„ძალიან საინტერესოდ დგას საკითხები ამ მიმართულებით“ – რას ამბობს რუსეთ-უკრაინის ომზე ვახტანგ მაისაია

May 6, 11:24
0
820

 

„ალიას“ ესაუბრება პოლიტოლოგი, უსაფრთხოებისა და სამხედრო საკითხების ანალიტიკოსი, ვახტანგ მაისაია.

– ბატონო ვახტანგ, ვითარება იძაბება მოლდოვასა და მის სეპარატისტულ რეგიონში – დნესტრისპირეთში, სადაც სეპარატისტულმა ხელისუფლებამ საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა. მოლდოვას პრემიერმა, მაია სანდუმ  ნეიტრალიტეტზე, ფაქტიურად, უარი განაცხადა და მოლდოვას რუმინეთთან შეერთების მივიწყებული საკითხი წამოსწია. ვრცელდება ინფორმაცია, რომ დნესტრისპირეთიდან დაარტყამს უკრაინას რუსეთი ადგილობრივი და საკუთარი სამხედრო  ძალებით. ასევე, სხვა ინფორმაციით, რუსეთი შეიძლება შეიჭრას დნესტრისპირეთში, სრულად გააკონტროლოს  ეს რეგიონი და მერე დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიაროს.  ასეთ შემთხვევაში, უკრაინელები სამხედრო დახმარებას პირდებიან მოლდოვას ხელისუფლებას, აცხადებენ, რომ იბრძოლებენ დნესტრისპირეთში, რათა რუსები განდევნონ იქიდან. რაში აწყობს  უკრაინასთან ომში ჩაბმულ რუსეთს დნესტრისპირეთში ბრძოლა? და უკრაინა რას მოიგებს ან  წააგებს ამით?

– პირდაპირ რომ ვთქვათ, ორივეს ინტერესებში შედის ამგვარი სცენარი.  ვერ ვიტყვი, რომ უკრაინელების ინტერესებში არ შედის. არესტოვიჩისა და უკრაინის ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების განცხადებებით თუ ვიმსჯელებთ, ისინი ოკუპირებულ დნესტრისპირეთს უყურებენ, როგორც სამხედრო საფრთხეს, საიდანაც უკრაინის მიმართულებით შეიძლება განხორციელდეს თავდასხმები. მეორეს მხრივ, რუსეთისთვისაც ეს მნიშვნელოვანი მომენტია, რადგან დნესტრისპირეთში სიტუაციის  არევა,  რუსეთს საშუალებას მისცემს, იქ ჯარები გააგზავნოს და რუსეთის  სამხედრო ძლიერების დემონსტრირება მოახდინოს. შესაძლებელია, რუსეთმა ნიკოლაევიდან მასირებული შეტევა განახორციელოს, რუსეთის არმიამ დამატებითი ტერიტორიების ოკუპაცია მოახდინოს და მიებჯინოს დნესტრისპირეთს. მოკლედ, ძალიან საინტერესოდ დგას საკითხები ამ მიმართულებით და  ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.

– უკვე გაცხადებულია რუსეთის გეგმების ნაწილი უკრაინასთან ომში – დონბასის რეგიონის აღება და  სრული კონტროლი, მარიუპოლის და თავისთავად, ლუგანსკისა და დონეცკის ჩათვლით. სხვა რა გეგმები შეიძლება ჰქონდეს რუსეთს და ამ ეტაპზე, რუსეთ–უკრაინის ომის დამდგარი შედეგების მიხედვით? რამდენად შეძლებს რუსეთი ამ გაცხადებული და ფორსირებული გეგმების შესრულებას?

