დღეს “ალტ-ინფოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, კოკა მორგოშიამ განაცხადა, რომ “ალტ-ინფოს” პარტიის ლიდერები გაემგზავრნენ რუსეთში, რათა რუს დეპუტატებთან განიხილონ რუსეთ-საქართველოს შორის უვიზო მიმოსვლა და ფრენის აღდგენა. რა უფლებამოსილება აქვს ალტ-ინფოს, საქართველოს სახელით ისაუბროს იმ ქვეყანასთან, რომელსაც საქართველოს 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული და რომელთანაც დიპლომატიური ურთიერთობაც კი არა გვაქვს? ვინ მისცა ალტ-ინფოს საქართველოს სახელით გადაწყვეტილებების მიღების ლეგიტიმაცია? – ამ და სხვა კითხვებით, “ალია” კოკა მორგოშიას დაუკავშირდა.
-დღეს თქვით, რომ თქვენი პარტიის წარმომადგენლები წავიდნენ რუსეთში, სადაც აქვთ შეხვედრები და უნდა განიხილონ რუსეთ-საქართველოს შორის ფრენის აღდგენა და უვიზო მიმოსვლა. გაქვთ ამ საკითხებზე თანხმობა ქართული ოცნებიდან?
-რუსეთის ფედერაციის დეპუტატებთან შესახვედრად, ქართული ოცნების თანხმობა რაში გვჭირდება?
-თქვენ იქ უნდა ისაუბროთ საქართველოს სახელით, რადგან ასეთი ტიპის გადაწყვეტილებებს იღებს ხელისუფლება, არა?
-ჩვენ არ ვუთანხმებთ ქართულ ოცნებას არაფერს. მოვამზადებთ პირობებს, დავალაგებთ სიტუაციას და დარწმუნებული ვარ, ქართული ოცნება მოიქცევა ადეკვატურად, ასეა ქვეყნისთვის უკეთესი. რამოდენიმე თვეში მოხდება უვიზო რეჟიმის და ფრენების აღდგენა. ქართველი ხალხის უმრავლესობის ნება არის ასეთი.
-ვინ და როდის გაზომა ამ საკითხზე ქართველი ხალხის ნება?
-2019 წლამდე ფრენები ხომ იყო? პრობლემა იყო რამე? საქართველოს არაერთი მოქალაქე ცხოვრობს რუსეთში. სააკაშვილის დროს, უვიზო რეჟიმი არ იყო ცალმხრივად? ახლა, რამდენიმე თვეში იქნება უვიზო რეჟიმი ორმხრივად.
-კიდევ რაზე აპირებთ ესაუბროთ რუსებს? საქართველოს ე.წ. ნეიტრალიტეტი ხომ არ უნდა შესთავაზოთ?
-არა, რა ნეიტრალიტეტი…
-და სარფში რუსის ჯარის ჩაყენება? როგორც ამას ზურაბ მახარაძე განიხილავდა.
-არა, ამ ეტაპზე მეტს არაფერს განვიხილავთ სხვას, მხოლოდ ფრენა და უვიზო მიმოსვლა. ზურა მახარაძე აღარ არის პარტიის თავმჯდომარე.
-და იმ განცხადების დროს ხომ იყო პარტიის თავმჯდომარე… ისევ რუსეთში, იმ ქვეყანაში გამგზავრებას რომ დავუბრუნდეთ, რომელთანაც დიპლომატიური ურთიერთობები გვაქვს გაწყვეტილი – ჩახვედით, მიხვედით რომელიმე დეპუტატთან და პარლამენტში არა ხართ, მთავრობაში არა ხართ, ამბობთ, რომ მთავრობასთან შეთანხმების გარეშე მიდიხართ და არ მიგაქვთ გზავნილი ოცნებიდან – არ გეტყვიან, ვინა ხართ, რა გინდათ, არანაირი უფლებამოსილება არა გაქვთ ქვეყნის სახელით საუბრისო?
– არა, არ გვეუბნებიან მაგას, იმიტომ რომ დიდი წარმოდგენა აქვთ ჩვენზე. იციან, რომ დიდი რეიტინგი გვაქვს, სულელები კი არ არიან რუსები, ზომავენ ყველაფერს. 87 ოფისი გვაქვს გახსნილი და კიდევ დავამატებთ.
