რუსეთმა შესაძლოა გააუქმოს როგორც ლიტვის, ისე ლატვიის, ესტონეთისა და უკრაინის დამოუკიდებლობის აღიარება, განაცხადა სახელმწიფო დუმის დეპუტატმა ევგენი ფიოდოროვმა.
მანამდე ფიოდოროვმა სახელმწიფო სათათბიროს წარუდგინა კანონპროექტი, რომელიც სსრკ სახელმწიფო საბჭოს „ლიტვის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ“ რეზოლუციის გაუქმებას ითვალისწინებს. დეპუტატის განმარტებით, ეს გადაწყვეტილება უკანონოა, რადგან ის არაკონსტიტუციურმა ორგანომ მიიღო და სსრკ კონსტიტუციის რიგ მუხლებს ეწინააღმდეგება.
„ჩვენ დავიწყეთ ლიტვით. გასაგებია, რატომაც − ლიტვა უფრო საშიშია რუსეთისთვის, გამომდინარე კალინინგრადის ოლქის სიტუაციიდან და ნატოსთან და შეერთებულ შტატებთან დაპირისპირების თვალსაზრისით. ამიტომ ახლა ლიტვა უფრო მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ამაზე გავჩერდებით“, − განაცხადა დეპუტატმა.
როგორც ფიოდოროვმა აღნიშნა, ლიტვაზე არჩევანის გაკეთება იმითაც არის განპირობებული, რომ მის შემთხვევაში ყველაზე კარგად ჩანს დარღვევები. მისი თქმით, ვილნიუსმა დაარღვია სსრკ კანონი „სსრკ-დან საკავშირო რესპუბლიკის გამოყოფასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის პროცედურის შესახებ“, ვინაიდან ქვეყანას არ ჩაუტარებია რეფერენდუმი სსრკ-დან გასვლის თაობაზე.
„ეძინაროსელი“ დეპუტატის თქმით, ლიტვას მოჰყვებიან ლატვია, ესტონეთი და უკრაინა.
პარლამენტარის განცხადებით, პოსტსაბჭოთა ქვეყნების დამოუკიდებლობის აღიარებაზე უარის თქმა ხელს შეუწყობს მათგან მომდინარე საფრთხეების აღმოფხვრას. ხოლო საბჭოთა კავშირის იმ ყოფილი რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარება, რომლებიც მშვიდობისმოყვარე პოლიტიკას ატარებენ, არ გადაიხედება.