ნატოს გენერალური მდივნის თქმით, უკრაინას ომში რუსეთზე გამარჯვება შეუძლია. ამის შესახებ AFP წერს.
გამოცემის ინფორმაციით, შესაბამის კომენტარი იენს სტოლტენბერგმა ნატოს მინისტერიალის შემდეგ გააკეთა.
„უკრაინას შეუძლია ამ ომში გამარჯვება. უკრაინელები მამაცად იცავენ სამშობლოს. ომი მოსკოვის გეგმის მიხედვით არ მიდის. მათ ვერ შეძლეს კიევის აღება, ხარკოვიდან უკან იხევენ, მათი დიდი შეტევა დონბასში კი შეჩერდა“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
მისივე თქმით, ნატო შეძლებს უსაფრთხოების გარანტიები შესთავაზოს ფინეთსა და შვედეთს, რომლებიც ალიანსში გაწევრიანებაზე განაცხადის გაკეთებას აპირებენ.
გერმანიაში ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა. მინისტრებმა უკრაინისთვის მხარდაჭერასა და მადრიდის სამიტზე მისაღებ კონცეფციაზე იმსჯელეს. მინისტერიალის პირველ დღეს დიპლომატები შეხვდნენ კოლეგებს ფინეთიდან და შვედეთიდან. ფინეთმა ოფიციალურად განაცხადა, რომ ნატოს წევრობაზე განაცხადს წარადგენს.