„ბიძინა ივანიშვილს გადარჩენის ერთადერთი შანსი აქვს“ – გიორგი გუგავა

0
610
81 Views

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება „ლეიბორისტული პარტიის“ გენერალური მდივანი, გიორგი გუგავა.

– ბატონო გიორგი, ყოველგვარი პირფერობის გარეშე გეტყვით, „ლეიბორისტული პარტის“ ლიდერები ევროკავშირს და ამერიკას ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას რომ სთხოვდით, მაშინ ბევრს ეღიმებოდა და ამას პიარ-სვლად გითვლიდნენ. ევროსაბჭომ მიიღო რეზოლუცია, რომელშიც ივანიშვილის დასანქცირებას მოითხოვს. როგორ შეაფასებთ ამ რეზოლუციის მნიშვნელობას?

– მეც ყოველგვარი თავმდაბლობის გარეშე გეტყვით, რომ ჯერ კიდევ 10 წლის წინ დავიწყეთ ამაზე მუშაობა, შალვა ნათელაშვილის ევროპაში და განსაკუთრებით, ამერიკაში ვიზიტების დროს. გვქონდა პირადი კომუნიკაციები უცხოელ პოლიტიკოსებთან და დიპლომატებთან, ინფორმაციების გაცვლა. ზუსტად ვიცოდით, რომ ერთადერთი საშუალებაა, რომელიც შეაჩერებდა, გაანეიტრალებდა ბიძინა ივანიშვილის ამ დიქტატორულ მიდრეკილებებს. მეორეს მხრივ, ის მიგვათრევდა რუსეთისკენ და სხვებისგან განსხვავებით, ეს მისი ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დავინახეთ. ზოგისთვის ეს ღიმილისმომგვრელი იყო, ზოგი დაგვცინოდა კიდეც. ამის და სხვა მიზეზების გამო გვებრძოდნენ და ერთადერთი რეპრესირებული პარტია ვართ. ჩვენს გამო პარლამენტმა კანონი შეცვალა, რომ პარტიული დაფინანსება არ მიგვეღო, საარჩევნო კომისიებში წარმომადგენლები არ გვყოლოდა, რვაას უბანზეა ლაპარაკი, წაგვართვეს უფასო სატელევიზიო რეკლამა. ყველა საშუალება მოგვისპეს, რომ არჩევნებში სხვა პარტიებთან თანაბარ პირობებში ვიყოთ. სამიზნეში ვყავდით ივანიშვილს ამოღებული და მთავარი მიზეზი სწორედ ის იყო, რომ მის დასანქცირებას, მისი ფულისა და ქონების დაყადაღებას ვთხოვდით ამერიკას და ევროპას. რეზოლუცია, რომელიც ევროპარლამენტმა მიიღო, ეს არის პოლიტიკური განაჩენი ბიძინა ივანიშვილისთვის. რაზედაც ჩვენ წლების მანძილზე ვსაუბრობდით, რომ ივანიშვილი არის რუსი ოლიგარქი, არაფორმალურად მართავს ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური ანექსია მოახდინა, ქვეყნის ფუნდამენტური საგარეო ღერძი შეცვალა და რუსეთის ინტერესებს ანხორციელებს საქართველოში, ეს ყველაფერი დაადასტურა ევროპარლამენტმა. ივანიშვილი, პრაქტიკულად, უკვე მოქცეულია სანქცირების ფორმატში. ეს მისმა ადვოკატმაც აღიარა, რომელმაც განაცხდა, რომ 4 მარტიდან ისინი, ფაქტობრივად, სანქციის პირობებში იმყოფებიან. მალე დააყადაღებენ მის საბანკო ანგარიშებს, ქონებას, საფრთხეში არიან მისი ბიზნეს- პარტნიორები. ევროკავშირმა ბევრ რამეზე დაუხუჭა თვალი ივანიშვილს, არაერთხელ გაყალბებულ არჩევნებზე, პოლიტიკოსებისა და მედიის დევნაზე, სახელისუფლებო სტრუქტურების მიტაცებაზე. თავის მხრივ, ივანიშვილმა რამდენჯერმე „გადააგდო“ ევროკავშირი, როდესაც მისი მორჯულება და საქართველოს დემოკრატიულ რელსებზე გადაყვანა სცადეს. ახლა უკვე აღარაფერს ერიდებიან, რადგან ივანიშვილი უდიდეს საფრთხედ გადაიქცა ჩვენი რეგიონისთვის.

ამერიკა არავის აფრთხილებს, ვის როდის დაასანქცირებს. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში შექმნილია უცხოური აქტივების მართვის სამსახური. ეს სამსახური მოიძიებს ივანიშვილის ფულს და ქონებას ამერიკაში. ასევე, მუშაობს რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებული ერმაკ-მაკფოლის საერთაშორისო ჯგუფი, რომელმაც რამდენიმე ასეული რუსი ოლიგარქის სანქციების დაწესებაში მიიღო მონაწილეობა. ეს ჯგუფი, ევროკავშირის, ამერიკას, დიდ ბრიტანეთს და სხვა ქვეყნებს აწვდის ინფორმაციას, კრემლთან დაახლოებულ რუსი ოლიგარქების შესახებ, რომლებიც დასანქცირებას ექვემდებარებიან. ეს ჯგუფი იკვლევს არა მხოლოდ დასასანქცირებელ ოლიგარქებს, ვინც თავს არიდებს სანქციებს, იმ ბიზნესმენებსა და პოლიტიკოსების ვინაობასაც ადგენს. ისინი კი მეორად სანქციებს ექვემდებარებიან. ამ სიაში უკვე მოხვედრილია ბიძინა ივანიშვილი. ეს ნიშნავს, რომ დადასტურებულია მისი ბიზნეს-საქმიანობა სანქცირებულ რუს ოლიგარქებთან. ერთადერთი, რაც ივანიშვილს გადაარჩენს ის არის, რომ დანიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, თავისი მარიონეტები ჩამოაცილოს ძალაუფლებას და დატოვოს ქვეყნის არაფორმალური მმართველობა. ასეთ შემთხვევაში, საკუთარი ქონების ნაწილს მაინც გადაარჩენს.

Cesko