-იმას ვერ ხედავენ, რომ არაერთ ადგილას გამოთქვეს ადამიანებმა, მოქალაქეებმა უკმაყოფილება თქვენი ოფისების გახსნის გამო?
-ძალიან მიზერული იყო ეგეთი შემთხვევა, 7-8 ნაციონალი ქალი და ათამდე @@@@@@@@ თუ მოვიდა, თორემ, ხალხს ჩვენი იმედი აქვს, კისერზე გვეხვევიან, გვკოცნიან, ამის გამო ქუჩაში ვერ დავდივართ…
-ქუჩაში ვერ დადიხართ იმიტომ, რომ ხალხი გაჩერებთ და გკოცნით?
-კი, ნამდვილად ასეა.
-თქვით, 7-8 ნაციონალი ქალია ჩვენი, ალტ-ინფოს წინააღმდეგიო, მეც ხომ ნაციონალობას ვერ დამაბრალებთ? რუსეთი ოკუპანტია და თქვენი პარტია კი მიუღებელია ჩემთვის…
-შენ შეიძლება ნაციონალი და გიჟი არ ხარ, მაგრამ შინაარსობრივად ვერ გაგირკვევია, რას ვაკეთებთ, დღეში სამჯერ უნდა გვეუბნებოდეთ მადლობას, ომში რომ არ ვართ და “აკობში” რომ არ ზიხარ! დიახ, ჩემი რჩევა იქნება ალტ-ინფოს დღეში სამჯერ მადლობა გადაუხადო!
-მეგონა, ქართული ოცნება ითხოვდა მხოლოდ მადლობას მაგ მიზეზით. უკრაინაში, უეჭველი, იმიტომ დაიწყო ომი, რომ ბევრი პრორუსული პარტია ჰქონდათ, მაგრამ არ ჰქონდათ ალტ-ინფო, ხო?
-რა შუაშია ეგ? უკრაინა დიდი ქვეყანაა, დიდ მასშტაბზეა საუბარი. ალტ-ინფომ რაც თქვა რა არ გამართლდა? არ ვამბობდით, ბაიდენი რომ გახდება პრეზიდენტი, ომი დაიწყებაო? არ ვამბობდით, რომ კელი დეგნანი დაუპირისპირდებოდა ქართულ ოცნებას თავისი განცხადებებით?
-მეგონა, პირიქით, ოცნება დაუპირისპირდა დეგნანს… რაც შეეხება ალტ-ინფოს ფრაზებს, მაგალითად, ამბობდით, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში უკრაინა აღარ იარსებებდა…
-და ასე არაა?
-კიევთან იყო რუსის ჯარი მისული და გამოყარეს, ხარკოვიდან კუდამოძუებულნი გამოყარეს უკრაინელებმა რუსები, კუნძულ ზმეინიდანაც კი გამოყარეს რუსები და თქვენი აზრით, უკრაინა აღარ არსებობს, ან ზელენსკია სადმე გაქცეული?
-ვის უსმენ? რა ინფორმაციას ეცნობი? კი არ გაყარეს უკრაინელებმა რუსის ჯარი, რუსეთმა გაიყვანა ჯარი, არ სჭირდებოდა არც კიევი და არც ხარკოვი და ზმეინიდან კიდევ იმიტომ გაიყვანეს ჯარი, რომ გაერომ ჰუმანიტარული “კორიდორი” სთხოვა.
-გაერომ სხვა ბევრი რამ სთხოვა და კარგია გაეროს ჭკუაზე თუ დადის…
-გაეროს მოთხოვნების ჭკუაზე არ დადის რუსეთი, ჰუმანიტარული “კორიდორი” გააკეთა იმიტომ, რომ სხვა ქვეყნებმა არ იშიმშილონ… აფრიკაშიც შია ხალხს და პუერტორიკოშიც… ამიტომ გავიდნენ ზმეინიდან. ჟურნალისტი ხარ, ტო, გადაშალე “რუქა”, დაგუგლე, წაიკითხე… ამას საჯაროდ კი არ გეტყვი…
-არა, რატომ, იყოს საჯაროდ. მე საჯაროდ გეტყვი, რომ ეს ომი მორალურად უკრაინამ უკვე მოიგო და აუცილებლად მოიგებს ამ ომს ფიზიკურადაც.
