შეიძლებოდა თუ არა 2008 წლის აგვისტოს ომის თავიდან აცილება – ფაქტები, რაზეც არავინ საუბრობს!

0
511
27 Views

 

რუსეთ-უკრაინის ომმა აქტუალური გახადა კითხვა – შეეძლო თუ არა უკრაინას ამ ომის თავიდან აცილება? ახლა მე არ ვეცდები ამ კითხვაზე პასუხის გაცემას, თუმცა კი მაქვს საკმაოდ არგუმენტირებული პასუხი. ქართულ საზოგადოებაში ამ ომმა, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის თემა გაააქტიურა და მედიასა და სოციალურ ქსელში, ბევრი იმავე კითხვას სვამს რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით – შეეძლო თუ არა საქართველოს იმჟამინდელ ხელისუფლებას ომის თავიდან არიდება ანდა, მისი გადადება, დროის მოგების მიზნით? დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლები, მათი მომხრეები აცხადებენ, რომ ომი სააკაშვილმა დაიწყო, დაბომბა მძინარე ცხინვალი და ამის გამო დაკარგა ცხინვალის რეგიონი, აფხაზეთი და კოდორის ხეობა. ზოგიერთი „ინდობს“ ექს-პრეზიდენტს და აცხადებს, რომ სააკაშვილი რუსეთის პროვოკაციას წამოეგო და ომში გაყო თავი. ამას ამბობენ ამერიკის ყოფილი სახელმწიფო მდივანი, კონდილიზა რაისი, ამერიკის თავდაცვის ყოფილი მინისტრი, რობერტ გეიტსი, საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი, გერმანიის ყოფილი კანცლერი, ანგელა მერკელი და სხვა ცნობილი პოლიტიკოსები. ისინი სწორედ 2008 წელს იმყოფებოდნენ ამ პოსტებზე. ამ მოსაზრებას ვეთანხმები, სააკაშვილი რუსეთის პროვოკაციას წამოეგო და ცხინვალის დაბრუნება მოინდომა, მაგრამ ბოლომდე სიმართლეს მაინც არავინ ამბობს. რატომ? მთავარი მიზეზზე, რის გამოც ომი 2008 წელს დაიწყო და არა 2007 ან 2009 წელს, არავინ არაფერს ამბობს. ყველაფრის მიუხედავად, რუსეთი აუცილებლად შემოიჭრებოდა საქართველოში. სააკაშვილი თუ არ ჩაყოფდა ფეხს რუსეთის მიერ დაგებულ ხაფანგში, რუსეთი არა ცხინვალის რეგიონში რუსეთის მოქალაქეების დაცვის საბაბით, სხვა საბაბს გამონახავდა და მაინც შემოიჭრებოდა საქართველოში. მეტსაც გეტყვით, რუსეთი საქართველოსთან ომს დაიწყებდა არაუგვიანეს 2008 წლის შემოდგომისა. კიდევ უფრო მეტს გეტყვით – რუსეთის საქართველოში შემოჭრის მიზანი იყო აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარება და მასთან ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის ხელშეკრულების გაფორმება. დიახ, ეს იყო ომის მთავარი მიზანი და არა ცხინვალის რეგიონში რუსეთის სამხედრო გაბატონება. მგონი, დავაბნიე მკითხველი და ახლავე გავცემ იმ კითხვებზე პასუხს, რომლებიც გაუჩნდა.