– როგორც ჩანს, რუსები უკრაინის სამხრეთი ნაწილის მთლიან ანექსიასაც აპირებენ, მარტო ოკუპაციაზე აღარ არის საუბარი. 14–15 მაისს, ხერსონის ოლქში აპირებენ რეფერენდუმის ჩატარებას, ყირიმის რეფერენდუმის მსგავსად, რომ ხერსონმა დამოუკიდებლობა გამოაცხადოს და მერე რუსეთმა  მისი დამოუკიდებლობა აღიაროს. რუსეთის ძირითადი იდეაა, დონეცკისა და ლუგანსკის თვითაღიარებული რესპუბლიკების სრულად დაკავება, ე.წ. ნოვოროსიის რაღაც ახალი გაერთიანების შექმნა, რაღაც ბუფერული ტიპის ზონის შექმნა უკრაინასთან. უკვე გვერდით, სამხრეთ უკრაინაში ზაპოროჟიეს, ხერსონისა და თუნდაც ნიკოლაევის ტერიტორიების არა ოკუპაცია, არამედ ანექსია. არ გამოვრიცხავ, ოჩაკოვო და ოდესაც გაიყოლონ და უფრო ფართო ტერიტორიული  ერთეული ჩამოაყალიბონ სამხრეთში.  ეს ტერიტორიები რუსეთს იმისთვის სჭირდება, რომ შექმნან ახალი გუბერნია რუსეთის კონტროლქვეშ და პირდაპირი სახმელეთო კავშირი დაამყარონ რუსეთთან. ასევე, ოდესის დაპყრობით, შავ ზღვაზე განიმტკიცოს პოზიციები. მოკლედ, რუსეთს სურს უკრაინის აღმოსავლეთისა და სამხრეთის სრულად გაკონტროლება და რა ტერიტორიებსაც მოიცავს  ეს სამხრეთ–აღმოსავლეთი, მისი უკრაინისთვის ჩამოჭრა, რამდენად შესაძლებელია ამის განხორციელება, ძნელი სათქმელია, რადგან დღეს რუსეთის ჯარი, რბილად რომ ვთქვათ, არაკომფორტულ მდგომარეობაშია უკრაინასთან ომში.

– უკრაინამ უკვე მძიმე და შეტევითი იარაღი მიიღო მსოფლიოს სხვა და სხვა ქვეყნებისგან. ასევე, ამერიკის კონგრესმა დაამტკიცა „ლენდ ლიზის“ პროგრამა და მის ფარგლებში უკრაინა შეუზღუდავად მიიღებს თანამედროვე ამერიკულ იარაღს და ლოჯისტიკურ საშუალებებს. ამის შემდეგ, რამდენად  რეალურია, რუსეთის ამ ამბიციური გეგმის განხორციელება?

– ეს უკვე მნიშვნელოვნად ცვლის ვითარებას. უკრაინა რასაც ადრე ითხოვდა, იმაზე მეტი და უკეთესი შეიარაღება უკვე მიიღო და დამატებით, „ლენდ ლიზის“ პროგრამით მიიღებს. ამით, უკრაინას ექნება შესაძლებლობა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსეთისას გაუთანაბრდეს. კი, რუსეთის სამხედრო პოტენციალი 3 თუ 5 თავით მაღლა დგას უკრაინისაზე, მაგრამ რუსეთმა უკრაინაში შეიყვანა შედარებით მცირე ზომის კონტინგეტი, დაახლოებით 200 000 ჯარისკაცი, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობასაც ვერ აჭარბებს, რომელსაც 350 ათასიანი ჯარი ჰყავს. რუსებს იმის საშუალება არ აქვთ, რომ დიდად გაზარდონ ეს ცოცხალი ძალა, რადგან მის 850 ათასიანი არმიას, სხვა საქმე და ფუნქციები აქვს. ყველაფერს თავი დავანებოთ, რუსეთს 14 ქვეყანა ესაზღვრება და, წარმოიდგინეთ, რამდენი ჯარისკაცი სჭირდება ამ საზღვრების დასაცავად. ასევე, რუსეთს გააჩნია შეიარაღებული ძალების სახეობები, რომელთაც არ და ვერ გამოიყენებს უკრაინასთან ომში. შესაძლოა, მცირე რაოდენობის ცოცხალი ძალა დაამატოს  რუსეთმა უკრაინაში გაგზავნილ სამხედრო დანაყოფებს, მაგრამ არა იმდენი, რომ ერთი დაკვრით და მოკლე დროში აისრულოს ის გეგმები, რაზედაც ზემოთ ვისაუბრე. უკრაინისთვის კი იარაღის ამ დოზით მიწოდება, გამოიწვევს ძალთა ბალანსის გათანაბრებას მაინც, უკრაინას შეტევითი ოპერაციების განხცორციელების საშუალება მიეცემა, არ არის გამორიცხული, უკუაგდონ რუსი ოკუპანტების და გარკვეული ტერიტორიებიც დაიბრუნონ.

