ჟურნალისტი ელისო ჯანაშია სოციალურ ქსელში სუსის ყოფილი მაღალჩინოსნის სოსო გოგაშვილის დაკავებას ეხმაურება და წერს:
“როგორ მეზიზღებოდა ეს გოგაშვილი მაჩალიკაშვილის ტრაგედიის გამო.
იმ დროს როგორ ვნატრობდი მის დაკავებას, ოღონდ არა ივანიშვილის ღალატის, არამედ 19 წლის ბიჭის მკვლელობის და მერე ტერორისტად გამოცხადების გამო.
მან კი ყველაფერი იცოდა და საწყალი, გამწარებული მშობლები რამდენი წელი სახით მიწაზე ახოხა სიმწრით, აყვირა, ახავლა, სამართალი მოუსპო.
თავად ამ ნაბიჭვრობებით ნაშოვნი ფულით აშენებულ სასახლეში იჯდა თბილად და ხელშეუხებელად ცხოვრობდა.
ახლა, როცა კარმის მიერ დაწერილმა სამართალმა ურმით მოაკითხა, მეცოდება და აღარ მომწონს ამ სურათის ნახვა.
რადგან სისტემის უარესი ბოროტება იკვეთება და ეს გოგაშვილის კი არა, კიდევ ერთხელ საზოგადოების დასჯაა, ქვეყნის დასჯაა, ყველა სამართლისთვის მებრძოლი ადამიანის და მაჩალიკაშვილების ოჯახის შეურაცხყოფაა.
როგორ მრცხვენია მაგ წესიერი ხალხის, ერთხელ ქუჩაში ბოდიშიც მოვუხადე, რომ ვერაფერი შევძელით მათთვის.
ვირთხებმა დაიწყეს დაჭმა და თითქოს უნდა მიხაროდეს, მაგრამ პირიქით განცდა მაქვს, რადგან ეს ნიშნავს, რომ სამართლებრივი სისტემა კი არა, ბანდიტების, ყველაფერზე წამსვლელი და საშიში ხელისუფლება გვყავს.
გოგაშვილი ერთ-ერთი საცოდავი ჭანჭიკია მთელ ამ სურათში.
ეს მოუწევთ ბოლოს გოგაშვილისნაირ უკანონო ბრძანებების შემსრულებლებს, ეს მაინც კარგად დაიმახსოვრეთ!”, – წერს ჯანაშია.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი სპეცოპერაციის შედეგად საკუთარ სახლში გვიან ღამით აიყვანეს.