“რადგან კობახიძისთვის სარწმუნო წყარო ვარ, მერწმუნოს, დღეს, ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილია” – ჩერგოლეიშვილი

0
682
29 Views

ტაბულას დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს პასუხობს:

 

“რადგან კობახიძისთვის სარწმუნო წყარო ვარ, მერწმუნოს, რომ ოლიგარქი არის ის, ვინც პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტს, პარლამენტს და სასამართლო კორპუსს ნიშნავს. ასევე მერწმუნოს, რომ ოლიგარქი არის ის ვისი ფულის და სახელის დასაცავადაც მთელი სახელმწიფო აპარატი მუშაობს.

დღეს, საქართველოში ოლიგარქს ერთადერთი სახელი აქვს – ბიძინა ივანიშვილი.

რაც შეეხება კეზერაშვილს – კი, სრული სიმართლეა, რომ ის, რაც მისი ორკესტრირებით, ერთი წლის წინ ევროპულ საქართველოში მოხდა ხასიათით ოლიგარქიულია – ფულით პოლიტიკური გავლენის ყიდვის და ამის შედეგად, მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურის უწესოდ გაწევის კაშკაშა და ქრესტომატიული მცდელობა – ხშირად ვყვები, კარგი მაგალითია და იმიტომ. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ კეზერაშვილს ძალაუფლების ყიდვა უნდა და ამისთვის მიედმოედება ხან ერთ პროექტს, ხან მეორეს, ხან იმ პარტიას, ხან ამას – ერთი წელია ამაზე ღიად ვსაუბრობ, მაგრამ კობახიძის ამოცანებს, რომ ივანიშვილს პასუხისმგებლობა აარიდოს, კეზერაშვილისკენ თითის შვერა არ ეხმარება, იმიტომ რომ კეზერაშვილი არ ნიშნავს თანამდებობის პირებს ამ ქვეყანაში და მას არ აქვს ძალაუფლება.

უფრო მეტიც, ის რომ კეზერაშვილს ოპოზიციურ სპექტრზე და მედიაზე, (ჩემი აზრით დამაზიანებელი) გავლენა აქვს ივანიშვილის რეჟიმის დამსახურებაა და რეჟიმის ამოძირკვასთან ერთად ეგეც შემცირდება. როდესაც ბიზნესი პოლიტიკაში ფულის ჩადებას გაურბის იმიტომ რომ მთავრობის ანგარიშსწორების ეშინია, როდესაც ბიზნესი მედიაში რეკლამის მიტანას გაურბის, იმიტომ რომ ანგარიშსწორების ეშინია, როდესაც პარლამენტი იღებს კანონებს, რაც მედიას ლეგიტიმურ შემოსავალს უზღუდავს – ბუნებრივად იზრდება იმ ხალხის გავლენა, ვინც მზადაა ამ ყველაფრის მიუხედავად ფული ხარჯოს. შემდეგ, თუ შინაგანი მუხრუჭი და მყარი ფასეულობათა სისტემა არ გაგაჩნია, ბუნებრივად ჩნდება ოლიგარქობის სურვილი – როცა ამდენს ხარჯავ, “ამ ფასის” ძალაუფლება გინდა. თუ სასამართლო და კრიტიკული მედია გათავისუფლდება, ბუნებრივად გამრავლდება ხალხი, ვინც მზადაა ამ მიმართულებით ფული ხარჯოს ანგარიშსწორების შიშის გარეშე და ბუნებრივად შემცირდება დიდი ფულის გავლენა.

მოკლედ, კარგი გზავნილია დეოლიგარქიზაცია. ასეთი მკაფიო ევროკავშირი იშვიათადაა ხოლმე. ბუნებრივია, ივანიშვილის რეჟიმის ამოძირკვასთან ერთად ახალი ოლიგარქიაც არ უნდა დავუშვათ და რესპუბლიკა დავაფუძნოთ, სადაც ძალაუფლების წყარო ხალხია და არა ფული. სადაც ფული მხოლოდ ინსტრუმენტია”.

Cesko