26 Views
ანალიტიკოსი, ზურაბ ბატიაშვილი:
“ბალტიელები რომ ყველანაირ წინააღმდეგობას უწევდნენ საბჭოთა ოკუპაციას, კარგად ცნობილი ამბავია. თუმცა, ლატვიელი იანის პინუპსის ისტორიამ მთელი მსოფლიო პირღია დატოვა.
როდესაც II მსოფლიო ომის მიმდინარეობისას 1944 წელს საბჭოთა ჯარმა მეორედ დაიპყრო ლატვია, 19 წლის იანისი იძულებით წაიყვანეს წითელ არმიაში. ფრონტზე მისულმა მალევე კანტუზია მიიღო და გონზე რომ მოვიდა, მის გარშემო მხოლოდ გვამები ეყარა. მაშინ მან დაიფიცა, რომ არ იმსახურებდა ოკუპანტი ქვეყნის არმიაში და ცხოვრების ბოლომდე ამ პრინციპის ერთგული დარჩა.
იანისი 20 დღეში ფეხით ჩავიდა სახლში. თუმცა, მას იქ დახვრეტა ელოდა. ამიტომ ტყეს შეაფარა თავი, სადაც მიწისქვეშა თავშესაფრები მოაწყო. მხოლოდ მისმა და-ძმებმა იცოდნენ იანისის ამბავი. მისი და არც არასოდეს დაქორწინებულა, რადგან შიშობდა, რომ მაშინ ძმას ვეღარ მიხედავდა. ტყეში გასული იანისი არაერთხელ გადაურჩა აღმოჩენას და სიკვდილს.
იანისის მიმალვა დიდხანს, ნახევარ საუკუნეზე მეტ ხანს (51 წელი) გაგრძელდა. იგი არც მაშინ გამოსულა ტყიდან, როდესაც 1991 წელს ლატვიამ დამოუკიდებლობა მოიპოვა. ქვეყანაში ჯერ ისევ საბჭოთა, შემდეგში კი რუსული სამხედრო ნაწილები იდგა. იანისი იმდენად ფრთხილი იყო (არ ენდობოდა რუსებს), რომ მხოლოდ ბოლო რუსი ჯარისკაცის გასვლიდან 6 თვის შემდეგ, 1995 წელს გამოვიდა თავისი ტყის ბუნკერიდან.
უკვე 70 წელს მიღწეული იანისი პოლიციაში გამოცხადდა და გაოგნებულ პოლიციელს მისთვის ლატვიური პასპორტის მიცემა მოსთხოვა. წარმოიდგინეთ ლატვიელი პოლიციელის სახე, როდესაც 70 წლის პაპა დაადგა თავზე და ეს ისტორია მოუყვა. ამ ფოტოზე ზუსტად ეს მომენტია აღბეჭდილი.
მართალია, იანისი შეიარაღებულ ბრძოლას არ აწარმოებდა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ (მან განაცხადა, რომ არათუ ადამიანისთვის არ უსვრია, ქათამიც კი არასოდეს დაუკლავს), მაგრამ მაინც ის ითვლება ბოლო “ტყის ძმად” (ბალტიელი პარტიზანები), რომელიც ტყიდან გამოვიდა.
როდესაც მას ჰკითხეს, თუ რა იყო მისი ყველაზე დიდი სურვილი, იანისმა უპასუხათ, რომ ძალიან უნდოდა დედაქალაქ რიგაში ჩასვლა, რომელიც მას არასოდეს ენახა.
იანისი დამოუკიდებელ ლატვიაში დაიბადა და ასევე დამოუკიდებელ ლატვიაში გარდაიცვალა 2007 წელს 82 წლის ასაკში. იგი არასოდეს გამხდარა საბჭოთა კავშირის მოქალაქე და არც ოკუპანტ არმიაში უმსახურია.
თუ ვინმეზე გეტყვიან, რომ ჯიუტი ხასიათი აქვს, იანისის ისტორია შეგიძლიათ გაიხსენოთ. “