– სად არის მხატვარი, ის გენიოსია! – იყვირა სალვადორ დალიმ, როცა ნიუ იორკში სუხიშვილების ანსამბლის რეპეტიციაზე მივიდა და ქართული ცეკვის კოსტიუმები ნახა.
მხატვარი კი არსად ჩანდა. ხელოვანი, რომელმაც არა მარტო სალვადორ დალი, მთელი მსოფლიო აღაფრთოვანა, სოლიკო ვირსალაძე გახლდათ. მან ქართული თეატრალური მხატვრობის მთელი ეპოქა შექმნა.
,,ბრილიანტი”, “,ბრწყინვალე”, “გენიოსი…” – ამ სიტყვებით მოიხსენიებდნენ ქართველ მხატვარს მაშინდელი მსოფლიოს ჟურნალები: “ლე მონდი”, “ფიგარო” და სხვები. გენიოსი მხატვარი ხშირად გულისტკივილით ამბობდა, ევგენი მიქელაძე რომ არ დაეხვრიტათ, ვახტანგ ჭაბუკიანთან ერთად თბილისში მსოფლიო დონის თეატრს გავაკეთებდითო.
13 იანვარს გენიოსი მხატვრის დაბადებიდან 113 წელი შესრულდა.
სოლიკო ვირსალაძეს ცოლ-შვილი არ ჰყავდა. ამბობდა, რომ ხელოვნებაზე იყო დაქორწინებული. შვილებად – დისშვილებს, შვილიშვილებად დის შვილიშვილებს თვლიდა. ,,სარკესთან” დიდ წინაპარზე სწორედ მისმა დისშვილებმა, ისტორიკოსმა და მეცნიერმა, მანანა ხიდაშელმა და ხელოვნებათმცოდნემ, საქართველოს ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, გოგი ხოშტარიამ უამბეს.
მხატვრის ოჯახს უბედობა დაჰყვა. მათი ტრაგედია ქვეყნისას გადაება. ჯერ კომუნისტური რეპრესიები იყო, შემდეგ ქალბატონი მანანას ვაჟი, მსახიობი ლევან აბაშიძე, რომელიც სოლიკოს გამორჩეულად უყვარდა, აფხაზეთის ომს შეეწირა.
სოლიკო ვირსალაძე ყველა ინტერვიუში აღნიშნავდა, მხატვრობისა და მუსიკისადმი ჩემი ინტერესი ოჯახმა განაპირობაო. ბიძამისი, სპირიდონ ვირსალაძე, ცნობილი ექიმი იყო. პარაზიტოლოგიის ინსტიტუტი მის სახელს ატარებს. სპირიდონი ცნობილი ექიმის, კოტე ვირსალაძის, მამა და ცნობილი მუსიკოსის, ელისო ვირსალაძის, პაპა გახლდათ.
სოლიკოს მამა, ბაგრატი, ეკონომისტი იყო. დამოუკიდებელ საქართველოში კონტროლის პალატას ხელმძღვანელობდა. საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვას საშინლად განიცდიდა და ბოლშევიკების მხილებასაც არ ერიდებოდა. მას ერთი დიდი გატაცება ჰქონდა – თეატრი.
სოლიკოს დედა, ელენე მუსხელიშვილი, გენერლის ქალიშვილი გახლდათ. წმინდა ნინოს სასწავლებელი ოქროს მედალზე დაამთავრა და სწავლის გასაგრძელებლად ჟენევაში წასვლა გადაწყვიტა. ოჯახის წინააღმდეგობის მიუხედავად, ოცნება მაინც აისრულა – ოქროს მედალი გაყიდა და ჟენევაში გაემგზავრა. სწორედ უცხოეთის ცის ქვეშ გადაიკვეთა ორი ნიჭიერი ადამიანის ბედი.
ბაგრატი და ელენე ერთმანეთს პარიზში შეხვდნენ. ბაგრატი ელენეზე 11 წლით უფროსი იყო. თურმე ელენე ახლობლებთან ხშირად იხსენებდა, შევიძინე თაყვანისმცემელი, რომელიც აჩრდილივით უკან დამდევდაო.
მანანა ხიდაშელი: მე დიდედა ელენეს გაზრდილი ვარ. უაღრესად განათლებული ადამიანი იყო. უცხოეთიდან რომ ჩამოვიდა, წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში მუშაობდა. ,,ჯეჯილში” მოთხრობებს ბეჭდავდა, შესანიშნავად ხატავდა და მღეროდა.