-მე კიდევ გეუბნები, რომ სექტემბერში დონბასიც, ლუგანსკიც და თუ დაჭირდა ხარკოვიც და ოდესაც რუსეთის იქნება!
-თუ ასე დარწმუნებული ხარ, დავნაძლევდეთ, როცა უკრაინა ამ ომს მოიგებს და შენი პროგნოზი არ გამართლდება, წახვალ ალტ-ინფოდან?
-შენ “ალიადან” წახვალ და მე ალტ-ინფოდან წავიდე? ამხელა პარტიიდან? იცი რამდენი წევრი გვყავს 108 ათასი, იცი რამდენია 108 ათასი?
-ლოგიკურად, 108 ათასი უნდა იყოს 108 ათასი, თუ მეტია?
-ამომრჩევლის 7-8 პროცენტია თითქმის. თან ეს ის 108 ათასია, ალტ-ინფოს “კარტოჩკა” რომ აქვს, “იმენა”. იცი, ქართულ ოცნებას რამდენი წევრი ჰყავს? 137 ათასი სულ. მხარდამჭერი კი არა, წევრი.
აქედანვე გეუბნებით, შეეგუეთ იმას, რონ პირველივე არჩევნების მერე ალტ-ინფოს პარტია იქნება მთავრობაში! მერე რა, რომ შენ არ მოგწონს ალტ-ინფო, ყველას თავისი აზრი აქვს, მაგრამ ამას აქედანვე შეეგუეთ.
-ბევრი წევრი გვყავსო, რუსეთს ჩვენზე დიდი წარმოდგენა აქვსო, პირველები და გამარჯვებულები ვართო – იცი, რომ დამარცხებული მიდის ადამიანების საცემრად და არა გამარჯვებული? ვისაც გამარჯვების იმედი არა აქვს, ის იწევს საცემრად, ყოველთვის ასეა.
-მე ვინ გავლახე?
-თქვენი ორგანიზებული იყო ის აქცია.
-მერე? ჩემ დაორგანიზებულ აქციაზე რამე რომ მოხდეს, მე ვარ პასუხისმგებელი? არავინ არ მიცემია! ჟურნალისტები რომ გაილახა? ვინც ცემეს, ყველა საცემი იყო, მეტად იყო ყველა საცემი!
-მეტად როგორ? ვინ იცის ვის რა დაუზიანდა ჯერ ერთი, მეორეც, ლექსო ლაშქარავა ცემის შემდეგ გარდაიცვალა და მეტად როგორ უნდა გეცემათ? იქვე უნდა დაგეხოცათ?
-ლექსო ლაშქარავა ცემის გამო გარდაიცვალა?
-და კობა დავითაშვილის სიკვდილში ცემას როლი არ უთამაშია?
-კობა დავითაშვილს ადარებ ლექსო ლაშქარავას?
-ადამიანის ცემას, მეორე ადამიანის ცემას.
-ამით კობას აყენებ შეურაცხყოფას დავითაშვილს.
-კობას შეურაცხყოფა მიაყენა ქართულმა ოცნებამ, სად იყავით, სამსახურიდან რომ გამოაგდეს? წამლის ფული რომ არ ქონდა და ტანჯვით სიკვდილისთვის ვარ განწირულიო, რომ დაწერა?
-შენ რა იცი, სად ვიყავი?
-რომ არ ვიცი, მაგიტომ ვკითხულობ.
-იცის მისმა ოჯახმა სადაც ვიყავი და ამაზე საჯაროდ არ ვისაუბრებ. ლექსოს რაც შეეხება ლაშქარავას, გაიპარა წამალში, ეს ყველამ იცის…
-ჩემთვის, ის, 5 ივლისს თქვენი ხელიდანაა მოკლული!
-ვინ ჩვენი?
-ყველასი, ვინც აქციაზე იყავით.
