ზაფხულის სეზონის მოახლოებასთან ერთად მოსახლეობა ხშირად მიმართავს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ქვეწარმავლების გამოჩენის გამო. მოქალაქეების უმეტესობას გველების მიმართ განსაკუთრებული შიში აქვს და მუდმივად აქტუალურია კითხვები, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ გველთან შეხვედრისას, რა უნდა გავაკეთოთ ნაკბენის დროს და ა.შ. ამ და სხვა მნიშვნელოვან კითხვებზე გვაპასუხობს გამოცდილი ჰერპეტოლოგი შოთა ზანდუკელი.
„საქართველოში არის 26 სახეობის ქვეწარმავალი, აქედან 11 სახეობაა შხამიანი, ამ თერთმეტიდან არის ორი უკანაშხამეშვიანი, რაც იმას ნიშნავს, რომ უკან აქვს შხამი და კბენის დროს შხამი ადამიანის სხეულში ვერ აღწევს, თან ძალიან სუსტი შხამი აქვს. დარჩენილი ცხრა შამიანი სახეობიდან, არიან გველგესლების წარმომადგენლები, გიურზაც გველგესლაა. იგი გველგესლებიდან ყველაზე საშიშია. სამხრეთ-აღმოსავლეთ საქართველოში ბინადრობს, მისი დაკბენის შემთხვევაში, ძალიან რთული სიმპტომები იჩენს თავს და თუ დროულად არ მივხედეთ ნაკბენს, შეიძლება ადამიანი დაიღუპოს. საერთოდ, დედაქალაქში გიურზის გამოჩენის ერთი, ორი შემთხვევა გვაქვს ხოლმე წლის განმავლობაში. წელს ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა. ძირითადად ქვეწარმავლები ტექნიკური გზით ხვდებიან ქალაქში, მანქანების გადაადგილებით, სამშენებლო მასალების გადატანით და ა.შ.
გველს ყველგან შეუძლია ასვლა, სადაც საყრდენს ნახავს და ინტერესი ექნება. რა თქმა უნდა, კორპუსისი ბინებზე გარედან გაუჭირდება აცოცება. შესაძლოა კიბეებიდან ავიდეს, თუმცა ეგეც იშვიათად ხდება.
– რეალურად ბუნებაში გადაადგილებისას, ნებისმიერ ადგილას შეიძლება წავაწყდეთ, მაგრამ, ყველაზე ნაკლები შანსია პროცენტულად ქვეწარმავალი ვნახოთ ზაფხულში დღის განმავლობაში, პაპანაქებაში მინდორში გველს ვერ ნახავ, ის დამალულია სოროში, ან რაღაც ნაპრალშია ჩამძვრალი, ან დაბურული ბუჩქების ძირას იმალება. ძალიან მაღალი ტემპერატურის დროს სარდაფებში ჩადის და შესაძლოა სულაც სახლში შემოვიდეს. ამიტომ ეზო უნდა გვქონდეს მოვლილი, ბალახი უნდა იყოს გაკრეჭილი, არ უნდა იყოს სამშენებლო მასალები მიყრილ-მოყრილი, არ უნდა გვქონდეს ანტისანიტარია. რაც შეეხება არსებებს, რომლებიც გველს ებრძვიან. ზღარბი პატარა გველებს ჭამს, იხვიც ერევა პატარა გველებს, ქათამიც ჭამს, ციცარია ძალიან მაგარი გველთან საბრძოლველად. დიდი გველი რომ შემოვა, ეგრევე კივილს იწყებს. ისე კი გველი ძალიან ლამაზია და სულ მიკვირს, რატომ ვერ იტანენ. კავკასიური გველგესლა არის საქართველოს და კავკასიის ენდემური სახეობა, მხოლოდ აქ ბინადრობს, ულამაზესია და არ უნდა მოვკლათ, პირიქით, უნდა გავუფრთხილდეთ. გველი საშიში ხდება მაშინ, როცა მას ვუპირებთ დაჭერას, მოკვლას“, – განაცხადა შოთა ზანდუკელმა.
mshoblebi.ge