“არ შეიძლება ცუდი თქვა, როცა შუაღამისას რაიონის მერი ლოგინიდან დგება და ადგილზე გამორბის…” – გამზარდია

0
610
28 Views

ჟურნალისტი, არჩილ გამზარდია: “იმისათვის, რომ სიტყვას ფასი ჰქონდეს, კარგზე კარგი უნდა თქვა და ცუდზე – ცუდი. არ შეიძლება კარგი თქვა იმაზე, რომ ასეთი ქურდობები ხდება, ეს 90-იანებისეულ გაჭირვებაზე მიუთითებს, როდესაც ხალხი ყველაფერს იპარავდა, რისი მოპარვაც შესაძლებელი იყო.

მაგრამ არ შეიძლება ცუდი თქვა იმაზე, როდესაც სოციალურ ქსელში პოსტს დადებ და შინაგან საქმეთა სამინისტრო მყისიერად რეაგირებს, უკავშირდება რეგიონის პოლიციას და ღამის თორმეტ საათზე რამდენიმე ჯგუფი გამოდის პოლიციელების, კრიმინალისტების, პოლიციის უფროსიდან დაწყებული, რიგითი პოლიციელით დასრულებული, ყველა მოდის ადგილზე და სწავლობს ამბავს.

არ შეიძლება ცუდი თქვა, როდესაც შუაღამისას კავშირზეა რაიონის მერი და მისი წარმომადგენელი არასამუშაო დროს, ლოგინიდან დგება და ადგილზე გამორბის.

როდესაც ყველა მამხნევებს და პრობლემების მოგვარებას მპირდება.

ზოგმა დაწერა, ცნობადი სახე ხარ და იმიტომო, ჩემნაირი “ცნობადი” სახე უამრავია, მით უმეტეს ჩემნაირი კრიტიკული და ოპონენტი ხელისუფლების მიმართ, სულ ვამბობთ რომ ხელისუფლება არც კი ინტერესდება მის მიმართ კრიტიკულად განწყობილი ადამიანების აზრით და მდგომარეობით და მაშინ ერთი ლოგიკა მეორეს ეწინააღმდეგება.

ჯერჯერობით ზიანიც მოსაგვარებელია და კრიმინალური შემთხვევაც გასახსნელი, რომ მსგავსი პრეცენდენტები აღარ ან ნაკლებად განმეორდეს. ამიტომ, კარგზე კარგი ვთქვათ და ცუდზე – ცუდი. იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად დასრულდება.

ჩემი საქმიანობა სიტყვაა, ჩემს მოკრძალებულ სიტყვასაც და რეპუტაციასაც სიფრთხილით ვეკიდები, რომ კარგსაც როცა ვიტყვი, ფასი ჰქონდეს და ცუდსაც როცა ვიტყვი, იმასაც ფასი ჰქონდეს.

მადლობა ყველას, ვინც მგულშემატკივრობს, რადგან მსგავსი შემთხვევები მორალურადაც მძიმეა და მატერიალურადაც, რისი რესურსებიც მე ნაკლებად გამაჩნია.

Cesko