,, მინდა გავაწბილო კობახიძეც და ივანიშვილიც” – ნიკა გვარამიას წერილი (სრული ვერსია)

May 31, 10:36
0
397

პატიმრობაში მყოფი ნიკა გვამარიას სოციალურ ქსელში წერილი, რომლის ნაწყვეტები დღეს გასაჯაროვდა, სრული ვერსია ქვეყნდება:

,,დღეს ირაკლი კობახიძემ სასიკვდილო განაჩენი გამოუცხადა მიხეილ სააკაშვილს. გამოვიდა და ისაუბრა დიაგნოზებზე, მკურნალობის ფორმებზე და შესაძლებლობებზე და, რაც მთავარია, სასამართლოს გადაწყვეტილება სასჯელის გადავადებასთან და უცხოეთში გადაყვანასთან დაკავშირებით, პრაქტიკულად, წინასწარ დააანონსა და განაცხადა, რომ ასეთი გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული.

დღეს ირაკლი კობახიძემ პოლიტიკური განაჩენი გამომიტანა მეც. მეტიც, ეს განაჩენი კიდევ უფრო მძიმეა და კიდევ უფრო ღიად პოლიტიკური, ვიდრე მოსამართლე ჩხიკვაძის განაჩენი. ჯერ ერთი, პირდაპირ გამოაცხადა, რომ ჩემი პატიმრობის წინაპირობა “ქართული ოცნების” მოგონილი “ქვეყნის მტრობა და ეკლესიის მაგინებლობაა”.
ამას გარდა, განაცხადა სრული და მიზანმიმართული ტყუილი, რომ თურმე პოროშენკოზე და მოლდოვის ყოფილ პრეზიდენტ დოდონზე მძიმე ბრალით ვარ ციხეში. ცხადია, ეს სრული ტყუილია. ხსენებული ორი პირი ბრალდებულია უმაღლეს სახელმწიფო თანამდებობებზე ყოფნისას ჩადენილ უმძიმეს დანაშაულებში. ჩემთვის ამგვარი ბრალდება ივანიშვილის პოლიტიკურ პროკურატურასაც კი არ წაუყენებია და მოსამართლე ჩხიკვაძის პოლიტიკურ განაჩენშიც კი არ წერია.

ასეთი განცხადებები აბსოლუტურად ნათელს ხდის, რომ დღეს სასამართლო ირაკლი კობახიძე და მის უკან მდგარი ივანიშვილია.
ასეთი განცხადებები, ასევე, ცხადყოფს, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის და ჩემთვის სასამართლოსთვის მიმართვამ უკვე ფორმალური შინაარსიც დაკარგა, რამეთუ გადაწყვეტილება უკვე წინასწარ ცნობილი და გაცხადებულია.

ცხადია, ჩვენთვის კობახიძის ეს განცხადებები ხელსაყრელია და გააძლიერებს ჩვენი დაცვის ხაზს, როგორც სტრასბურგის სასამართლოში, ასევე საერთაშორისო ფორუმებზე. მაგრამ ამგვარი განცხადებები არათუ ხელსაყრელი, არამედ უმძიმესი შედეგის მომტანია ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესისთვის. შეუძლებელია, ვერ დაინახო ის, რაც ზედაპირზე დევს. გამორიცხულია, კობახიძეს და ივანიშვილს არ ესმოდეთ, რომ ამ განცხადებების სხვაგვარი წაკითხვა შეუძლებელია.

შესაბამისად, მარტივია დასკვნა: ეს განცხადებები მიზნად არ ისახავს მხოლოდ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ციხეში სიკვდილს და ჩემი პოლიტიკური პატიმრობის სახელისუფლებო დაკვეთას. ეს განცხადებები ასევე მიზნად ისახავს საქართველოს ევროინტეგრაციის მიზანმიმართულ საბოტაჟს და ჩვენი ქვეყნისთვის ისტორიული შანსის მოსპობას.

მინდა გავაწბილო კობახიძეც და ივანიშვილიც – მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანაც მოუწევთ, ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებაც და ხელისუფლებიდან წასვლაც. რაც მთავარია, მოუწევთ იმასთან შეგუება, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი და, მათი სასოწარკვეთილი მცდელობების მიუხედავად, არასდროს წავა რუსეთის მიმართულებით!“

Cesko