– ჩინეთმა რუსეთ–უკრაინის ომში, მოულოდნელად, ნეიტრალიტეტი დაიკავა. არადა, ომის დაწყებამდე, ჩინეთი რუსეთს თანადგომას უცხადებდა.  პუტინი პეკინში რომ შეხვდა ჩინეთის ლიდერს, სინ ძინ პინს, ძალიან იმედიანად დაბრუნდა პეკინიდან. რა მოხდა, რატომ შეიცვალა ჩინეთმა პოზიცია?

– აქ შეიძლება ერთი რამ ვთქვათ, ჩინეთი, როგორც ჩანს, ემზადება საკუთარი გეო–სტრატეგიული ინტერესების რეალიზაციისთვის. ჩინეთს საკმაოდ მძიმე გეო–სტრატეგიული ფონი აქვს. შეიქმნა, ე. წ. წყნარი ოკეანის ნატო. ამერიკამ, დიდმა ბრიტანეთმა და ავსტრალიამ უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის პაქტი გააფორმეს. ეს არის სამხედრო–პოლიტიკური ბლოკი, რომელიც პირდაპირ ჩინეთის წინააღმდეგ არის მიმართული. ეს ერთი. მეორე არის ტაივანის პრობლემა. ჩინეთს აქვს გარკვეული ამბიციები, რომ ჰიბრიდული ომის მეშვეობით დაიბრუნოს ტაივანი. აქ უკვე პირდაპირ დაპირისპირებაშია ამერიკასთან. ჩინეთი ვარაუდობს, რომ დასავლეთმა, შესაძლოა, მისთვისაც მოიცალოს. ამერიკის ხელისუფლებამ გააკეთა განცხადება, რომ შესაძლოა, ჩინეთსაც დაუწესეს სანქციები, თუ რუსეთის სანქცირებულ კომპანიებთან ითანამშრომლებენ და რუსეთს ნებისმიერი სახის სამხედრო დახმარებას აღმოუჩენს. ეს ცოტა არ იყოს, ღიმილის მომგვრელი განცხადებაა. ჩინეთი რუსეთი არ არის, დღეს მსოფლიოში მეორე ეკონომიკა აქვს ამერიკის მერე და 5 წელიწადში ამერიკას გადაასწრებს, მსოფლიოში ყველაზე დიდი და ძლიერი ეკონომიკა ექნება. თუ პირიქით, ჩინეთმა გამოუცხადა ამერიკას და ევროკავშირს სანქციები, ამით ვინ წააგებს და ვინ მოიგებს, ეს იქნება გასარკვევი. ის სანქციები, რაც რუსეთზე ეფექტურად მოქმედებს, ჩინეთზე არ იმოქმედებს ანალოგიურად. ამერიკა თუ რუსეთს მოერევა და ამის დიდი ალბათობა არსებობს, ჩინეთთან კბილებს წაიმტვრევს. ჩინეთის ეს, ერთი შეხედვით, ნეიტრალიტეტი იმით აიხსნება, რომ ქვეყანა ეროვნული ინტერესების შესაბამისად მოქმედებს, დასავლეთთან ღია კონფრონტაციაში არ შედის. თან, რუსეთის გაძლიერება დიდად არ უნდა ჩინეთს. თუმცა, საინფორმაციო ომში ჩინეთი რუსეთს უჭერს მხარს. ასევე, სერბეთისთვის გადაცემული 6 სტრატეგიული თვითმფრინავის გადაცემა, ერთგვარი მუშტის დარტყმაა დასავლეთისთვის მისთვის საკმაოდ მგრძნობიარე არეში. ჩინეთისა და სერბეთის სტრატეგიული თანამშრომლობის დაწყება იმის ნიშანია, რომ ჩინეთსაც შეუძლია საბრძოლო მოქმედებების წარმოება ევროპის კონტინენტზე. ამით ჩინეთმა ხელთათმანი გადაუგდო ამერიკელებს და ზოგადად, დასავლეთს.

წყარო: https://www.alia.ge/

Cesko