გოგი ხოშტარია: მისი სიმღერა ერთადერთხელ მოვისმინე. აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე ელენემ და დედამ ორ ხმაში “ქრისტე აღსდგა” იგალობეს. საერთოდ ადამიანის ბედს ფასეულობები განსაზღვრავს. ეს იყო ოჯახი, სადაც სულიერება მატერიალურზე წინ იდგა.
ბაბუა და ბებია რომ დაქორწინდნენ, ბაბუამ მეუღლეს უთხრა, შემიძლია, ბრილიანტის კოლიე გიყიდო ან იმ ფულით იტალიაში ვიმოგზაუროთო. რა თქმა უნდა, იტალიაში მოგზაურობა ამჯობინეს.
მანანა: დედაჩემს ერთი ბეჭედი ჰქონდა და ისიც კომუნისტებმა წაიღეს 1937 წელს. სოლიკო იხსენებდა, შეიძლება ოჯახში პური და ტანსაცმელი არ ყოფილიყო, მაგრამ წიგნები, საღებავები და ჟურნალის ,,მირ ისკუსტვა” ახალი ნომრები ყოველთვის გვქონდაო.
სახლში სცენის მაკეტი ჰქონდათ და სპექტაკლებს დგამდნენ. სოლიკო თურმე ერთ წუთში აკეთებდა რეკვიზიტს, თოჯინას, ჩასაცმელს… სკოლაში დები კარგად სწავლობდნენ, სოლიკო კი ოროსანი გახლდათ. 10 წლის იყო, ოპერის თეატრში რომ შეიყვანეს. თურმე თავდაჯერებულმა თქვა, მე აქ ვიმუშავებო. ის თეატრისთვის იყო დაბადებული.
გოგი: სოლიკოს ფერების აბსოლუტური შეგრძნება ჰქონდა. უამრავი მხატვრისგან გამიგია, საწყენია, დაზგურ მხატვრობაში რომ არ წავიდაო. თეატრალური მხატვრობა სინთეზური ხელოვნებაა. თეატრალური მხატვარი თანაავტორი ხდება დირიჟორის, კომპოზიტორის, რეჟისორის, მოცეკვავის… სოლიკო ყველა ნიუანსს გენიალურად ფლობდა. გარდა იმისა, რომ ფანტასტიკური ფერწერული ნიჭი ჰქონდა, არაჩვეულებრივად იცოდა სცენა, მუსიკა, ისტორია, კულტურა…
საერთო განათლება საქმეში ძალიან ეხმარებოდა. ცნობილმა იტალიელმა ფიზიკოსმა მისი “სპარტაკი” რომ ნახა, ჰკითხა, ასე კარგად რომი როგორ შეიგრძენით, ალბათ იტალია ნანახი გაქვთო. არადა მაშინ იტალია ნანახი არ ჰქონდა. ისტორიის, ეპოქის შეგრძნების ნიჭი ბუნებრივად დაჰყვა. საბჭოთა კავშირში ბალეტი, რეალიზმის მოთხოვნით, პანტომიმად აქციეს. სოლიკოს კონცეფცია კი ბალეტი-სპექტაკლი იყო, როცა მუსიკალური, პლასტიკური ენით სახეები იქმნება.
შეუვალი ადამიანი იყო. 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით ლენინის ორდენი მეორედ მისცეს. მაშინ ცკ-ის პირველი მდივანი შევარდნაძე იყო. საღამოს ტელევიზიიდან ჯულიეტა ვაშაყმაძე მივიდა და ჰკითხა, ბატონო სოლიკო, მადლობას როგორ ეტყვითო. უპასუხა, ერთი წუთით მოიცადეთო. გამოუტანა ის ორდენი და უთხრა, აჰა და წაიღეთო. სცენაზე თავის დასაკრავად ძალით გაჰყავდათ.
მანანა: ერთხელ ვახტანგ ჭაბუკიანმა სცენაზე ხელში აყვანილი გაიყვანა და ,,დადგა”.
გოგი: უზბეკეთის ცკ-ის პირველი მდივანი ეუბნებოდა, დაასახელე, რამდენი მილიონი გინდა და უზბეკეთის დეკადა გააკეთეო. სოლიკოს ეცინებოდა, ამაზე დროს როგორ დავკარგავო. შეეძლო, წელიწადში ათი გაფორმება გაეკეთებინა, მაგრამ ერთზე მეტს არასოდეს აკეთებდა და ის ერთი გენიალური იყო.
