მეცხრე დღეა, სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნოღაში გაუჩინარებულ მამაკაცს ეძებენ.
როგორც “გურია ნიუსი” წერს, 82 წლის თეიმურაზ შანიძე 27 ივნისის დილით სახლიდან გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. მამაკაცი სამი დღის წინ დაკარგული ძროხის საძებნელად გაეშურა და მეუღლეს დაუბარა, თუ რა მიმართულებით აპირებდა წასვლას.
,,მობილური ტელეფონის წაღება უნდოდა, მაგრამ, ვინაიდან ტელეფონს ელემენტი დამჯდარი ჰქონდა, სახლში დაუტოვებია. მეუღლისთვის უთქვამს, სოფელ გამოჩინებულში ზანდოს მონასტრის მხრიდან გადავიდოდა და ნახავდა იმ ადგილს, სადაც გზააბნეული პირუტყვი იყრიდა თავს. საღამოს რომ არ დაბრუნდა, მეუღლემ მეზობლებს დახმარება სთხოვა მოძებნაში.
ძაღლი, რომელიც პატრონს ახლდა, 82 წლის მამაკაცის გაუჩინარებიდან მეორე დღეს დაბრუნდა სახლში, არა დაკბენილი, არამედ ნაცემი. დაეგდო ერთ ადგილას და ფეხს აღარ იცვლის.
ვერსია იმის შესახებ, რომ მამაკაცი მხეცმა შეჭამა და მისი ძაღლი დაკბინა, სიმართლე არ მგონია. თეიმურაზ შანიძე ძალიან ფრთხილი იყო, მას მარცხენა ხელი გაუქმებული ჰქონდა. ძროხის საძებნელად წასულმა თან წალდი წაიღო.
არიან ადამიანები, რომლებიც გვიყვებიან, რომ ტყიდან კაცის განწირული ხმა გაიგონეს, მიშველეთო. ამდენად, მოკლულია, ვფიქრობ”,- ეს ინფორმაცია ,,გურია ნიუსს” ოჯახის ახლობელმა მიაწოდა.