,,მისგან მყავს საუკეთესო შვილი” – როგორ დაემშვიდობა თამაზ მეჭიაური ყოფილ ცოლს

June 11, 12:33
0
436

6 შვილი და 4 შვილიშვილი – პოლიტიკოსმა თამაზ მეჭიაურმა დიდი ოჯახი დატოვა და დიდი სიყვარული ყველა იმ ადამიანში, ვინც მას იცნობდა. პოლიტიკოსის ყოფილმა მეუღლემ, თამარ მეჭიაურმა ,,სარკესთან” ბატონი თამაზის შესახებ ისაუბრა:

– სანამ პასუხი შეეძლო, შვილები მუდმივად ეკონტაქტებოდნენ კლინიკაში. მე ბოლოს პირველ თებერვალს ვესაუბრე. ძალიან მოწყენილი ხმა ჰქონდა. შემოვუძახე, ხომ იცი, ყველაფერი კარგად იქნება, გამაგრდი და შენებურად იბრძოლე-მეთქი. ისე სევდიანად დამემშვიდობა, გული ჩამწყდა. როცა გაითიშა და აპარატზე გადაიყვანეს, ძალიან ვღელავდით, მაგრამ ერთი წუთითაც არ დაგვიშვია, რომ ყველაფერი ასე ტრაგიკულად დასრულდებოდა.

– როგორი მამა იყო?

– თამაზი საუკეთესო მამა გახლდათ. მისი დამსახურებაა, რომ ყველა შვილს საუკეთესო, სიყვარულით სავსე ურთიერთობა აქვთ, ერთმანეთის გვერდით არიან ჭირშიც და ლხინშიც. ძალიან სამართლიანი იყო, არასდროს გაამართლებდა შვილს მხოლოდ იმიტომ, რომ მისი შვილი იყო. ბავშვობიდან ასწავლა შრომის ფასი, ავის და კარგის გარჩევა, სამშობლოს, ოჯახის, მეგობრების სიყვარული. მეგობრობდა შვილებთან, კახას ყოველთვის შეეძლო მამასთან გახსნილად საუბარი ნებისმიერ თემაზე. შვილებისთვის იყო დიდი იმედი და საყრდენი.

მეგონა, კარგად ვიცნობდი თამაზს, ვიცოდი მისი ცხოვრება, მაგრამ ბოლომდე არ მცნობია, ეს რამდენი სიყვარული და პატივისცემა დაუმსახურებია ამ წუთისოფელში. შვილებს ძალიან ეამაყებათ, რომ ასეთი მამა ჰყავდათ.

– ბატონ თამაზს გასულ წელს ძმა გარდაეცვალა. ვიცით, რომ მოხუც დედას ვერ ეუბნებოდით იმას, რომ მეორე შვილიც დაკარგა…

– თამაზს არაჩვეულებრივი დედა ჰყავს, ქალბატონი ოლღა. ის იყო ულამაზესი, უკეთილშობილესი ქალი, რომელიც ძალიან მიყვარს. უმძიმესი დარტყმა იყო მისთვის მოხუცებულობის ასაკში პირველი შვილის გარდაცვალება. თავისი 88 წლის ასაკის მიუხედავად, ძალიან ფხიზელი გონება აქვს.მეგობრებმა შეძლეს და უთხრეს.ისედაც გამწარებული ცხოვრება ბოლომდე გაუმწარდა.

თამაზი საოცარი შვილი იყო, უზომოდ უყვარდა დედა, მისი ცრემლების დანახვა არ შეეძლო. ვერ გეტყვით, როგორ გადაიტანს ამ თავსდამტყდარ უბედურებას.

-დაცილების შემდეგ კარგი ურთიერთობა შეინარჩუნეთ. თქვენს ხსოვნაში როგორი თამაზი დარჩა?

– უამრავი ნათელი და ლამაზი მოგონება მაქვს ჩვენი ერთად ცხოვრებისა და მყავს საუკეთესო შვილი, კახა მეჭიაური, მამის გენეტიკის მატარებელი. მას ყოველთვის შეეძლო ჩვენთან მოსვლა, მეგობრების მოყვანა. კახასთვის და ყველა შვილისთვის ის იყო კაცობის მაგალითი, უღირსი საქმე არასდროს ჩაუდენია. მე მისი დიდი პატივისცემა მქონდა. ის ყოველთვის დარჩება ჩემთვის, როგორც საუკეთესო ადამიანი, ვაჟკაცობისა და პატიოსნების სიმბოლო.

–ბატონი თამაზი ბიძინა ივანიშვილის ჯგუფელი იყო უნივერსიტეტში. თუ იყო მოსული სამძიმარზე?

-მან პირველმა მიუსამძიმრა ოჯახს.

ინტერვიუ სრულად დაიბეჭდა ჟურნალ ,,სარკეში”

Cesko