1993 წელს, აფხაზეთის ოკუპაციის შემდეგ, რუსეთის სამშვიდობო ძალები, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) ეგიდით იდგნენ აფხაზეთში. ცხადია, რუსი სამშვიდობოების აფხაზეთში ყოფნას მხარი დაუჭირა საქართველოს იმჟამინდელმა ხელისუფლებამ ედუარდ შევარდნაძის მეთაურობით. 2005 წლიდან, ჯორჯ ბუში-უმცროსის თბილისში ვიზიტის შემდეგ, ამერიკა ყველანაირად ცდილობდა, რუსი სამშვიდობოების გაყვანას. მით უმეტეს, უხვად იყო ფაქტები, რომ რუსი სამშვიდობოები ნეიტრალურ პოზიციას არ იჭერდნენ და რეალურად, მხარე იყვნენ კონფლიქტის ზონაში. მათთვის დსთ-ს მანდატის ჩამორთმევა დიდი პრობლემა არ იყო. საერთაშორისო სამართალზე დაყრდნობითა და კონკრეტული ფაქტებით, ქართული მხარე რუსეთს გამოაცხადებდა კონფლიქტში დაინტერესებულ მხარედ და რუსეთის მანდატი გაუქმდებოდა. შეგახსენებთ, რომ სამმხრივი ხელშეკრულების თანახმად (საქართველო, აფხაზეთი, რუსეთი), რუსეთს სამშვიდობო მისია, ორივე მხარის თანხმობით დაეკისრა – საქართველოს ხელისუფლებისა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების თანხმობით. იმ შემთხვევაში, თუ ერთ-ერთი მათგანი უარს იტყოდა რუსეთის სამშვიდობო მისიაზე, მაშინ რუსეთს შეუწყდებოდა მანდატი. 2003 წელს, ედუარდ შევარდნაძემ რუსეთს შეუწყვიტა სამშვიდობო მანდატი და გარკვეული პერიოდი, რუსეთის ჯარი საერთაშორისო სამართლის ნორმების გარეშე იდგა აფხაზეთში. თუმცა, იმავე წელს რუსეთს საქართველომ აღუდგინა სამშვიდობო მანდატი. მეტი დამაჯერებლობისთვის: რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის და საქართველოს ექს-პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის სოჭში 6-7 მარტს გამართული შეხვედრის საბოლოო განცხადებაში ნათქვამია: “პრეზიდენტები შეთანხმდნენ, რომ ამიერიდან ეს (კოლექტიური სამშვიდობო) ძალები დარჩებიან (აფხაზეთის) კონფლიქტის ზონაში მანამ, სანამ ერთ-ერთი მხარე არ მოითხოვს სამშვიდობო ოპერაციის შეწყვეტას“. (20.07.2006 წ). აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ სამშვიდობო მანდატი, რუსეთს ყოველ 6 თვეში ერთხელ უგრძელდებოდა ქართული და აფხაზური მხარეების თანხმობით.
ეს საკითხის გადაჭრის ერთი ნაწილი იყი და ფაქტიურად, მოგვარებული – პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მზად იყო, ნებისმიერ დროს, ცალმხრივად უარი ეთქვა რუსეთის სამშვიდობო მისიაზე. თუ რუსეთი გავიდოდა, ვის უნდა შეცვალა რუსეთი? ერთ-ერთ ვარიანტად განიხილებოდა ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია (ეუთო). შეგახსენებთ, რომ ცხინვალის რეგიონში, სწორედ ეუთო-ს მანდატით იდგნენ რუსი სამშვიდობოები. თუმცა, ეუთო-მ აფხაზეთში საკუთარი მისიის გაგზავნაზე უარი განაცხადა, რადგან რუსეთთან დაპირისპირებას მოერიდა. ეუთო-ს სამშვიდობო მისია უნდა დაკომლექტებულიყო ევროკავშირის წევრი ქვეყნების სამხედრო კონტინგენტით. მიუხედავად ამერიკის გავლენისა ეუთო-ზე, ეს ვარიანტი არ გამოვიდა. თუმცა, ამერიკას გარკვეული გავლენა ჰქონდა გაერო-ზე. ამერიკისა და საქართველოს ხელისუფლებამ ერთობლივად გადაწყვიტეს, რომ გაერო-ს მანდატით აფხაზეთში დადგებოდნენ შერეული ჯარები – ევროპის ქვეყნების სამხედრო კონტინგენტი. დიდი ბრიტანეთი, იტალია, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი, პოლონეთი, ჩეხეთი, ხორვატია და სლოვენია მზად იყვნენ, თავიანთი სამხედროები გაეგზავნათ აფხაზეთში გაერო-ს სამშვიდობო ეგიდით.
