რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, რუსეთს შვედეთთან და ფინეთთან ტერიტორიული დავები არ აქვს, ამიტომ ნატოში მათი გაწევრიანების საკითხი, უკრაინისგან განსხვავებით, მოსკოვისთვის პრინციპული არაა.
„რამდენი ქვეყანა იქნება ნატოში – 30 თუ 32, საერთო ჯამში, ჩვენთვის ეს ისეთი მნიშვნელოვანი არაა. ორით მეტი ან ნაკლები – მათი მოსახლეობისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით ეს დიდი განსხვავება არაა. სხვა საკითხია, რომ ამ შემთხვევაში ნატოსთან რუსეთის სახმელეთო საზღვარი თითქმის ორჯერ გაიზრდება, და ბუნებრივია, რომ ამ საზღვრების გაძლიერება მოგვიწევს“, – განაცახდა მედვედევმა.
შვედეთი ნატოში შესაძლო გაწევრიანებაზე გადაწყვეტილებას მხოლოდ სიტუაციის სერიოზული ანალიზის შემდეგ მიიღებს, ფინეთში კი აცხადებენ, რომ ამ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად რამდენიმე კვირა დასჭირდებათ.