-ის კადრები არ გაქვს ნანახი, სირცხვილიას ოფისთან რომ მივედი და ვითხოვდი გაჩერებულიყვნენ?
-და, არ დაგიჯერეს? რა უცნაურია, არადა, წელს, არავინ უცემიათ, ეტყობა, წელს არ იყო გაცემული ცემის ბრძანება?
-არ დამიჯერეს რა, მე რომ მივედი მაგის მერე განეიტრალდა… მანამდე იყო მომხდარი… იურიდიულად, ჩემ თემას, ვერავინ გამოიყენებს, მე არ მოვუწოდებდი ოფისში შეჭრისკენ, მე მოვუწოდე ოფისისკენ გადავინაცვლოთთქო. მე ვიცი რა, სად ვილაპარაკო.
– მე თქვენ გაკისრებთ სრულ პასუხისმგებლობას და მაგ თემაზეც ვერ შევთანხმდებით, ამიტომ ფინანსებზე გადავალ, სასამართლომ, აუდიტის დასკვნის მიხედვით დაგიწესათ გადასახდელი 217 000 ლარი. აუდიტის დასკვნის მიხედვით, არაფულადი შემოწირულობები არ იყო ასახული დეკლარაციაში, ოფისები გქონდათ ნაქირავები ხელშეკრულებების გარეშე…
-მერე? არ იცით რომ აუდიტის სამსახური ნინო ლომჯარიას “ზავიდენიაა”? ახლა გაიგე? ეგ გაგიკვირდა? ტყუილია ეგ, ხელშეკრულებით გვაქვს ოფისები ნაქირავები და ეგეთი ჯარიმები კიდევ 7 პარტიას დაუწესეს და არც ერთს გადაუხდია. პირდაპირ ვიტყვი – ფეხებზე მკიდია, ასე დაწერე, ფეხებზე მკიდია.
-აუდიტის სამსახურს მთავრობა არ აკონტროლებს?
-პრეზიდენტს აკონტროლებს მთავრობა?
-ჩემი აზრით, კი, აკონტროლებს და ეს “ამბოხებული” განცხადებები ამბოხის გარეშე ფარსია
-სახალხო დამცველს აკონტროლებს ოცნება?
-უნდა აკონტროლებდეს?
– ოცნება აუდიტის სამსახურს კი არა, ნახევარ უწყებებს ვერ აკონტროლებს! ოცნება ვერაფერს ვეღარ აკონტროლებს, შიგნით აქვს უკვე განხეთქილება, ახალი ამბავია ეს?
-და ბიძინა ივანიშვილი? ვერც ის აკონტროლებს?
-არ ვიცი, არც ივანიშვილი ვიცი, მე ვიცი ალტ-ინფო და ვარ ამაყი, რომ გვყავს 108 ათასი წევრი და გვემატება ხალხი, მიუხედავად იმისა, რომ სილქნეტზე, მაგალითად, გათიშული იყო ჩვენი არხი!
-მეც დავრეკე სილქნეტში და მოვითხოვე, იმ პაკეტში, რომელიც მე ავიღე და რომელიც კონკრეტულად მე მომეწოდებოდა, არ ყოფილიყო ალტ-ინფო, რადგან არასრულწლოვანი შვილი მყავდა სახლში და ჩემი აზრით, თქვენი ტელევიზია, ძალიან სახიფათოა, განსაკუთრებით არასრულწლოვანისთვის!
-სამაგიეროდ, იცი რამდენი ათასი ადამიანი რეკავდა სილქნეტში და აგინებდა? იცი, რამდენი ადამიანი გადავიდა მაგთზე სილქნეტიდან მაგის გამო?
–რამდენი?
-21 000
-ეგ საიდან გაიგეთ?
-მაგთიდ…მაგთის არ მოუწოდებია ჩემთვის ეგ ინფორმაცია, მაგას ვერ მათქმევინებ! ახლა სილქნეტზეც დალაგდა, ვიყიდეთ, უფრო სწორად, ვიქირავეთ არხი და გადის იქაც ალტ-ინფო, ასე რომ არც ისე შტერები ვართ, როგორც ხედავ!
წყარო :თამო კეშელავა, ალია