ცხადია, ამის შესახებ რუსეთი საქმის კურსში იყო. 2007 და 2008 წლებში, გაერო-ს უშიშროების საბჭოზე ორჯერ გავიდა საკითხი, რომ რუსეთის ნაცვლად, გაერო-ს სამშვიდობო მისია დამდგარიყო აფხაზეთში. რადგან რუსეთი მხარე იყო, კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მაგრამ საკითხი დაბლოკა ჩინეთმა. ამერიკა მიხვდა, რომ გაერო-ს უშიშროების საბჭოზე ამ საკითხის მესამედ გატანას აზრი არ ჰქონდა, რადგან ჩინეთი საბჭოს მუდმივი წევრი იყო და მესამედაც დაბლოკავდა. ჰოდა, გადაწყდა, რომ საკითხი გაეტანათ გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე, სადაც ხმების 2/3 საკმარისი იყო მის დადებითად გადასაწყვეტად. საჭირო ხმების მოსაგროვებლად აქტიურად მუშაობდნენ გაერო-ში ამერიკის, კანადისა და თითქმის მთელი ევროკავშირის ქვეყნები. დაინიშნა გენერალური ასამბლეის სხდომა, რომელიც 2008 წლის ოქტომბერში უნდა გამართულიყო. 2008 წლის მარტში, დასავლურ მედიაში გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ გაერო-ს წევრ სახელმწიფოთა 80% მხარს უჭერდა აფხაზეთში გაერო-ს სამხედრო კონტინგენტის განთავსებას. ეს კი თავისთავად ნიშნავდა აფხაზეთიდან რუსეთის გაძევებას. რუსეთის ჯარს აღარ ექნებოდა დსთ-ს სამშვიდობო მანდატი. საერთაშორისო ნორმების მიხედვით, რუსეთის უსტატუსო ჯარი გამოცხადებოდა ოკუპანტად. რუსეთი იძულებული იქნებოდა, აფხაზეთიდან გაეყვანა ჯარი, შემდეგ გაეტანა გუდაუთიდან, ოჩამჩირიდან და სხვა ქალაქებიდან და რაიონებიდან სამხედრო ტექნიკა, ეშერის სამხედრო ლაბორატორია და ყველაფერი, რაც რუსეთის სამხედრო ძალებს უკავშირდებოდა. ამის შემდეგ აფხაზეთში ჩადგებოდნენ რეალურად სამშვიდობო ჯარები – ევროპის ქვეყნების ჯარისკაცების კონტინგენტი. ამის შემდეგ, პირველ ეტაპზე გალის რაიონში უნდა დაბრუნებულიყვნენ აფხაზეთიდან დევნილები, უკლებლივ ყველა. შემდეგ, ეტაპობრივად, ქართველებისა და აფხაზების შერიგების კვალდაკვალ, გაგრძელდებოდა ქართველების დაბრუნება აფხაზეთში. კი, ეს პროცესი დროში გაიწელებოდა, მაგრამ დღეს საქართველოს აფხაზეთიდან არც ერთი დევნილი არ ეყოლებოდა. ცხადია, აფხაზეთი ერთიანი საქართველოს ფარგლებში, მიიღებდა ფართო ავტონომიას,რომელსც თავის დროზე ითხოვდნენ. საქართველოს პარლამენტსა და მთავრობაში კი აფხაზეთს გამოეყოფოდა კვოტა. ეს რომ მომხდარიყო, მერე ცხინვალის რეგიონის დაბრუნება დროის საკითხი იქნებოდა.
რუსეთმა ომი იმიტომ დაიწყო 2008 წლის აგვისტოში, რომ 2008 წლის ოქტომბერში, გაერო-ს გენერალურ ასამბლეას, რუსი სამშვიდობოები გაერო-ს ევროპული სამხედრო კონტინგენტით არ ჩაენაცვლებინა. სრულად არ დაეკარგა გავლენა აფხაზეთში და პერსპექტივაში, ცხინვალის რეგიონში. რუსეთი აუცილებლად დაბლოკავდა საქართველო-ამერიკა-ევროკავშირის ამ ერთობლივ გეგმას მის წინააღმდეგ. რუსეთმა, მიუხედავად იმჟამინდელი უდიდესი გავლენისა მსოფლიო პოლიტიკაზე, ამ გეგმის დაბლოკვის პოლიტიკური ბერკეტი არ გააჩნდა და ომის გარდა, სხვა გზა ვერ გამონახა ამ მართლა შესანიშნავ გეგმას დაპირისპირებოდა, რომელსაც ერთი ნაკლი ჰქონდა, საქართველოს, ამერიკისა და საქართველოს მხარდამჭერი ქვეყნების ხელისუფლებებმა, ვერ გაითვალისწინეს და არ დაუშვეს, რომ რუსეთი საქართველოში შემოიჭრებოდა და ყველაფერს ჩაშლიდა, ვერ გათვალეს, რომ რუსეთი გაერო-ს სხდომას ცხინვალის რეგიონში ომს დაასწრებდა.
