“ბორის ჯონსონის გამო შეირყა ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანი ღირებულებები…” – რატომ გადადგა იუსტიციის მინისტრი, ვიქტორია ატკინსი

0
734
27 Views

დიდ ბრიტანეთში კიდევ ორი მინისტრი გადადგა – დიდი ბრიტანეთის ხაზინის მინისტრი, ჯონ გლენი, იუსტიციის მინისტრი, ვიქტორია ატკინსი და სასოფლო ინოვაციისა და კლიმატის ადაპტაციის მინისტრი, ჯო ჩერჩილი.

ჯონ გლენის თქმით, “ქვეყანა უკეთესს იმსახურებს”.

“ჩვენ უკეთესები შეგვიძლია და უნდა ვიყოთ”. – წერია ვიქტორია ატკინსის განცხადებაში.

როგორც ატკინსი წერს, ბორის ჯონსონის გამო შეირყა ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანი ღირებულებები.

“ღირებულებები, როგორიცაა პატიოსნება, წესიერება, პატივისცემა და პროფესიონალიზმი ყველას უნდა გვაღელვებდეს. თქვენს მმართველობაში ამ ღირებულებების შერყევას მზარდი შეშფოთებით ვუყურებდი პატერსონის, ფართიგეითისა და პინჩერის შემთხვევების ჩათვლით”. – წერს ატკინსი.

ჯო ჩერჩილის თქმით, “პარტია და ქვეყანა უკეთესს იმსახურებენ”.

თანამდებობები დატოვა შედარებით დაბალი თანამდებობის რამდენიმე სხვა პარლამენტარმაც, ზოგმა კი ჯონსონს უნდობლობა გამოუცხადა. ამ დრომდე მაღალი რანგის მინისტრებიდან გადადგა მხოლოდ ორი.


5 ივლისს დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა, საჯიდ ჯავიდმა და ფინანსთა მინისტრმა, რიში სუნაკმა თანამდებობი დატოვეს, რადგან მათ პრემიერმინიტრ ბორის ჯონსონთან თანამშრომლობა არ სურთ. გადადგა ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის კიდევ რამდენიმე შედარებით დაბალი რანგის მაღალჩინოსანიც.

ბორის ჯონსონმა ფინანსთა მინისტრად ნადიმ ზაჰავი დანიშნა, ჯანდაცვის მინისტრად კი სტივ ბარკლაი. თუმცა, The Guardian-ის ცნობით, ვითარება მაინც დაძაბულია, რადგან, სხვადასხვა ინფორმაციით, ნადიმ ზაჰავის სურს საგარეო საქმეთა მინისტრის, ლიზ თრასის თანამდებობის დაკავება, წინააღმდეგ შემთხვევაში გადადგომით იმუქრება.

“…საზოგადოება ხელისუფლებისგან სწორ, კომპეტენტურ და სერიოზულ მოქცევას სამართლიანად ელის ვაცნობიერებ, რომ ეს, შესაძლოა, ჩემი ბოლო სამუშაო იყოს მინისტრის თანამდებობაზე, თუმცა მწამს, რომ ამ სტანდარტებისთვის ბრძოლა ღირს და ამიტომ ვტოვებ თანამდებობას”. – წერდა რიში სუნაკი წერილში, რომლითაც მან ბორის ჯონსონს მიმართა.

“მე, ბუნებრივად, ჯგუფური მოთამაშე ვარ, თუმცა ბრიტანელი ხალხი ასევე სამართლიანად ელის მათი ხელისუფლებისგან პატიოსნებას”. – წერია საჯიდ ჯავიდის წერილში.

საჯიდ ჯავიდი წერილში ასევე წერდა, რომ სიტუაცია ბორის ჯონსონის მმართველობის ქვეშ არ შეიცვლება და შესაბამისად, მან მის მიმართ ნდობა დაკარგა.

ბოლო რამდენიმე თვეა, რაც ბორის ჯონსონი პოლიტიკური კრიზისის პირისპირ დგას. გასულ თვეში ბრიტანეთის პარლამენტმა განიხილა ბორის ჯონსონისადმი უნდობლობის გამოცხადების შესაძლებლობა. ბორის ჯონსონმა პარლამენტში უნდობლობა დაძლია. ჯონსონი შესაძლოა კიდევ ერთხელ აღმოჩნდეს უნდობლობის გამოცხადების შესაძლებლობის პირისპირ.

ბორის ჯონსონის უნდობლობის საკითხის პარლამენტში დაყენება ე.წ. ფართიგეითის სკანდალს მოჰყვა, რომელიც პრემიერმინისტრისა და მმართველი პარტიის წევრების მიერ კოვიდრეგულაციების დარღვევით მთავრობის რეზიდენციაში 12 წვეულების გამართვას გულისხმობს. აღნიშნულ საქმეს მეტროპოლიტენის პოლიცია იძიებს.

ცნობილია, რომ ბორის ჯონსონი სამ ღონისძიებას დაესწრო. ერთ-ერთ წვეულებაზე ბორის ჯონსონის დასწრების შესახებ ინფორმაცია იანვარში გავრცელდა. პრემიერმინისტრმა მაშინ თქვა, რომ წვეულებაზე 25 წუთი გაატარა და შემდეგ მუშაობა გააგრძელა. ჯონსონის თქმით, მას ეგონა, რომ შეკრება სამუშაო ღონისძიება იყო.

მთავრობის რეზიდენციაში წვეულებები მაშინ ჩატარდა, როცა დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ მკაცრი ლოკდაუნი იყო დაწესებული, აკრძალული იყო ხალხმრავალი შეკრებები. ნებადართული იყო მხოლოდ ორი ადამიანის შეხვედრა ღია სივრცეში. სამუშაო შეხვედრები მხოლოდ უკიდურესი საჭიროების შემთხვევაში უნდა ჩატარებულიყო.

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა 2020 წლის 20 მაისს მთავრობის ოფიციალურ რეზიდენციაში წვეულებაზე დასწრებისთვის ბოდიში მოიხადა.

წყარო: https://tabula.ge/ge/

Cesko