,,დიდი თეატრის” სახელოსნოებში ყველას აიძულებდა, თითოეული დეტალისთვის დიდი ყურადღება მიექცია. ამბობდნენ, გვაწამებს, მაგრამ მასთან მუშაობის შემდეგ პროფესიულად ვიზრდებითო.
მანანა: თავადაც თავდადების მაგალითს იძლეოდა. თავს არ ზოგავდა. მახსოვს, სუხიშვილების კოსტიუმებს რომ კერავდა, თითოეული ქსოვილის ფერს როგორ არჩევდა. კოსტიუმებს თავისი ხელით ხატავდა.
– ცნობილია, რომ მას და ნინო რამიშვილს ერთმანეთთან დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებდათ. რას გაიხსენებდით ამ ურთიერთობიდან?
მანანა: სოლიკო პატარაობისას პერინის საბალეტო სტუდიაში სწავლობდა, სადაც ვახტანგ ჭაბუკიანი და ნინო რამიშვილიც დადიოდნენ. ნინო და დედაჩემი ერთ კლასში იყვნენ. ასე რომ, ნინოსთან ბავშვობიდან მეგობრობდა. ნინო ოპერაში სახასიათო ცეკვებს ასრულებდა. მათ ერთმანეთთან განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდათ.
შეიძლება ბევრს არ ესიამოვნოს, მაგრამ სუხიშვილების ანსამბლის ერთ-ერთი შემქმნელი სოლიკოცაა. აჭარული კოსტიუმი მან შექმნა, მანამდე არ არსებობდა. არც ,,სიმდის” კოსტიუმი იყო, ისიც სოლიკოს შექმნილია. როცა ანსამბლის კოსტიუმებზე დაიწყეს მუშაობა, ფული არ ჰქონდათ. სოლიკო იხსენებდა, ოპერაში შუშის მოსართავ ქვებს ვიპარავდი და კოსტიუმებისთვის ვიყენებდიო.
ორი წელი სუხიშვილების ანსამბლში ვცეკვავდი. ამ ხნის განმავლობაში მსოფლიოს 22 ქვეყანაში ვიყავით გასტროლებზე. ,,აჭარულის” ცეკვისას სცენაზე ქალები რომ გამოდიოდნენ, არ ყოფილა შემთხვევა, მაყურებელს ტაში არ დაეკრა.
– კომუნისტურ რეპრესიებს სოლიკოს ოჯახის წევრებთან ერთად ბევრი მისი მეგობარი ემსხვერპლა – ევგენი მიქელაძე, სანდრო ახმეტელი, პეტრე ოცხელი, პაოლო იაშვილი, ტიციან ტაბიძე… თავად როგორ გადაურჩა სასტიკ რეჟიმს?
გოგი: იმ პერიოდში სოლიკოს ლენინგრადის მარიის თეატრში დაკვეთა მისცეს. ერთი სპექტაკლი რომ გააკეთა, გაიგო, რომ ჟენია, მამა, და და სიძე დაიჭირეს. აქედან უთვლიდნენ, არ ჩამოხვიდე, თორემ შენც დაგიჭერენო. ამასობაში კიდევ ერთი სპექტაკლი შეუკვეთეს. შემდეგ კი შტატიც შესთავაზეს. მან გაამხილა, არ შემიძლია, არ გითხრათ, მამა, და, სიძე და მეგობრები დამიპატიმრესო. უპასუხეს, ამიტომაც გენდობით და გვინდა, შტატში აგიყვანოთო. თეატრში ძველი ინტელიგენცია მუშაობდა და სოლიკოს ფასი კარგად იცოდნენ.
– ქალბატონო მანანა, თქვენი ოჯახის კიდევ ერთი დიდი ტკივილი თქვენი შვილია – ახალგაზრდა, ნიჭიერი, ულამაზესი მსახიობი, ლევან აბაშიძე, რომელიც აფხაზეთის ომს შეეწირა. სოლიკოსა და ლევანს ერთმანეთთან როგორი ურთიერთობა ჰქონდათ?
გოგი: კიდევ კარგი, ლევანის სიკვდილს ვერ მოესწრო. სოლიკო ყველას გვანებივრებდა, მაგრამ ლევანი მაინც გამორჩეულად უყვარდა, ისევე, როგორც ყველას.
