“დააპატიმრეს ეფ-ეს-ბეს მაღალჩინოსანი, რომელიც ერთხანს საქართველოს მიმართულებას კურირებდა და ძალიან ბევრი ცუდი რამ, რაც ჩვენთან მოხდა, ამ კაცის “დამსახურებაა”

0
1054
70 Views

ინტერვიუ ექსპერტ მამუკა არეშიძესთან:

– უკრაინაში კვლავ უმძიმესი ვითარებაა, ომი გრძელდება. ლაპარაკია, რომ რუსეთი თავისი ძალების გადაჯგუფებას ახდენს და ახალი შეტევისთვის ემზადება. ომის ამ ეტაპს როგორ შეაფასებთ?

– სამწუხაროდ, ომი გრძელდება, ხალხი იღუპება და ამას ბოლო არ უჩანს. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ რუსეთში, ბოლოს და ბოლოს, გაერკვნენ, რისი რესურსი და შანსი აქვთ. ჩემი და არა მარტო ჩემი აზრით, კრემლს აქვს მხოლოდ ერთი სერიოზული შეტევის რესურსი. ამის მეტად მას აღარც ხალხის და აღარც სამხედრო აღჭურვილობის რესურსი აღარ ეყოფა. ფსიქოლოგიური რესურსიც განახევრებულია, რაც ეტყობა იმ პერიპეტიებს, რომელიც მოსკოვში ხდება. ვრცელდება ინფორმაცია სხვადასხვა თანამდებობიდან, მათ შორის სამხედრო პირთა გათავისუფლებისა და ზოგჯერ დაკავების თაობაზეც. იქ კლანების სასტიკი ომი დაიწყო, სწორედ იმიტომ, რომ სამხედრო მოქმედებების ხელმძღვანელობაში ერთმა ჯგუფმა ვერ გაამართლა და ახლა პირველის მოცილების ხარჯზე პროცესში მეორე ჯგუფი ჩაერთო. სულ გაქრა რადარებიდან გენშტაბის უფროსი გერასიმოვი, შინაპატიმრობაშია პუტინის ყოფილი თანაშემწე ვლადისლავ სურკოვი…

– ეს დაზუსტებით იცით?

– დიახ, ეს უკვე დანამდვილებით შეიძლება ითქვას. ასევე დააპატიმრეს რამდენიმე გენერალი, მათ შორის ეფ-ეს-ბეს მაღალჩინოსანი, რომელიც ერთხანს საქართველოს მიმართულებას კურირებდა და ძალიან ბევრი ცუდი რამ, რაც ჩვენთან მოხდა, ამ კაცის “დამსახურებაა”. ეს არის გენერალი ბესედა.

– როგორც ცნობილია, ის ომამდე რუსული კონტრდაზვერვის უკრაინულ მიმართულებას კურირებდა…

– დიახ… ერთი სიტყვით, რუსეთის ხელისუფლებაში მეტად რეზონანსული და საინტერესო ამბები ხდება… მაგალითად, დაზვერვაში არასწორად დახარჯული თანხების გამო დაიწყო გამოძიება. სხვათა შორის, კითხვები გაჩნდა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრ ინალ არძინბასთან. ის ცენტრალური ფიგურა არ იყო, მაგრამ სანამ აფხაზეთში ამ თანამდებობას დაიკავებდა, სურკოვის მოადგილე გახლდათ და დონეცკისა და ლუგანსკის მიმართულების სწორედ იმ საკითხებს კურირებდა, რასაც ე.წ. “რუსკი მირის” ფასეულობების დამკვიდრება ჰქვია ამ რეგიონებში. ამისთვის დიდძალი ფული დაიხარჯა, მათ შორის ქალაქ მარიუპოლშიც. მათი მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე პუტინი დარწმუნებული იყო, რომ უკრაინაში ყვავილებითა და დროშებით დახვდებოდნენ რუსულ არმიას. ასევე დააკავეს სხვადასხვა სამხედრო პირი და ეფ-ეს-ბეს ოფიცრები. შოიგუზე გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ინფარქტი აქვს და საქმეს ჩამოშორდაო, მაგრამ ასე არ არის. როგორც ვიცი, მან თავისი პოზიცია უფრო გაიმყარა. მოკლედ, რუსეთის ხელისუფლებაში დიდი ბრძოლა მიდის.

რაც შეეხება უკრაინას, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, მისი სამხედრო რესურსები ბოლო დროს ძალიან გაიზარდა. დასავლური ქვეყნებიდან არაერთი სახეობის იარაღი შევიდა, მათ შორის ანტისარაკეტო და ანტისაჰაერო სისტემები. უნდა ვთქვათ ისიც, რომ რუსეთის სამხედრო ავიაციაც ვეღარ არის იმ მდგომარეობაში, როგორიც ომის დაწყებამდე იყო. რუსეთმა სამხედრო ტექნიკის გაუგონარი ზარალი ნახა. მგონი, საბჭოთა არმიამ მეორე მსოფლიო ომის დროს უკან დახევისას რომ დაკარგა შეიარაღება, ალბათ, პროცენტულად იმას შეიძლება გავუტოლოთ ახლანდელი დანაკარგი, თან ლაპარაკია ძვირად ღირებულ შეიარაღებაზე. კრემლისთვის უდიდესი დანაკარგია სარაკეტო კრეისერ “მოსკვას” აფეთქება და ჩაძირვა.

