“მისი უეცარი გარდაცვალება არ გამკვირვებია, თითქოს ეს ასეც უნდა ყოფილიყო რადგან..”

0
643
27 Views

თუში პოეტი და პატრიარქის ჩოხოსანი გიორგი რამაზაშვილი ლევან კბილაშვილს იხსენებს, საუბრობს მასთან შეხვერდებზე და ურთიერთობაზე, თუ რა დამოკიდებულება ჰქონდა მისადმი. პოეტმა ლევან კბილაშვილს ლექსიც მიუძღვნა.გიორგი რამაზაშვილი: – ჩვენ მეგობრები არ ვყოფილვართ. ვიცნობდი და ვაფასებდი, როგორც უბადლო შემსრულებელს. საკმარისია ლევანის ნამღერი მოისმინო, რომ ჩათვალო, რომ მას იცნობ. როდესაც ადამიანის სულს კეთილშობილება ასე აშკარად ეტყობა, არ არის აუცილებელი ძალიან ახლოს იყო მასთან. ის ისედაც შენიანია უკვე.

ლევანის მსგავსი ადამიანის გარდაცვალება, სააქაოსა და სამზეოს დატოვება, დიდი ტრაგედიაა. შემძრა. საქართველოში გლოვის ზარია… მე თუშურ დიალექტზეც ვწერ ლექსებს და ლევანი სულ აღნიშნავდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დიალექტს არ კარგავო. იყო რამდენიმე შემთხვევა, მთხოვა, მისთვის ჩემი თუშური ლექსები წამეკითხა და გულისყურით და სიყვარულით მისმენდა.

მისი მოსმენისას კი მქონდა შეგრძნება, რომ ქართველი ერი არ გადაშენდება იმიტომ, რომ ჰყავს ლევან კბილაშვილი. ამას დღეს, სამწუხაროდ, ვეღარ ვიტყვი. ვინ იფიქრებდა, რომ ლევანი ასე ნაადრევად დატოვებდა სააქაოს, მაგრამ როცა მისი უეცარი გარდაცვალების შესახებ გავიგე, მისი ძალიან ნაღვლიანი ხმიდან გამომდინარე, თითქოს ეს არც გამკვირვებია. ის ხომ ღმერთის შვილი იყო – ასე ჩავთვალე. თითქოს ეს ასეც უნდა ყოფილიყო. ეს მისადმი მიძღვნილ ლექსშიც აღვნიშნე: “არ დაგტოვებდა სააქაოზე ღმერთი, შენი ღიმილიც სიმღერაც იყო სევდა…” ვეცადე, რომ ლექსი, რომელიც ლევანს მივუძღვენი, სამგლოვიარო არ ყოფილიყო. რადგან ვერ ვიღებ ინფორმაციას, რომ ის აღარ არის. თუმცა ლექსმა თვითონ წამიყვანა სამძიმრის სათქმელად…

***

“ანგელოზები უფლის საბრძანისს სხედან… ღამდება ლევან პირი არ უჩანს ცისკარს,

თენდება ბიჭო ცა აიხვეტავს ნისლებს, სიმღერა მესმის წითელ პერანგა ქალზე,

პატარა ბიჭი პატარა გოგოს მისდევს. სად გასჭვრეტს შენი ღელვით აჭრილი თვალი,

თავად მზეს ათბობს სამყაროს ტოლა მზერა, ვაჟკაცობისა ღმერთამდე ჩასდე კვალი,

ქართველობისა გულში აგვიგე კერა. სიცოცხლის ყანას სულ სიყვარული სთესე,

უკვე მომკილი პეშვით აყარე წისქვილს, იმღერე ლევან ჰანგის დარეკე ზარი,

სადა ხარ, ბიჭო, შენთან რა უნდა სიკვდილს. ანგელოზები უფლის საბრძანისს სხედან,

არ დაგტოვებდა სააქაოზე ღმერთი, შენი ღიმილიც სიმღერაც იყო სევდა,

და სამყოფელი ზღვის გულში ერთი წვეთი. დაღამდა ლევან ბოლო არ უჩანს ლოდინს,

დედა ბუნება რამდენ თავის ძეს კარგავს, გესალბუნება საბრძანებელი უფლის,

ცის საქართველო ჭრელ თვალა ფარდაგს ქარგავს.”

Cesko