც, როგორც ამბობენ, ფანატიკოს და მოძალადე ექსტრემისტად გარდაქმნა”, — წერს BBC.

აიმან ალ-ზავაჰირი უსამა ბინ-ლადენთან ერთად. ფოტო: Politico/Visual News/Getty Images 

პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ ალ-ზავაჰირი ჯერ საუდის არაბეთში მიდის, იქიდან პაკისტანში, შემდეგ კი — ავღანეთში, სადაც “ისლამური ჯიჰადის” განშტოებას აფუძნებს. მეორე მხრივ, 90-იან წლებში ეგვიპტის ხელისუფლების დასამხობად განხორციელებული სისხლიანი თავდასხმების უკან დგას.

ვარაუდობენ, რომ 90-იან წლებში ალ-ზავაჰირიმ მრავალ ქვეყანაში იმოგზაურა — ზოგიერთ შემთხვევაში, გაყალბებული იდენტობით — თავშესაფრისა და ფინანსების საძიებლად. არსებული ცნობებით, 1997 წელს ალ-ზავაჰირი ავღანეთის ქალაქ ჯალალაბადში ჩავიდა, სადაც იმ დროს ბინ-ლადენი ცხოვრობდა.

ორმა ტერორისტმა ლიდერმა მალევე გამოსცა “განჩინება”, რომლითაც თქვეს, რომ დასაშვები იყო ამერიკელების — როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო პირების — მკვლელობა. ამ მომენტიდან 6 თვის შემდეგ, 1998 წლის აგვისტოში, კენიასა და ტანზანიაში აშშ-ის საელჩოებზე მომხდარ თავდასხმებს 223 ადამიანი შეეწირა.

ალ-ზავაჰირი მჭიდროდ იყო ჩართული აშშ-ში 2001 წლის 11 სექტემბერს განხორციელებული ტერაქტის დაგეგმვაში, რასაც 2 977 ადამიანი ემსხვერპლა.

აიმან ალ-ზავაჰირი “ალ-კაიდას” სათავეში ჩაუდგა 2011 წელს, უსამა ბინ-ლადენის მკვლელობიდან მალევე და წლების განმაბლობაშო იყო აშშ-ის მიერ “ყველაზე ძებნილ ტერორისტთა” სიის სათავეში.

მანამდე ბინ-ლადენის მარჯვენა ხელად და “ალ-კაიდას” მთავარ იდეოლოგად მოიხსენიებოდა.

როგორც BBC წერს,  9/11-ის ტერაქტების შემდეგ ალ-ზავაჰირი ალ-კაიდას ცნობილ სპიკერად იქცა. 2007 წელს ის გამოჩნდა დაჯგუფების მიერ მომზადებულ 16 ვიდეოჩანაწერსა და 4 აუდიოჩანაწერში.

უკანასკნელ წლებში აიმან ალ-ზავაჰირი აღარ სარგებლობდა ძველებური გავლენით. “ისლამური სახელმწიფოსა” და სხვა ტერორისტული დაჯგუფებების გამოჩენის ფონზე, “ალ-კაიდას” გავლენაც შესუსტდა.

Cesko