– გარდა იმისა, რომ რუსეთმა მართლაც ფლაგმანი და მრავალმილიონიანი ხომალდი დაკარგა, მომხდარს აქვს დიდი სიმბოლური დატვირთვაც.

– გეთანხმებით. ნამდვილად სიმბოლური გამოდგა როგორც მისი სახელის გათვალისწინებით, ასევე კუნძულ ზმეინისთან მომხდარის გამოც, როდესაც სწორედ ეს გემი უკრაინელმა მესაზღვრემ სამ ასოზე გაუშვა.

შეგახსენებთ, ეს გემი 2008 წელს მონაწილეობდა საქართველოს წინააღმდეგ ომშიც და ამჟამადაც იგივე კაპიტანი ჰყავდა. როგორც ცნობილია, ის დაიღუპა. “მოსკვას” ჩაძირვა არ არის ჩვეულებრივი ამბავი და როგორც ამბობენ, 2 რაკეტა ამხელა კრეისერს, წესით, ვერ ჩაძირავდა. იქ კიდევ რაღაც მოხდა. ამიტომაც არის, ალბათ, რომ შავი ზღვის ფლოტის სარდალი უცებ გაქრა… სხვადასხვა ვერსია ვრცელდება, მათ შორის ისიც, რომ დააპატიმრეს, თუმცა დანამდვილებით თქმა ძნელია. ფაქტია, გემის დაღუპვამ კრემლში დიდი ბაკქანალია გამოიწვია. ამბობენ, როდესაც მისი დაზიანების ამბავი შეიტყვეს, მოსკოვიდან გაიგზავნა ბრძანება, რაც გინდათ, ის ქენით, ოღონდ ხომალდი გადაარჩინეთო. ამით აიხსნება ეკიპაჟის ამხელა დანაკარგი, გემი ამდენი ხნის განმავლობაში წყლის ზედაპირზე იყო, მაგრამ მაინც ამდენი ადამიანი დაიღუპა. ოფიციალური მოსკოვისთვის უმნიშვნელოვანესი იყო, რომ დაზიანებული გემი პორტამდე როგორმე მიეყვანათ, რაც ვერ მოახერხეს. ეს არის დიდი დარტყმა რუსეთის პრესტიჟსა და საზოგადოდ, მის სამხედრო-საზღვაო ძალებზე. გარდა ამისა, უკრაინელებმა თვითმფრინავები ჩამოუყარეს ისეთი, წესით, რომ ვერ უნდა ჩამოეყარათ.

– ბრძანეთ, რუსეთს ერთი დიდი შეტევის რესურსი აქვსო. ეს შეტევა რა მასშტაბის შეიძლება იყოს? უნდა ველოდოთ მწვავე საბრძოლო მოქმედებებს უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთით თუ ეს გასცდება მის ფარგლებს?

– ვფიქრობ, ჯერ შეტევას მიიტანენ დონეცკისა და ლუგანსკის მიმართულებებზე. უდავოა, უკრაინელებიც ემზადებიან კონტრშეტევებისთვის. ასე რომ, წინ მძიმე დღეები გველის – ეს ომი, სამწუხაროდ, მალე არ დასრულდება. რუსეთისთვის უმნიშვნელოვანესია, რომ გარკვეული წარმატების დემონსტრირება მოახდინოს. ეს მას შიდა მოხმარებისთვის სჭირდება. ვფიქრობ, რუსეთის მცირე წარმატების შემთხვევაშიც კი დაიწყება მოლაპარაკებების ახალი ციკლი. პუტინს წარმატება მოლაპარაკებაში მყარი პოზიციისთვისაც სჭირდება.

– ბოლო დროს ისევ გააქტიურდა ლაპარაკი ტაქტიკური ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენების საფრთხეზე…

– გააჩნია, როგორ წარიმართება ომი. პუტინი მარცხის შემთხვევაში განწირულია როგორც პოლიტიკურად, ისე პიროვნულად, რაც კარგად იცის. ამიტომაც ჩიხში მოქცეული რას იზამს, ძნელი სათქმელია, თან, როგორც ირკვევა, კრემლში კოლექტიური გადაწყვეტილებები აღარ მიიღება. ეს ქვეყანა კლასიკურ ტოტალიტარულ სახელმწიფოდ იქცა, ყველაფერს ერთი კაცი წყვეტს. მან მოშალა არაერთი ცენტრი, მაგალითად, გენშტაბი, ფაქტობრივად, აღარ ფუნქციონირებს. როგორც ამბობენ, მის ბრძანებებს აღარ ასრულებს მარიუპოლის ფრონტის მიმართულების ხელმძღვანელი. დვორნიკოვიც, რომელიც ახლა პუტინმა სამხედრო ოპერაციად წოდებული ომის სარდლად დანიშნა, არაფრად აგდებს არც გენშტაბს და არც არავის. მას მხოლოდ ორი ხელმძღვანელი ჰყავს: პუტინი და შოიგუ. მოკლედ, უკიდურესად დაძაბული ვითარებაა როგორც კრემლში, ისე არმიასა და ფრონტის ხაზზე. აქედან გამომდინარე ვარაუდობენ ექსპერტები, რომ უკიდურეს მდგომარეობაში ჩავარდნილმა პუტინმა შეიძლება ბირთვული იარაღის გამოყენებაზე იფიქროს, თუმცა, ჩემი აზრით, ამის შესაძლებლობა ძალიან მცირეა.

“კვირის პალიტრა”

Cesko