ვფიქრობ, გაეცა კითხვას პასუხი – შეიძლებოდა თუ არა, 2008 წლის რუსეთის აგრესიის თავიდან აცილება? არა, ეს შეუძლებელი იყო, რადგან რუსეთი ომით მოპოვებულ აფხაზეთს, პოლიტიკურ ბრძოლაში არ დათმობდა. ეს მერე გამოჩნდა. 2008 ოქტომბრამდე, რუსეთი აუცილებლად შემოიჭრებოდა საქართველოში, ეს კი მოხდა აგვისტოში.
2008 წლის ომის მერე, რუსეთმა აღიარა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. ორივე სეპარატისტულ რეგიონთან გააფორმა ხელშეკრულებების პაკეტი, მათ შორის, სამხედრო ურთიერთდახმარების შესახებ. დღეს ორივე ქართულ რეგიონში, რუსეთის ჯარები, ამ რეგიონების ხელისუფლებების მოთხოვნის საფუძველზე არიან.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, ის მართლა პროვოკაციაზე წამოაგო რუსეთმა. რუსეთის აგენტურამ, რომლებიც მრავლად იყვნენ სააკაშვილის გარემოცვაში, ის დაარწმუნეს, ცხინვალის რეგიონში, რუსი სამშვიდობოები წინააღმდეგობას არ გაუწევდნენ ქართულ ჯარს, თუკი რეგიონის დაბრუნებას ძალით შეეცდებოდა, არადა, პირველებმა სწორედ რუსმა სამშვიდობოებმა დაიწყეს ბრძოლა ქართული სამხედრო შენაერთების წინააღმდეგ. შემდეგ რაც მოხდა, ყველამ კარგად იცის. აი, ეს იყო 2008 წლის ომის დაწყების მთავარი მიზეზი და არა ის, რაზედაც დღეს მთელი ქართული და უცხოური პოლიტიკური სპექტრი აპელირებს. თითქოს, რუსეთი იმან გააღიზიანა, რომ ნატო-ს ბუქარესტის სამიტზე, საქართველოს ნატო-ში აუცილებლად გაწევრიანებას დაპირდნენ და ეს სამიტზე შექმნილ სპეციალურად დოკუმენტშიც დაფიქსირდა. შესაბამისად, აბსურდია იმაზე ლაპარაკი, რომ ამერიკამ წააქეზა სააკაშვილი და ცხინვალში ჯარით შესვლა ურჩია. ამერიკა ამას არ გააკეთებდა თუნდაც იმიტომ, რომ საკუთარ გეგმას დაანგრევდა, რომელზეც 3 წელი მუშაობდა. ამერიკას ნამდვილად არ აწყობდა რუსეთის აფხაზეთში დამკვიდრება და შავ ზღვაზე მისი პოზიციების მოძლიერება.
რაც დავწერე, ეს ყველაფერი ფაქტია, დოკუმენტირებულია და მოწადინებულ ადამიანებს შეუძლიათ ამ დოკუმენტების მოძიება. უფრო იოლი გზაც არსებობს. საქართველოსა და ამერიკის იმჟამინდელი უმაღლესი თანამდებობის პირებს შეხვდნენ და ჰკითხონ, ეს ყველაფერი ასე იყო თუ არა. ცხადია, ამ ფაქტებს ყველა მათგანი დაადასტურებს, რადგან ფარულად არაფერი გაკეთებულა – ყველაფერი ღია და გამჭვირვალე იყო.

წყარო: “ალია”

Cesko