„ევროპელები რობოტები კი არ არიან, შენ ლანძღო, აგინო და გადაწყვეტილებების მიღებისას სრული ობიექტურობა შეინარჩუნონ?!“ – სოსო ცინცაძე

June 18, 09:35
0
580

„ალიას“ ესაუბრება პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე.

– ირაკლი კობახიძემ ბრძანა, ქვეყნის გეოგრაფიულმა მდებარეობამაც შეგვიშალა ხელი კანდიდატის სტატუსის მიღებაშიო, არის ამ სიტყვებში რაიმე სიმართლის მარცვალი?

– ახლა ირაკლი კობახიძე ვითომ საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს დაესესხა ამ სიტყვებს, მაგრამ ისიც არ იცის ნორმალურად, რა თქვა მაკრონმა. “მიუხედავად იმისა რომ, საქართველო არის აზერბაიჯანთან და სომხეთთან სხვა გეოგრაფიულ არეალში, მისი კანდიდატობის საკითხის განხილვა მაგიდაზე დევს”-აი, ეს თქვა ორი დღის უკან მაკრონმა, მან კი ახსენა საქართველოს „გეოგრაფიული არეალი“, მაგრამ ამის გამო საქართველოს ხელი შეშლება ევროკავშირის კანდიდატობის მიღებაშიო, ეს არ უთქვამს. კობახიძე ჩვეულებრივი პოლიტიკური მანიპულატორია, მეტი არაფერი. საინტერესო რა არის, იცი? კობახიძე თან იმას ამბობს, ქვეყნის გეოგრაფიულმა მდებარეობამ შეგვიშალა ხელი კანდიდატები რომ ვერ გავხდითო, თან იმას ამბობს, ევროკავშირის წევრობის კანდიდატობისა და მისი წევრობის შანსი არ დაგვიკარგავს, ყველაფერი წინ არისო. მოიცა, მერე, მომავალში აღარ შეგვიშლის ხელს გეოგრაფიული მდებარეობა? თუ ცოტ-ცოტა გაჩოჩდება დასავლეთისკენ საქართველო და 10-15 წლის მერე შუაგულ ევროპაში აღმოვჩნდებით? თუ ევროკავშირის ქვეყნები ისე უნდა მომრავლდნენ, რომ ჩვენს საზღვრებამდე მოვიდეს ევროპა? აი, ამნაირი პოლიტიკოსების ხელში რომ არის ჩვენი ქვეყნის ბედი, იმიტომ მიგვდის საქმე კარგად. ევროპისგან გეოგრაფიული სიშორე არაფერს წყვეტს ევროკავშირის წევრობის საკითხში. ევროკავშირი კი არა, აგერ ნატო-ს სესია უნდა გაიმართოს მადრიდში და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისა და წყნარი ოკეანის ქვეყნები არიან დაპატიჟებულნი-იაპონია, სამხრეთ კორეა, ახალი ზელანდია, ავსტრალია, ბალკანეთის ქვეყნები… გეოგრაფიული პრინციპი აქ არაფერ შუაშია, ამის გამო ევროკომისიას არ დავუბლოკივართ და ეს ყურით მოთრეული მიზეზია. ირაკლი კობახიძემ ის თქვას, თავად და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ევროკავშირის სხვა და სხვა დონის ლიდერებს რომ ლანძღავდნენ და „ევროპელ ნაცებს“ და ათას უბედურებას ეძახდნენ, საქართველოს ომში ჩათრევა უნდათო, აბრალებდნენ. ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი თვალში ეპატარავებათ, უკადრის აკადრებდნენ. ქალი 800 მილიონიანი ევროკავშირის პრემიერ-მინისტრია, ევროპის 27 ქვეყანას წარმოადგენს და შენ ვინ ხარ, ერთი ბეწო საქართველოს პარლამენტარი თუ მინისტრი, მას რომ ატყუებ და თან ლანძღავ? ევროსაბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი, რომელიც 46 ქვეყანას წარმოადგენს, პატარა ბიჭივით არბენინეს ბრიუსელიდან თბილისში და უკან, სამჯერ ჩამოიყვანეს, შეთანხმებაზე ხელი მოუწერეს და მერე „გადააგდეს“. საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჟოზეფ ბორელი, ერთდროულად, ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთთხოების მინისტრია და არც მას დაკლებია უხამსი სიტყვები ჩვენი პოლიტიკოსებისგან. ევროპელები ჩეულებრივი ადამიანები არიან, რობოტები არ არიან, შენ რაც გინდა აკადრო, ლანძღო და იმათ გადაწყვეტილებების მიღებისას სრული ობიექტურობა შეინარჩუნონ, ეგ ძალიან რთულია. დიპლომატია იყო საჭირო, დიპლომატიური მუშაობა ევროკავშირთან, მის ცალკეულ ქვეყნებთან, ევროპარლამენტარებთან და ესენი კიდევ ლამის კრიმინალებს ეძახდნენ იმ ხალხს, ვისაც ეს გადაწყვეტილება უნდა მიეღო. არ მოინდომა ჩვენმა ხელისუფლებამ ევროკავშირის წევრობა და ეს არის ფაქტი. გუშინ, ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ლოკოკინები გადამამუშავებელი ქარხნის გასახსნელად იყო, იმის ნაცვლად, ბრიუსელში ყოფილიყო და მას და მის მოადგილეებს, ევროპის ქვეყნებში ჩვენს ელჩებს, ამ გადაწყვეტილებმდე ერთი თვით ადრე, იქ დაედოთ ბინა და დღე და ღამე მუშაობაში ყოფილიყვნენ, რომ კონკრეტულ ქვეყნებს ჩვენთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატობისთვის მხარი დაეჭირათ. ჩვენ დიპლომატია არ გვაქვს, ქართული დიპლომატია არის ნულზე. მერე, ნიკა გვარამიას დაჭერა იყო შეცდომა. ეს ჩაგვიწერა კიდეც ურსულა ფონ დერ ლაიენმა დასკვნაში, გვარამია არ ახსენა, მაგრამ მოითხოვეს, მედიამფლობელების წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის პროცედურები უმაღლეს საკანონმდებლო სტანდარტებს უნდა შეესაბამებოდესო.

წყარო: “ალია”

Cesko