მანანა: ჩემი შვილები, ერეკლე და ლევანი, ჯინსებში რომ დადიოდნენ, ვერ ხვდებოდნენ, ყველა გაოცებული რატომ უყურებდა. ეგონათ, ეს ჩვეულებრივი რამ იყო. სოლიკო თავისი ჰონორარის დიდ ნაწილს მათ საჩუქრებში ხარჯავდა.
– ლევანის პროფესიულ არჩევანს როგორ შეხვდა?
მანანა: მოსწონდა. ლევანი მესამე კურსზე იყო, როცა მიშა თუმანიშვილთან სპექტაკლ “ჩემს პატარა ქალაქში” მთავარი როლი ითამაშა. სოლიკო და ლევანი საშინლად ღელავდნენ. მან ლევანს მაღალი შეფასება მისცა.
სოლიკო ავად რომ გახდა, ჯერ მოსკოვში იწვა. მე და ლევანი იქ რიგრიგობით ჩავდიოდით და თავზე ვადექით. მერე თბილისის ,,ლეჩკომბინატში” გვეწვინა. ერთ ღამეს გამეღვიძა და მეგონა, რომ სოლიკო აღარ სუნთქავდა. დილის 4 საათზე ლევანს დავურეკე, სოლიკოს სუნთქვა გაუჩერდა-მეთქი. ნახევარ საათში ლევანი პალატაში აივნიდან შემოვიდა. თურმე საწვიმარი მილით მესამე სართულზე ამოცოცდა. რომ მოვიდა, სოლიკო უკვე მდგომარეობიდან გამოსული იყო. გაუკვირდა ლევანის დანახვა. სად იყავიო, ჰკითხა. ლევანმა უპასუხა, მეგობრის დაბადების დღეზე ვიყავი და გამოგიარეო.
სოლიკოს ლევანი თავთით ედგა და ღამეებს უთენებდა. მათ განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდათ.
…
სოლიკო ვირსალაძე 1989 წელს გარდაიცვალა. ის დიდუბის პანთეონშია დაკრძალული.
თბილისში ბევრი ლამაზი ლეგენდა დადის სიყვარულზე, ერთ-ერთი კი სოლიკო ვირსალაძისა და მხატვარ მარიამ ბაგრატიონის სიყვარულის ამბავიცაა. მხატვარი ამის შესახებ არავისთან საუბრობდა. მისი გარდაცვალების შემდეგ ქალბატონმა მანანამ ბიძის სამუშაო მაგიდის უჯრაში მარიამის პორტრეტი იპოვა, რომელსაც სოლიკო ვირსალაძე სათუთად ინახავდა.
მარიამი გიორგი ბაგრატიონ-მუხრანბატონის ქალიშვილი გახლდათ. მან და სოლიკო ვირსალაძემ ერთმანეთი თბილისის ოპერის თეატრში გაიცნეს, სადაც მარიამი დეკორაციებს აფორმებდა. როგორც ამბობენ, ეს იყო ერთი ნახვით შეყვარება. დაიწყო ლამაზი დღეები, რომლებიც რეპრესებმა შეიწირა – მარიამი დააპატიმრეს.
– აღიარე, რომ თავადიშვილი ხარ! – აძალებდა გამომძიებელი ქალს დაკითხვებზე.
– ეს სიცრუეა! – პასუხობდა მარიამი.
ბოლოს, როცა გამომძიებელი გაცოფდა, მარიამ ბაგრატიონმა პასუხი შეცვალა:
– თავადის ტიტულის მიღება ნებისმიერ ბოშა ქალს შეუძლია, თუ თავადს გაჰყვება ცოლად. მე კი მეფის ასული ვარ!
მარიამ ბაგრატიონი გადაასახლეს. სოლიკო ვირსალაძე საყვარელ ქალს პროდუქტებს, ფულს უგზავნიდა, მაგრამ ყველაფერს ზედამხედველები იღებდნენ. ალბათ ამიტომაც არ დაიჯერა, რომ საყვარელ მამაკაცს ის არასდროს დავიწყებია და დახმარებასაც ცდილობდა.
თბილისში დაბრუნებულმა სოლიკო ვირსალაძესთან შეხვედრაზე უარი თქვა. მხატვარს თავის მართლება არც უცდია, რადგან ეს ღირსების შელახვად მიიჩნია.
“სარკე”