ჟურნალისტი, ვახო სანაია:
“ჩემო მეგობრებო, ასავალ-დასავალისა და იმედის პროპაგანდის წაყრუებას მოსდევს გაოცება, როცა აღმოვაჩენთ თუ საიდან და როგორ გაძლიერდა ღია თუ შეფარული პრორუსული განწყობები ასე ძალიან. ტყუილს პასუხი სჭირდება, თორემ ერეკლეს სახელს ამოფარებულნი, ახალ გეორგიევსკის ტრაქტატს გვაგუებენ. ასე რომ, სირაქლემის პოზა არაფერში გამოგვადგება.
საბჭოთა ისტორიოგრაფიის გავლენა აგერ ამოტივტივდა გადასარევად. უნდა ვიცოდეთ ჩვენი ისტორია, რომ რუსეთი ერთმორწმუნე მფარველად არ შემოგვაჩეჩონ და ბიძინა – ახალ ერეკლედ არ შემოგვასაღონ. მით უმეტეს, ბიძინას ერეკლესი არაფერი სცხია. ერეკლეს გადაწყვეტილება იყო კატასტროფული და მისი გადახდილი წარსული ომები და ღვაწლი ერთია, თავისუფლების რუსებისთვის ჩაბარება კი მეორე.
იმჟამინდელი ვითარება რომ არ ისწავლება სწორად, ამიტომ ჰგონიათ, რომ გამოსავალი არ არსებობდა. თითქოს თავისუფლების დაგმობა იყოს გამოსავალი. გეორგიევსკამდე 10 წლით ადრეც მიმართა ერეკლემ მაგ თხოვნით რუსებს, მაგრამ გავძელით ის ათი წელი. ტრაქტატის შემდეგაც რუსები არაფრით დაგვხმარებიან, პირიქით. მოგვატყუეს. საბოლოოდ კი ლოგიკურად დაასრულეს ყველაფერი – ის, რაც ერეკლემ დაიწყო მაგ ტრაქტატით დაასრულეს მისი სიკვდილის შემდეგ ეგრევე – სამეფოს სრული გაუქმებით და ანექსიით.
რომ წაიკითხავთ მაშინდელ გარემოებებს, მიხვდებით, რომ დაუშვებელი იყო ტრაქტატის გაფორმება. და საერთოდაც, არ შეიძლება თავისუფლების შენივე ხელით გაუქმება.
მესმის, რომ ივანიშვილი დღესვე თანახმაა ახალი ტრაქტატი გააფორმოს. ამიტომ პროპაგანდირებს ამ თემის უპასუხოდ დატოვება დაუშვებელია. გადაწერეს ტიპებმა ისტორია და ამას აკეთებენ სრულიად შეგნებული დღევანდელი მიზნებით.”