ერეკლე მეორეს თემას სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ვახო სანაია ეხმაურება და ივანე ჯავახიშვილის ციტატას ავრცელებს:
„რადგან ქართულმა ოცნებამ პროპაგანდისტული მიზნებით და თავისი კაპიტულანტური პოლიტიკის გასამართლებლად ერეკლე მეორისა და გეორგიევსკის ტრაქტატის საკითხი გაააქტიურა, საპასუხოდ სულ ორი გზა არსებობს – წაყრუება ან სიმართლის თქმა. წაყრუება შეცდომად მიმაჩნია. პროპაგანდას სიმართლე უნდა დაუპირისპირო. ქართული ოცნება ამ თემას იყენებს. გასაგებია, მაგრამ საკითხი გაცილებით ღრმაა და კიდევ ბევრჯერ წამოყოფს თავს. ჩვენ პრობლემა გვაქვს საკუთარი ისტორიის ცოდნასთან. წარსულის ცოდნა ძირითადად მითებსა და გაუაზრებელ ზედაპირულობას ეფუძნება. ჩვენი ისტორიის ახალი სახელმძღვანელოები არ ვარგა. საბჭოთა პერიოდის წიგნების ძირითადი ნაწილი იდეოლოგიზირებულია, განსაკუთრებით, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ნაწილში.
სწორედ ამიტომაა, რომ ნებისმიერი მსჯელობა ჩვენს წარსულ მოვლენებსა და მეფეებზე იწვევს ყიჟინას, გინებას, შეურაცხყოფას. ეს მხოლოდ და მხოლოდ დაბალ დონეზე მიუთითებს. ისტორიის ჩაბეტონება და მასზე მსჯელობის აკრძალვა კატეგორიულად მიუღებელია.
ის, რომ მეფის ძეგლი გვიდგას, ხალხური თქმულებები გვაქვს, ლექსებს ვამბობთ, არ ნიშნავს მისი პოლიტიკური გადაწყვეტილებები არ შევაფასოთ. უნდა აღვნიშნოთ დამსახურებებიც და შეცდომებიც. შევისწავლოთ მისი ნაბიჯები, ვიმსჯელოთ, ვიკამათოთ, ვაკრიტიკოთ. გნებავთ, შევაქოთ, სადაც საჭიროა. სხვაგვარად ვიქნებით უმეცრები ჩვენსავე წარსულის გააზრებაში. გვეცოდინება საყველპურო დონეზე, სუფრაზე სასაუბროდ და შინაარსს კი ვერ გამოვიტანთ. რაც ამ დღეებში არაკომპეტენტური მოსაზრებები მოვისმინე, დამზაფრა. მიხვდი, რომ პრობლემა იმაზე ღრმაა, ვიდრე წარმომედგინა.
გადავწყვიტე ივანე ჯავახიშვილის ნაშრომიდან ამონარიდები მოვიყვანო ერეკლეს გადაწყვეტილებაზე, გეორგიევსკის ტრაქტატზე.
მგონი არ ვცდები, თუ ჯავახიშვილი ვასილ მაღლაფერიძეზე, გია ცაგარეიშვილზე, ირაკლი ქადაგიშვილსა და თვით სიმონ მასხარაშვილზე ცოტათი უფრო მცოდნედ მიმაჩნია საქართველოს ისტორიის საკითხებში. ზოგიერთი მათგანი უცოდინარია, ზოგიერთიც ვირეშმაკობს და რეჟიმის კარნახით მოქმედებს.
● ივანე ჯავახიშვილი :
რუსეთს კი უკვე 1778 წ-ლითგან მოყოლებული საიდუმლო გეგმა ჰქონდა სპარსეთის შესახებ და ამის სამზადისში იყო(*). ამ გეგმის ფარული მიზანი იმაში მდგომარეობდა რომ მას გადაწყვეტილი ჰქონდა კასპიის ზღვაში ასტარაბადის ყურეს პირდაპირ მდებარე კუნძული დაეჭირა და რუსთა ახალშენი, წინასწარ „მელიტონისად“, ე. ი. ფუტკართ კუნძულად წოდებული, დაეარსებინა აქეთგან რუსეთის ვაჭრობის გასავრცელებლად თვით აღმოსავლეთ ინდოეთამდის (იქვე,II, 71-72). მწარე გამოცდილებამ რუსეთის მთავრობა დაარწმუნა, რომ სპარსეთში მარტო კასპიის ზღვითგან ფეხის მოკიდება შეუძლებელი იყო. ამისთვის სხვა გზაც იყო საჭირო.
ერეკლე მეფესთან საქართველოში გერმანელი მოგზაური დოქტორი რაინეგსი ცხოვრობდა, რომელმაც ვითარცა აღმოსავლეთში ნამყოფმა კაცმა ადგილობრივი ენებიც კარგად იცოდა. სხვათა შორის ქართულიც შეისწავლა და ერეკლე მეფესთან დაახლოვებული იყო. რუსეთის სახელმწიფო მხედართ-მთავარმა, ფელდმარშალმა თავადმა პოტიომკინმა ეს რაინეგსი საქართველთგან თავისთან დაიბარა და 1782 წ. შემოდგომას ისევ საქართველოშივე გამოისტუმრა. მაგრამ ეხლა უკვე ვითარცა რუსეთის წარმომადგენელი ერეკლე მეფისა და სოლომონ მეფის წინაშე. მას საგანგებოდ დავალებული ჰქონდა ერეკლე მეფისთვის ჩაეგონებინა, რომ მას რუსეთის თვითმპყრობელისგან მფარველობაა ეთხოვა ფორმალურად (*).